თბილისის "დინამო" სეზონის განახლებისთვის სრულფასოვან მზადებას იწყებს

AutoSharing Option
უკვე ვიუწყებოდით, რომ ქვეყნის ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა "დინამომ" მეორე ეტაპისათვის მზადება 8 იანვარს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო. თუმცა ძირითადი გუნდის ახალწვეულებიც და პირველ ეტაპზე მოასპარეზე ფეხბურთელებიც (ლეგიონერების გარდა) ჯერ მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ.

16 იანვრიდან კი "დინამოს" ყველა ლეგიონერი (ჩისკო, უსტარიცი, დორინ გოგა, პატრიკ ვუო, დარკო გლიშიჩი) უკვე თბილისში, თანაგუნდელებთან ერთად სრულფასოვან მზადებას დაიწყებს.

ორი დღის წინ "დინამოს" მთავარი გუნდის ფეხბურთელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბაზასთან არსებულ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

თბილისის "დინამოს"
მთავარი გუნდის ექიმის, დავით ხარაბაძის თქმით, უეფას სტანდარტების შესაბამისად, "დინამო" წელიწადში ორჯერ გადის მსგავსი ტიპის სამედიცინო შემოწმებას. კონკრეტულად კი, ეს ტესტები სამ ეტაპს მოიცავს: ფეხბურთელების ანთროპომეტრიულ კვლევას, შინაგანი ორგანოების ულტრასონოგრაფიასა და სტრეს-ტესტს (ანუ კარდიო-მონიტორინგს) დატვირთვაზე.

Sportall.Ge

* * *
მთავარ გუნდთან ერთად მზადებას შეუდგა პირველ ლიგაში მოასპარეზე "დინამო 2": გუნდი ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში პირველად 15 იანვარს შეიკრიბა.

2013/14 წლების სეზონის მეორე ეტაპისათვის "დინამო 2"-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება: ახალგაზრდა სპეციალისტი, 24 (!) წლის უჩა სოსიაშვილი, რომელიც პირველ ეტაპზე საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა "სამტრედიაში". სოსიაშვილს "დინამო 2"-ში თამაზ სამხარაძე და გიორგი მაკასარაშვილი დაეხმარებიან და გუნდი მზადების პირველ ეტაპს საქართველოში გაივლის.

Sportall.Ge

15 თებერვლიდან კი "დინამოს" მეორე გუნდი თურქულ ბელეკში გაემგზავრება, სადაც შეკრებაც ექნება და 4 სპარინგ-პარტნიორიც უკვე შერჩეულია: სავარაუდოდ, 17, 20, 24 და 26 თებერვალს "დინამო 2"-ის მეტოქეები იქნებიან რუსეთის გუნდები (მოსკოვის "ლოკომოტივის", "კრასნოდარისა" და "ზენიტის" სარეზერვო კლუბები და "კრასნოდარი 2"). "დინამო 2" საქართველოში 27 თებერვალს დაბრუნდება.

* * *
სეზონის განახლებისათვის ემზადება აგრეთვე "დინამოს" დუბლშემადგენლობის გუნდიც, რომლის მთავარი მწვრთნელიც ახლო წარსულში საქართველოს ნაკრებისა და "დინამოს" გამორჩეული მარჯვენა ნახევარმცველი კახა გოგიჩაიშვილი გახლავთ.

Sportall.Ge

გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით, "დინამოს" დუბლშემადგენლობამ წლეულს პირველი ვარჯიში 15 იანვარს ჩაატარა და წვრთნაში მონაწილეობა მიიღო "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის უფროსი ასაკობრივი გუნდის რამდენიმე მოთამაშემაც.

ამას გარდა, სინჯებზე იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრებიც.

დუბლების ჩემპიონატი, ისე, როგორც უმაღლესი ლიგის გათამაშება, თებერვლის ბოლოს განახლდება, მანამდე კი "დინამოს" დუბლშემადგენლობა აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირში (რომელიც ოცდამესამედ ტარდება) მიიღებს მონაწილეობას.

"დინამოს" დუბლშემადგენლობა ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩს 23 იანვარს "ვიტ ჯორჯიასთან" ჩაატარებს, 26 იანვარს - მარნეულის "ალგეთთან", 29 იანვარს - ბაქოს "ქარდაგთან", ხოლო 5 თებერვალს - თბილისის "საბურთალოსთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული