უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ქუთაისის "ტორპედო"

AutoSharing Option
პირველ ეტაპზე ყველაზე არაერთგვაროვანი და ყველაზე არაპროგნოზირებადი "ტორპედოს" ასპარეზობა იყო: შემადგენლობის რადიკალურად გაახალგაზრდავების გამო სეზონის დაწყებამდე გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვუწინასწარმეტყველეთ (რაზეც, თურმე, ქუთათურ ქომაგთა ნაწილი აღშფოთებულა), თუმცა მოვლენები აშკარად საპირისპიროდ განვითარდა და მეათე ტურამდე "ტორპედო" უკვე ფავორიტთა შორისაც მოიხსენიებოდა!

მაგრამ მართლაც მშვენიერ დასაწყისს ერთობ წარუმატებელი სერია მოჰყვა და საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და დიდი ისტორიის მქონე გუნდმა პირველი ეტაპი IX ადგილზე დაამთავრა.

იყო თუ არა ეს შედეგი ლოგიკური? რამდენიმე ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გათვალისწინებით, მაინც მიგვაჩნია, რომ საბოლოოდ
ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა! ყოველ შემთხვევაში, ვერ გაგვიხსენებია მსგავსი პრეცედენტი, როცა ამა თუ იმ გუნდის შემადგენლობის თითქმის 90 პროცენტით გაახალგაზრდავებას უმოკლეს დროში სასურველი შედეგი მოეტანოს.

არადა, არავინ უარყოფს, რომ სეზონის დაწყებამდე თბილისის "ლოკომოტივიდან" "ტორპედოში" გადასული 18-19 წლის ბიჭები ერთიმეორეზე პერსპექტიულები არიან; მაგრამ იმის საფუძვლიანი შიშიც გვქონდა, რომ ეს ნიჭიერი ბიჭები ჩვენი ჩემპიონატის "მარათონსა" თუ შემჭიდროებული გრაფიკით ასპარეზობისას ყველა მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებდნენ.

სამწუხაროდ, ასეც მოხდა: ასევე თბილისის "ლოკომოტივიდან" გადმოსული მთავარი მწვრთნელის, ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" მართლაც ჩინებული სტარტი აიღო და ცხრა ტურის შემდეგ არც ერთი წაგება არ ჰქონდა!

ერთ სიამოვნებად ღირდა ახალგაზრდა ტორპედოელების ლაღი და გააზრებული თამაშების ცქერა, მაგრამ X ტურის მერე სიტუაცია რადიკალურად და, რაც ყველაზე საწყენია, კატასტროფულად უკიდურესობისაკენ შეიცვალა!

ჰო, ჯერ იყო დრამატულზე-დრამატული მარცხი უპრინციპულეს მეტოქე "დინამოსთან", როცა რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა "ტორპედომ" გადამწყვეტი გოლი ბოლო წამებზე გაუშვა;

ამას მოჰყვა ზედიზედ... ოთხი მარცხი და მართალია, ოთხივე მატჩი ქუთათურთა საყვარელ გუნდს ერთიმეორეზე ძლიერ მეტოქეებთან ჰქონდა, "ტორპედოს" სატურნირო მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა: სულ ცოტა ხნის წინათ ლამის ჩემპიონობის კანდიდატად შერაცხილ გუნდს უკვე პირველი ექვსეულის დატოვების საფრთხე დაემუქრა...

"სპარტაკთან" ჩემპიონატში მოგებული მატჩი "მცირე გამონათებასავით" გამოდგა - "ტორპედომ" პირველი ეტაპის დარჩენილი სამივე მატჩი წააგო და ზამთრის პაუზასაც გუნდი... IX ადგილზე შეხვდა.

აქვე, გამოუცდელობის გარდა, სხვა ობიექტური მიზეზებიც უნდა ვახსენოთ: სეზონის დასაწყისში მძიმედ დაშავდა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ვაჟა ტაბატაძე, ძალიან ბევრი გაუცდა ნიჭიერ ფორვარდ ნიკა საბანაძეს, რომელსაც, წესითა და რიგით, გუნდის ლიდერობა უნდა ეტვირთა.

ამას გარდა, არცთუ სასურველი ეფექტი გამოიწვია ჟერარდ სარაგოსას მიერ განხორციელებულმა ხშირზე-ხშირმა როტაციამაც: ესპანელ სპეციალისტს თითქმის ყოველი წაგებული მატჩის მერე რადიკალური ცვლილებები შეჰქონდა ძირითად შემადგენლობაში და ამა თუ იმ ფეხბურთელსაც ხშირად უცვლიდა ამპლუას.

საბოლოოდ კი, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ყველა ვარაუდობდა: პირველი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ("ვიტ ჯორჯიასთან") ჟერარდ სარაგოსასთვის უკანასკნელი აღმოჩნდა "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის რანგში და ესპანელი სპეციალისტიც სამშობლოში გაემგზავრა.

Sportall.Ge

მეკარე
თითქმის სამწლიანი პაუზის მერე ძირითადი მეკარის სტატუსი კვლავ დაიბრუნა მაქსიმე ქვილითაიამ, რომელიც "ტორპედოში" ყველაზე ასაკოვანი გახლდათ პირველ ეტაპზე. 28 წლის ქვილითაია გუნდის კაპიტნის რანგშიც მოგვევლინა და მისი საიმედო თამაშის დამსახურებაც იყო ტორპედოელთა წარმატებული სტარტი.

სამწუხაროდ, პირველი ეტაპის დასკვნით ნაწილს, ისე, როგორც მთელ გუნდს, ქვილითაიასაც ვერ ჩავუთვლით აქტივში; თუმცა, ეს ფაქტი ამ მეკარის შესაძლებლობებს სულაც არ აკნინებს და ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მეორე ეტაპიდან ქვილითაია "ზუგდიდს" უნდა დაეხმაროს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში.

ჰო, ამჟამად "ტორპედოს" ახალი და, თანაც, როგორი მეკარე ჰყავს: ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი გოლკიპერი როინ კვასხვაძე თავის კარიერაში პირველად მოირგებს მშობლიური ქალაქის გუნდის მაისურას!

დაცვა
...IV ტურის მატჩის ("სპარტაკთან") დასაწყისში "ტორპედოს" ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ ვაჟა ტაბატაძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და, როგორც შემდგომ გაირკვა, ქუთაისელთა გუნდისათვის ეს უმძიმესი და აუნაზღაურებელი დანაკლისი აღმოჩნდა; 22 წლის ტაბატაძეს სხვადასხვა პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია ასპარეზობა, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც მარჯვენა მცველად უწევდა თამაში.

მის არყოფნაში, უფრო ხშირად ამ პოზიციაზე 19 წლის დავით მთივლიშვილი ასპარეზობდა, ან კიდევ - 18 წლის ნიკა ჭანტურია; თუმცა, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ნიკა ჭანტურია ცენტრალური მცველის პოზიციაზეა უფრო სასარგებლო.

რაც შეეხება დაცვის მარცხენა ფლანგს, აქ, ფაქტობრივად, ალტერნატივა არ ჰყავდა "ვიტ ჯორჯიადან" გადმოსულ 19 წლის დავით უბილავას.

ტრავმების გამო ყველა მატჩი ვერ ჩაატარა გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, 27 წლის ზაზა ჭელიძემ და მის არყოფნაში ერთ-ერთ ცენტრალურ მცველად საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრს, 19 წლის ნიკა სანდოხაძეს უწევდა თამაში.

აი, მეორე ცენტრალურ მცველზე კი მართლაც ცალკე უნდა ვისაუბროთ: მძიმე ტრავმებისგან გაწამებულ გიორგი ხიდეშელს ამ სეზონამდე, ფაქტობრივად, ორი წელიწადი არ ჰქონდა ნათამაშები და აი, თავის ახალ გუნდში მშვენიერი დაბრუნებაც მოიწყო!

25 წლის ტანმაღალი მცველი "ტორპედოს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და არც ის იყო შემთხვევითი, "ლელომ" პირველი ეტაპის "სიმბოლურ ნაკრებში" რომ შეიყვანა და არც ის ფაქტი, ამიერიდან ეს უნივერსალი ფეხბურთელი თბილისის "დინამოში" რომ აგრძელებს კარიერას.

ნახევარდაცვა
ჟერარდ სარაგოსა ხშირ შემთხვევაში ორი საყრდენი ნახევარმცველით ასპარეზობდა და ამ პოზიციაზე უკონკურენტო იყო ორი ახალგაზრდა: 19 წლის მათე ცინცაძე და 20 წლის მერაბ გიგაური; ხშირად უწევდა თამაში კიდევ ერთ პერსპექტიულ "საყრდენს", 18 წლის გიორგი გოროზიას.

აი, რაც შეეხება 26 წლის ნიკა ფირცხალავას, ამ გამოცდილ შუახაზელს ჟერარდ სარაგოსა ნაკლებად ენდობოდა; ისე, როგორც უდავოდ ნიჭიერ და ერთობ ტექნიკურ შემტევ ნახევარმცველს, 18 წლის ნიკა ახვლედიანს.

სამწუხაროდ, არაერთგვაროვანი იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ერთობ ფართო დიაპაზონის მქონე გამთამაშებლის, 21 წლის გიორგი კუხიანიძის ასპარეზობა პირველ ეტაპზე; არადა, ქუთაისელ ქომაგთა ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს აშკარად შეუძლია ბევრად უკეთ და ეფექტიანად თამაში...

Sportall.Ge

თავდასხმა
ზემოთ ჟერარდ სარაგოსას ხშირი როტაცია ვახსენეთ და ეს, განსაკუთრებით, თავდასხმის რგოლს ეხება.

ასე, მაგალითად, სხვადასხვა პოზიციაზე უწევდათ ასპარეზობა საკმაოდ პერსპექტიულ შემტევებს, 22 წლის ნიკა საბანაძესა და 20 წლის გიორგი ფანცულაიას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ ახალგაზრდა ფორვარდს წინა სეზონში ბევრად უფრო მეტი სათამაშო დროც ჰქონდა და, შესაბამისად, უფრო კარგადაც წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.

ასევე სხვადასხვა ამპლუაში ვხედავდით "ტორპედოს" ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ახალწვეულს, 21 წლის თორნიკე კაპანაძეს - ეს ტანმორჩილი ფორვარდი გიორგი ხიდეშელთან ერთად პირველ ეტაპზე გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც უნდა მივიჩნიოთ.

სხვათა შორის, ხიდეშელის მსგავსად, "ტორპედოში" გამოჩნდა ტრავმებისაგან გაწამებული კიდევ ერთი ჩინებული მონაცემების მქონე ცენტრფორვარდი, 25 წლის რევაზ ბარაბაძე.

რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრფორვარდს, 18 წლის რევაზ ჯიქიას, ამ ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებულ ერთობ პერსპექტიულ თავდამსხმელს (ისე, როგორც ერთობ ტექნიკურ შემტევს მამია გავაშელიშვილს), ძირითადში თამაში ნაკლებად უწევდა.

Sportall.Ge

საუკეთესო მატჩი
მეორე ტურში ახალგაზრდულმა "ტორპედომ" დრამატული მატჩის "შემობრუნება" შეძლო და იმერულ დერბიში სტუმრად აჯობა "ზესტაფონს"; ამას გარდა, უდავოდ, აქტივში უნდა ჩავუთვალოთ გუნდს "ვიტ ჯორჯიასთან" დიდი ანგარიშით მოგებული საშინაო შეხვედრაც;

თუმცა, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე "ტორპედოს" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი X ტურში, თბილისში ჩატარებული "ელ კლასიკო" იყო.

ჰო, წაგების მიუხედავად, ახალგაზრდულმა "ტორპედომ" მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა!

Sportall.Ge

ყველაზე ცუდი მატჩი
"დინამოსთან" დრამატულ მარცხს "ტორპედომ" რამდენიმე წაგება "მოაყოლა", სადაც ყველაზე სუსტად "დილასთან", "ზუგდიდთან" და "გურიასთან" გამოიყურებოდა.

აღარაფერს ვამბობთ პირველი ეტაპის ბოლო მატჩზე, როცა ასევე ახალგაზრდულმა "ვიტ ჯორჯიამ" ქუთაისელთა გუნდის კარში 5 უპასუხო ბურთი გაიტანა.

მიზანი
ზამთრის პაუზას "ტორპედო" ერთობ "უცნაურ" სატურნირო მდგომარეობაში შეხვდა: გუნდს გასავარდნ ზონასთან სოლიდური ჰანდიკაპი (8 ქულა) აშორებს და ვეჭვობთ, რომ დარჩენილ ოთხ ტურში ეს უპირატესობა გაიფლანგოს.

სამაგიეროდ, ფაქტობრივად, განახლებული (აბსოლუტურად ყველა რგოლში!) "ტორპედო" არცთუ ბევრით ჩამორჩება VI ადგილზე მყოფ "მეტალურგს" და მოვლენების "შესაფერისი სცენარით" განვითარების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ქუთაისელთა საყვარელმა გუნდმა ზეექვსეულშიც შეაღწიოს.

ჰო, ზამთრის პაუზის მერე, ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვიხილავთ: ცნობადი ახალწვეულებით, ხანგრძლივი პაუზის მერე მშობლიური ქალაქის გუნდის დირექტორად დაბრუნებული გია ხურციძით, ახალი პრეზიდენტით, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლით, გიორგი დემეტრაძით და, რაც მთავარია, ახალი მთავარი მწვრთნელით!

ჰო, რვაწლიანი პაუზის მერე მშობლიური ქალაქის გუნდის გაძღოლა ქართული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ და დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა მწვრთნელმა, რევაზ ძოძუაშვილმა ითავა!

Sportall.Ge

"ტორპედოს" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
18 მატჩი, 6 მოგება, 4 ფრე, 8 წაგება, ბურთები: 19-24, ადგილი-IX

I ტური. ტორპედო-მეტალურგი 1:1
II ტური. ზესტაფონი-ტორპედო 2:3
IV ტური. სპარტაკი-ტორპედო 0:1
V ტური. ტორპედო-გურია 1:0
III ტური. ტორპედო-დილა 0:0
VI ტური. ზუგდიდი-ტორპედო 0:0
VII ტური. ტორპედო-ვიტ ჯორჯია 4:1
VIII ტური. მერანი-ტორპედო 0:3
IX ტური. ტორპედო-სიონი 1:1
X ტური. დინამო-ტორპედო 2:1
XI ტური. ტორპედო-ჩიხურა 1:2
XII ტური. მეტალურგი-ტორპედო 2:1
XIII ტური. ტორპედო-ზესტაფონი 0:1
XIV ტური. დილა-ტორპედო 3:0
XV ტური. ტორპედო-სპარტაკი 1:0
XVI ტური. გურია-ტორპედო 2:0
XVII ტური. ტორპედო-ზუგდიდი 1:2
XVIII ტური. ვიტ ჯორჯია-ტორპედო 5:0

ვიტ ჯორჯია 2013/14
მეკარეები: მაქსიმე ქვილითაია 18 (-24 გოლი);
მცველები: დავით მთივლიშვილი - 17, დავით უბილავა - 16, გიორგი ხიდეშელი - 15 (2), ზაზა ჭელიძე - 14 (1), ნიკა სანდოხაძე - 11, გიორგი გაბაძე - 7, ნიკა ჭანტურია - 5, ვაჟა ტაბატაძე - 3, რევაზ ჩიტეიშვლი - 1;
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე - 16 (1), გიორგი კუხიანიძე - 15 (2), მერაბ გიგაური - 15 (1), გიორგი გოროზია  -14, ნიკა ფირცხალავა - 9, ალეკო მზევაშვილი - 7, ნიკა ახვლედიანი - 6, თეიმურაზ მარკოზაშვილი - 3;
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე - 17 (6), ნიკა საბანაძე - 13 (3), გიორგი ფანცულაია - 13 (1), დავით ჯიქია - 9, რევაზ ბარაბაძე - 5 (1), მამია გავაშელიშვილი - 3 (1).
მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა (I-XVIII ტური).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ბოლნისის "სიონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რუსთავის "მეტალურგი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზესტაფონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება. "ვიტ ჯორჯია"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კითხულობ შემადგელობას და გიხარია ერთიერთმანეთზე კარგი ბიჭებია. მათ ყველას შეუძლია კარგი ყურადღების ქვეშ გაიზარდონ დიდ ფეხბურთელებად, მაგრამ არა ასე მათზე ექსპერიმენტების ჩატარებით. არ ვიცი რომელი დაწესებულება უნდა ზრუნავდეს ან როგორ მათზე, მაგრამ ცხადია მათიასე უყურადღებოთ მიტოვება კიდევ დიდი ხანს დატოვებს საქართველოს დიდი ფეხბურთის გარეშე. სიტყვა სპეციალიტებზეა, რომ აღარ გამეორდეს მსგავსი, ახალგაზდა ფეხბურთელების ფსიქოლოგიურად დამღუპველი რამ.
gaiozi
16:32 17-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული