უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ცხინვალის "სპარტაკი"

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში ერთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული "სპარტაკის" უმთავრესი მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო, თუმცა უნდა ვაღიაროთ: როცა სეზონის დაწყებამდე 12-ვე გუნდის შანსებზე ვსაუბრობდით, ვივარაუდეთ, რომ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, "სპარტაკს" ზედა ექვსეულში მოხვედრისათვისაც შეეძლო ბრძოლა.

როგორც მერე გაირკვა, აი, ამ პროგნოზში აშკარად შევცდით: დღესდღეობით "სპარტაკს" მხოლოდ და მხოლოდ მოკრძალებული მიზანი დარჩა...

..."სპარტაკმა", ფაქტობრივად, უპრობლემოდ გაიმარჯვა წინა სეზონში პირველი ლიგის გათამაშებაში; თუმცა, როგორც მერე გაირკვა, პირველ ლიგაში წარმატებული ასპარეზობა სულაც არ ნიშნავდა უმაღლეს ლიგაში ასევე ღირსეულად თამაშს და ამ დონეებს
შორის სხვაობას, სხვათა შორის, ხშირად უსვამდა ხაზს "სპარტაკის" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე.

სამწუხაროდ, ამ გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "სპარტაკს" ერთობ წარუმატებელი სტარტი ჰქონდა - ერთადერთი გუნდი იყო, ხუთი ტურის მერე ქულათა გრაფაში ნული რომ ეწერა!

ასეთი კოშმარული დასაწყისის უმთავრესი მიზეზი, რაღა თქმა უნდა, უმაღლესი ლიგისათვის არაშესაბამისი შემადგენლობა იყო: პირველ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა ძირითადი ბირთვი კი შენარჩუნდა, მაგრამ ორი-სამი ახალწვეულის დამატება აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა. ამას გარდა, არ გაამართლა რამდენიმე ფეხბურთელისათვის ამპლუების შეცვლამ, ისე, როგორც ახალწვეულებისგან არ იყო სასურველი ეფექტი საწყის ტურებში.

VI ტურში "ზესტაფონთან" საშინაო მატჩის დამატებული წუთები იწურებოდა, როცა "სპარტაკის" ახალგაზრდა შუახაზელმა კახა კაკაშვილმა ძალიან შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა, - ეს იყო გუნდის პირველი მოგება! თუმცა ეს ეპიზოდური "გამონათება" გამოდგა - გუნდმა ზედიზედ სამი თამაში წააგო.

ამას მოჰყვა უაღრესად დრამატულ პაექრობაში თასის გათამაშებიდან გამოვარდნა, როცა "სპარტაკი" პენალტების სერიაში დამარცხდა "ტორპედოსთან". აი, სწორედ ამის მერე მოხდა კიდეც საკადრო ცვლილება: "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა თბილისის "დინამოს", "ზესტაფონისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა კაჭარავა, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატს ხუთთვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

ჰოდა, ამ ცვლილებამ სასიკეთო შედეგიც გამოიღო: გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, პირველი ეტაპის მიწურულს კი ორ ძლიერ მეტოქესთან პაექრობაში 4 ქულა მოიპოვა და ერთი პირობა, ფაქტობრივად, განწირული "სპარტაკი" ამჟამად რეალურად ინარჩუნებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს.

მეკარე
ისე, როგორც წინა სეზონში, "სპარტაკის" ძირითად მეკარედ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გოლკიპერი, 21 წლის გიორგი ნადირაძე მიიჩნეოდა; თუმცა ამ სეზონში ნადირაძეს კონკურენტიც გამოუჩნდა - 24 წლის ლეგიონერი, რუსეთის მოქალაქე სოსლან ნანიევი.

დაცვა

ზემოთ ვლადიმერ ხაჩიძის ექსპერიმენტები ვახსენეთ და, ეს უპირველეს ყოვლისა, დაცვის ხაზს ეხებოდა.

ასე მაგალითად, რამდენიმე მატჩი იყო, როცა მარჯვენა მცველად... თეიმურაზ შონია ვიხილეთ, ცენტრალურ მცველად კი - ვარლამ კილასონია (უმცროსი); არადა, ორივე ეს ფეხბურთელი ამპლუით შუახაზელია და თავიანთ პოზიციებს მხოლოდ სეზონის შუაგულისკენ დაუბრუნდნენ.

ანუ დაცვის ხაზი მხოლოდ ამის მერე დასტაბილურდა და წინა სეზონის მსგავსად, მარჯვენა ფლანგზე უკვე შეუცვლელად ასპარეზობდა 25 წლის ლევან ჭაფოძე, დაცვის ცენტრში - 28 წლის ნიკა მგელაძისა და 23 წლის ლევან ქურდაძის "დუეტი".

აი, რაც შეეხება დაცვის მარცხენა ფლანგს, ამ პოზიციაზე ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ 20 წლის კონსტანტინე ხიზანეიშვილი და 22 წლის დავით მეგრელიშვილი.

ნახევარდაცვა

საერთო მოსაზრებითაც და ალბათ, მთავარი მწვრთნელის გათვლებითაც, გუნდის წარმატების საწინდარი სწორედ შუახაზელთა ეფექტიანი თამაში უნდა ყოფილიყო.

ამაში გარკვეული როლი კი თბილისის "დინამოდან" იჯარით გადმოყვანილ ფეხბურთელებს უნდა შეესრულებინათ, მაგრამ შედეგი არაერთგვაროვანი გამოდგა.

ასე, მაგალითად, "ზომაზე მეტი" წითელ-ყვითელი ბარათების მიღების (შესაბამისად - დისკვალიფიკაციის) გამო ბევრი გაუცდა 21 წლის უნივერსალ ფეხბურთელს, ნიკა კვეკვესკირს.

არადა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანს ბევრად უკეთ რომ შეუძლია თამაში, ყველამ ვიცით.

სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი ეტაპის დასკვნით ნაწილში "გაიხსნა" უდავოდ ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე.

ამ 23 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე მატჩი მართლაც ჩინებულად ჩაატარა და ლომის წილი შეიტანა იმ მოგებულ შეხვედრებში.

თავიანთ ამპლუებს "დაბრუნებული" ნახევარმცველებიც ჩვეულ დონეზე ათამაშდნენ და ეს არც იყო გასაკვირი - 23 წლის თეიმურაზ შონია და 21 წლის ვარლამ კილასონია ხომ გუნდის საკვანძო მოთამაშეები იყვნენ.

თავდაპირველად, მუდამ ძირითადში ვხედავდით 20 წლის საყრდენს, უჩა ბურძენაძეს, თუმცა მერე შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

ურიგოდ არ უთამაშია 22 წლის მარჯვენა გარემარბს, თორნიკე თუხარელს, რომელმაც 2 გოლი გაიტანა (ერთიც, რუსთავში, "მეტალურგის" კარში გატანილი კი მართლაც აბსურდული მიზეზით გაუუქმეს). ხშირად არ უწევდა მოედანზე გამოსვლა 20 წლის კახა კაკაშვილს, თუმცა სწორედ მისი შორეული გოლის წყალობით მოიპოვა "სპარტაკმა" პირველი გამარჯვება.

ერთობ პერსპექტიულია 18 წლის თამაზ მაქაცარია, თუმცა ჯერ გამოცდილება აკლია. "სპარტაკი" ხშირად მიმართავდა როტაციას და გარემარბების პოზიციაზე უწევდათ თამაში 21 წლის შემტევებს, ლაშა ქემუხტაშვილსა და ლაშა ჩაფიძეს. ისე, ამ უკანასკნელსაც რამდენიმე მატჩი გაუცდა დისკვალიფიკაციის გამო...

თავდასხმა
ის ფაქტი, რომ "სპარტაკი" ამ სეზონის ერთ-ერთი აუტსაიდერია, ამ გუნდის ფორვარდების დაბალი შედეგიანობითაც იყო გამოწვეული. თავად განსაჯეთ: ამპლუით ცენტრფორვარდმა, 24 წლის ვახტანგ ფანცხავამ 13 მატჩში (თუმცა ყველა შეხვედრა ძირითადში არ გაუტარებია) ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა.

აი, რაც შეეხება ბოლო წლების "სპარტაკის" უპირველეს ბომბარდირს, 28 წლის ზვიად მეტრეველმა მხოლოდ ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე მატჩების უმრავლესობა მეტრეველმა არა გამოკვეთილ ცენტრფორვარდად, არამედ სხვა პოზიციაზე ჩაატარა.

მხოლოდ პირველი ეტაპის მიწურულს დაუბრუნდა გუნდს 20 წლის დავით გელაშვილი.

ახალგაზრდა ფორვარდი წინა სეზონში "სპარტაკის" ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო (ზვიად მეტრეველთან ერთად), თუმცა მძიმე ტრავმის გამო, ფაქტობრივად, წელიწადი გაუცდა.

საუკეთესო მატჩი
პირველ ეტაპზე "სპარტაკმა" მხოლოდ 4 მატჩი მოიგო და, წესითა და რიგით, საუკეთესო შეხვედრა სწორედ ამ შეხვედრებში უნდა "გვეძებნა"; თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იგივე "ზესტაფონთან" გამარჯვება მთლად კანონზომიერი არ იყო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "მერანთან" და, განსაკუთრებით, "ვიტ ჯორჯიასთან" მოგებულ შეხვედრებში - ორივე შემთხვევაში "სპარტაკმა" დამსახურებულად გაიმარჯვა.

ყველაზე ცუდი მატჩი
ასეთი პირველ ეტაპზე ბევრი იყო, თუმცა ყველაზე სუსტად გუნდმა მაინც "დინამოსთან" მეორე წრის შეხვედრაში ითამაშა, როცა საკუთარ კარში ოთხი გოლი მიიღო. სხვათა შორის, იმ შეხვედრაში კახა კაჭარავამ რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება და მათაც ეს შანსი ვერ გამოიყენეს.

მიზანი
იმის მიუხედავად, რომ "სპარტაკს" კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით მეტი აქვს ჩასატარებელი, ყველამ ვიცით, რა უნდა იყოს ამ გუნდის პროგრამა-მაქსიმუმიც და პროგრამა-მინიმუმიც! მოკლედ, კახა კაჭარავას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, "სპარტაკმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება "სპარტაკის" აქტიურობა სატრანსფერო ბაზარზე - პირველ ეტაპზე არსებული შემადგენლობით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ხომ ძალიან გაძნელდება!

სპარტაკის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე

I ეტაპი: 17 მატჩი, 4 მოგება, 2 ფრე, 11 წაგება, ბურთები: 13-24, ადგილი - X
I ტური. მერანი-სპარტაკი 2:1
II ტური. სპარტაკი-სიონი 0:2
IV ტური. სპარტაკი-ტორპედო 0:1
V ტური. მეტალურგი-სპარტაკი 1:0
III ტური. დინამო-სპარტაკი 2:0
VI ტური. სპარტაკი-ზესტაფონი 1:0
VII ტური. დილა-სპარტაკი 3:1
VIII ტური. ჩიხურა-სპარტაკი 2:1
IX ტური. სპარტაკი-გურია 0:1
X ტური. ზუგდიდი-სპარტაკი 1:1
XI ტური. სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 3:1
XII ტური. სპარტაკი-მერანი 1:0
XIII ტური. სიონი-სპარტაკი 3:2
XIV ტური. სპარტაკი-დინამო 0:4
XV ტური. ტორპედო-სპარტაკი 1:0
XVI ტური. სპარტაკი-მეტალურგი 2:0
XVII ტური. ზესტაფ.-სპარტ. გადაიდო
XVIII ტური. სპარტაკი-დილა 0:0

"სპარტაკი" 2013/14
მეკარეები: გიორგი ნადირაძე - 11 (-14 გოლი), სოსლან ნანიევი - 6 (-10 გოლი);
მცველები: ლევან ჭაფოძე - 15, ლევან ქურდაძე - 14, ნიკა მგელაძე - 13, კონსტანტინე ხიზანეიშვილი - 11 (1), დავით მეგრელიშვილი - 7, ლევან თვალავაძე - 1.
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია - 15 (1), ვარლამ კილასონია - 15, გიორგი თექთურმანიძე - 14 (1), თორნიკე თუხარელი - 13 (2), ნიკა კვეკვესკირი - 11 (1), უჩა ბურძენაძე - 11(1), თამაზ მაქაცარია - 9, კახა კაკაშვილი - 8 (1), გიორგი ცერცვაძე - 3, არტურ გაძაოვი - 3, გიორგი ნარიმანიძე - 2, დავით ნანიევი - 1.
თავდამსხმელები: ზვიად მეტრეველი - 16 (1), ვახტანგ ფანცხავა - 13, ლაშა ჩაფიძე - 13 (2), ლაშა კემუხტაშვილი - 6, დავით გელაშვილი - 2 (1).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე (I-X ტური), კახა კაჭარავა (XI-XVIII ტური)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ბოლნისის "სიონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რუსთავის "მეტალურგი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზესტაფონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება. "ვიტ ჯორჯია"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ქუთაისის "ტორპედო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული