თუმცა ამჯერად ჩვენ ხომ პირველ ეტაპს მიმოვიხილავთ, რომელიც "ზესტაფონისათვის" აშკარად არაერთგვაროვანი გამოდგა. ეგ კი არა, ბოლო წლების ერთ-ერთ წარმატებულ ქართულ კლუბს (ჩემპიონატი V ადგილზე ქვემოთ რომ არ დაუსრულებია) წინასასეზონო სამზადისიც აშკარად ჩაუვარდა,
მაგრამ ამ ყველაფერს ობიექტური მიზეზები ჰქონდა: წინა სეზონი (2012/13 წლების ჩემპიონატი) "ზესტაფონის" ისტორიაში, უდავოდ, ყველაზე წარუმატებელი იყო; ამას ის მოჰყვა, რომ XXV ჩემპიონატის დაწყებამდე, ფაქტობრივად, თვე იყო დარჩენილი და ვერავინ იტყოდა, ითამაშებდა თუ არა საერთოდ გუნდი ამ სეზონში!
ყოველივე ამის მიუხედავად და იმის გამოც, რომ ახალი სეზონისათვის მზადება ფავორიტთაგან ყველაზე გვიან "ზესტაფონმა" დაიწყო, მაინც "გავბედეთ" და ჩემპიონატის დაწყების წინ აი, ასეთი ვარაუდი გამოვთქვით: "საპრიზო სამეულში მოსახვედრადაც იბრძოლებს და არ არის გამორიცხული, საჩემპიონო დავაშიც ჩაერიოს!"
არ დავმალავთ: ბევრისთვის ღიმილისმომგვრელი აღმოჩნდა ჩვენი ასეთი ვარაუდი, მით უფრო, სეზონის სტარტზე გუნდი ხომ ვერაფრით ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას.
არადა, რამდენიც გნებავთ, იმდენი შეხვედრა იყო პირველ ეტაპზე, "ზესტაფონი" მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობის გამო რომ კარგავდა ქულებს (ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით ხომ, საერთოდ, კონკურენტი არ ჰყავდა უმაღლეს ლიგაში);
ამას დაემატა უამრავი ახალწვეულის ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემაც, პლუს ფეხბურთელთა ასაკიც: უმაღლეს ლიგაში პირველ ეტაპზე "ზესტაფონზე" ახალგაზრდული შემადგენლობა მხოლოდ "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას" ჰყავდა.
...ერთი-ორი "გამონათების" მიუხედავად, რატკო დოსტანიჩის ხელმძღვანელობით, "ზესტაფონი" აშკარად არასტაბილურად ასპარეზობდა; ხოლო, როცა თასის მერვედფინალში იმერულმა გუნდმა შინ "სიონთან" წააგო და ამ გათამაშებას გამოეთიშა, სერბ სპეციალისტსაც კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.
ამის შემდეგ ერთი მატჩი გუნდმა ლევან ბაჯელიძისა და გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ჩაატარა, XII ტურიდან კი "ზესტაფონის" დამოძღვრა ისევ გია გეგუჩაძემ ითავა - კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა.
გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, "ზესტაფონის" თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდა და რამდენიმე პრინციპული მატჩის მოგების შემდეგ ლამის აუტსაიდერად ქცეული გუნდი ზედა ექვსეულში კი არა, პირველ სამეულში მოხვედრის რეალურ კანდიდატადაც იქცა!
ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ "ზესტაფონს" კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ამას გარდა, თასზეც აღარ ასპარეზობს, ანუ საგრძნობლად გაძლიერებული გუნდი მთელ ყურადღებას ჩემპიონატზე გადაიტანს და "დინამოსთან" სოლიდური ჩამორჩენის მიუხედავად, ვინ იცის, იქნებ საჩემპიონო რბოლაშიც ჩაერთოს...
მეკარე
ცოტა არ იყოს, წარმოუდგენლადაც მიგვაჩნია "ზესტაფონი" როინ კვასხვაძის გარეშე: ბოლო წლების საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ ხომ მთელი თავისი კარიერა სწორედ ამ კლუბში გაატარა. 24 წლის კვასხვაძე პირველ ეტაპზე გუნდის კაპიტანი გახლდათ და მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა.
ახლა კი, როგორც იცით, ეს ჩინებული რეაქციის მქონე მეკარე კარიერას სხვაგან გააგრძელებს. საკმაოდ პერსპექტიულია კვასხვაძის დუბლიორი, 21 წლის კახაბერ მეშველიანიც, რომელმაც პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.
დაცვა
სეზონის დაწყების წინ "ზესტაფონში" ბრაზილიელი ფეხბურთელი, 21 წლის რენე ფერეირა ჩაირიცხა, რომელმაც პირველ მატჩში (სტუმრად - "დინამოსთან") საყრდენ ნახევარმცველად იასპარეზა.
აი, იმის შემდეგ კი ამპლუა შეიცვალა და, როგორც გაირკვა, რატკო დოსტანიჩის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებული ყოფილა: ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფერეირამ ჩინებულად წარმოაჩინა თავი და "ლელოს" ვერსიით, "საუკეთესო ლეგიონერის" ნომინაციაში გამარჯვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატიც გახლავთ.
უფრო ხშირად ფერეირას მეწყვილე დაცვის ცენტრში 20 წლის თედორე გრიგალაშვილი გახლდათ, თუმცა ამ მართლაც პერსპექტიულ ფეხბურთელს რამდენიმე მატჩი გაუცდა და ასეთ შემთხვევებში ძირითადში 25 წლის გიორგი კაჭკაჭიშვილს ვხედავდით ხოლმე.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე კონკურენტი არ ჰყავდა 20 წლის თორნიკე გრიგალაშვილს; აი, მარცხნივ კი ხან გუნდის ახალწვეული და ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, 32 წლის ილია კანდელაკი ასპარეზობდა, ხან კიდევ - 20 წლის მალხაზ გაგოშიძე.
ნახევარდაცვა
არცთუ შორეულ წარსულში "ზესტაფონს" მართლაც რომ ერთიმეორეზე უკეთესი შუახაზელები ჰყავდა; თუმცა მიმდინარე სეზონში ამ რგოლში, ფაქტობრივად, მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭები თამაშობდნენ და მეტ-ნაკლებად არასტაბილური ასპარეზობაც, ალბათ, ამას უნდა დავაბრალოთ.
ამას გარდა, ყველაზე დიდი როტაცია სწორედ ამ რგოლში ხდებოდა და ფეხბურთელებსაც არცთუ იშვიათად უწევდათ პოზიციების შეცვლა. აი, მაგალითად, სხვადასხვა ამპლუაში ვხედავდით 24 წლის ლევან შარიქაძეს, 20 წლის ავთანდილ ენდელაძეს, 19 წლის გურამ სამუშიასა და 24 წლის ლევან კუტალიას; უშუალოდ სეზონის მსვლელობისას გუნდში მოვიდა გამოცდილი გარემარბი, 28 წლის სანდრო გურული; კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ნიგერიელმა საყრდენმა ნაემეკა აჯურუმ კი მყარად დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში.
გია გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა 22 წლის გიორგი ჭანკოტაძე - ამ ფეხბურთელს თამაშის წარმართვაც ეხერხება და გადამწყვეტი გოლების გატანაც.
"ზესტაფონის" შუახაზელთაგან კი საუკეთესოდ ვახტანგ ჭანტურიშვილი მიგვაჩნია - 20 წლის ნახევარმცველმა პირველი ეტაპი მართლაც ჩინებულად ჩაატარა და "ჩემპიონატის აღმოჩენის" ნომინანტადაც დავასახელეთ!
თავდასხმა
სეზონის დაწყებამდე "ზესტაფონის" შანსებს ერთობ მაღალ შეფასებას რომ ვაძლევდით, სწორედაც რომ გადახალისებული თავდასხმის ხაზში "თავმოყრილი" ფეხბურთელების შესაძლებლობებით ვხელმძღვანელობდით. თავად განსაჯეთ: "ზესტაფონში" დაბრუნდა 23 წლის ფორვარდი საბა ლომია, რომელიც წინა სეზონში "მერანში" იყო განათხოვრებული და 16 გოლი გაიტანა.
"ზესტაფონის" ქომაგები დიდ იმედებს ამყარებდნენ მეორე ახალწვეულ ფორვარდზეც: 21 წლის ირაკლი ქობალია, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ცენტრალურ თავდამსხმელად მიიჩნევა.
აღარაფერს ვამბობთ "ზესტაფონის" ერთ-ერთ ყველაზე "ხმაურიან" ახალწვეულზე - 32 წლის გიორგი ადამია ეროვნულ ჩემპიონატს ხანგრძლივზე-ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდა აზერბაიჯანიდან, სადაც ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი გახლდათ.
სამწუხაროდ, ადამიასაც და ქობალიასაც ტრავმების გამო ძალიან ბევრი გაუცდათ, საბა ლომიაც აშკარად გვიან "გაიხსნა" და ალბათ, ამასაც უნდა დავაბრალოთ "ზესტაფონის" დაბალი შედეგიანობა.
საუკეთესო მატჩი
წაგების მიუხედავად, ჩემპიონატის პირველ ტურში ("დინამოსთან") "ზესტაფონს" ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია; რატკო დოსტანიჩის ხელმძღვანელობით, გუნდმა კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, როცა საკუთარ მოედანზე "დილა" დაამარცხა.
გია გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ "ზესტაფონს" რამდენიმე კარგი მატჩი ჰქონდა, აი, თუგინდ "ტორპედოსთან" და "მეტალურგთან" მოგებული შეხვედრები გავიხსენოთ, რომლებიც სატურნირო თვალსაზრისითაც ერთობ მნიშვნელოვანი იყო.
ყველაზე ცუდი მატჩი
...ზემოთაც ვახსენეთ არცთუ შორეული წარსული და იმასაც გაგახსენებთ, რომ "ზესტაფონს" მთელი სეზონის განმავლობაში ხანდახან არ ჰქონდა ხოლმე 6 მარცხი; ანუ იმდენი, რაც გუნდს ამ სეზონში პირველ ეტაპზე დაუგროვდა...
მიზანი
გამოტოვებული მატჩი, პლუს დარჩენილი არცთუ ურიგო კალენდარი. ჩვენი აზრით, მართლაც სასწაული იქნება, საფუძვლიანად და "გემოვნებიანად" გაძლიერებული "ზესტაფონი" ზედა ექვსეულში რომ ვერ მოხვდეს.
ეგ კი არა, არავის გაუკვირდეს, მეორე ეტაპის დაწყებას გუნდი ერთობ კომფორტულ პოზიციაზეც რომ შეხვდეს. თანაც, გეგუჩაძისა და ერთიმეორეზე უკეთესი ახალწვეულების გარდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს: როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბი საბოლოოდ მაინც არ მიატოვა "ზესტაფონის" დამაარსებელმა და უცვლელმა პრეზიდენტმა ილია კოკაიამ!..
"ზესტაფონის" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
17 მატჩი, 7 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება, ბურთები - 19:15, ადგილი-VII
I ტური. დინამო-ზესტაფონი 2:1
II ტური. ზესტაფონი-ტორპედო 2:3
III ტური. მეტალურგი-ზესტაფონი 0:0
IV ტური. ჩიხურა-ზესტაფონი 1:0
V ტური. ზესტაფონი-დილა 2:0
VI ტური. სპარტაკი-ზესტაფონი 1:0
VII ტური. ზესტაფონი-გურია 1:0
VIII ტური. ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3
IX ტური. ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:1
X ტური. მერანი-ზესტაფონი 0:2
XI ტური. ზესტაფონი-სიონი 0:0
XII ტური. ზესტაფონი-დინამო 1:2
XIII ტური. ტორპედო-ზესტაფონი 0:1
XIV ტური. ზესტაფონი-მეტალურგი 2:1
XV ტური. ზესტაფონი-ჩიხურა 1:1
XVI ტური. დილა-ზესტაფონი 3:1
XVII ტური. ზესტ.-სპარტაკი გადაიდო
XVIII ტური. გურია-ზესტაფონი 0:1
ზესტაფონი 2013/14
მეკარეები: როინ კვასხვაძე - 16 (-15 გოლი), კახაბერ მეშველიანი - 1;
მცველები: რენე ფერეირა - 16, თორნიკე გრიგალაშვილი - 15, თედორე გრიგალაშვილი - 13, ილია კანდელაკი - 12, მალხაზ გაგოშიძე - 10, გიორგი კაჭკაჭიშვილი - 6 (1), ბორისლავ ტერზიჩი - 2;
ნახევარმცველები: ლევან შარიქაძე - 16 (2), ნაემეკა აჯურუ - 15, ვახტანგ ჭანტურიშვილი - 15 (3), ავთო ენდელაძე - 12 (1), სანდრო გურული - 11, მიხეილ სარდალიშვილი - 8, გიორგი ჭანკოტაძე - 7 (1), დავით რაჟამაშვილი - 2, ნოდარ კიკნაველიძე - 1;
თავდამსხმელები: საბა ლომია - 13 (4), ირაკლი ქობალია - 8 (4), გიორგი ადამია - 8 (2), ოთარ კვერნაძე - 3, მოხამედ რეკრუკი - 2.
მთავარი მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი (I-X ტური), ლევან ბაჯელიძე, გიორგი მიქაძე (XI ტური), გია გეგუჩაძე (XII-XVIII ტური)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ბოლნისის "სიონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რუსთავის "მეტალურგი"