ახალი "მეტალურგი" - რუსთაველები თურქულ შეკრებაზე მიემგზავრებიან

AutoSharing Option
რუსთაველ გულშემატკივართა გასახარად, "მეტალურგი" კვლავაც რჩება ამბიციურ გუნდად და პირველ ეტაპთან შედარებით მკვეთრად შემცირებული (სამჯერ ნაკლები) ბიუჯეტის მიუხედავად, გუნდს არც საწვრთნელი პროცესი შეუწყვეტია, რამდენიმე ახალწვეულიც დაიმატა და, რაც მთავარია, 1-ლი თებერვლიდან უცხოური შეკრებაც დაეწყება!

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას გარდა, "მეტალურგიდან" 15 (!) ფეხბურთელი წავიდა: ლუკა რაზმაძე, სერგი ორბელაძე, გიორგი ბერიაშვილი, ლევან კორღალიძე, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, გურამ გურეშიძე, რევაზ გეწაძე, დავით კირკიტაძე, გიორგი გავაშელიშვილი, გოგა ფიფია, ბექა ტუღუში, ირაკლი სიხარულიძე, ლაშა ჯაფარიძე და ანზორ სუხიაშვილი.

არ არის გამორიცხული, რომ ამ სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატოს: ნახევარმცველის, გიორგი ვასაძის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ასეთი სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, "მეტალურგის" დირექტორი ზაზა დოლიძე და ახალი მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია უიმედოდ მაინც არ არიან და გუნდის ერთგულ ქომაგებს ჰპირდებიან, რომ არც ხელწამოსაკრავი გუნდი ეყოლებათ და ჩემპიონატსა თუ თასზეც მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძოლებენ.

"მეტალურგმა" მზადება 10 იანვარს რუსთავში დაიწყო, "ბენდელას თასზე" ჩატარებულ მატჩებში კი ვარლამ კილასონიას პოტენციურ ახალწვეულთა საქმეში ნახვა უწევდა. ამასობაში რამდენიმე ფეხბურთელმა თვითონ გამოთქვა "მეტალურგში" ასპარეზობის სურვილი და ასე, ნელ-ნელა, გუნდის კონტურებიც გამოჩნდა.

"მეტალურგი" თურქულ შეკრებაზე 1-ელ თებერვალს 22 ფეხბურთელით მიემგზავრება: მეკარეები - გრიგოლ ბედიაშვილი, კოკა სეფიაშვილი; მცველები - მიხეილ მახვილაძე, გიორგი სეთურიძე, არჩილ ტვილდიანი, ვარლამ კილასონია (უმცროსი), თედო კაკულია, დავით საჯაია, შალვა ექვთიმიშვილი, დაჩი ცნობილაძე, დავით ლომაია; ნახევარმცველები - დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, მერაბ გიგაური, გიორგი მიქაბერიძე, კახა კაკაშვილი, ირაკლი გოგინაშვილი, ივანე ხაბელაშვილი, გიორგი კილასონია; თავდამსხმელები: ბესიკ ჩიმაკაძე, გიორგი ჩირგაძე, მამუკა ტორონჯაძე.

ამ შემადგენლობიდან მხოლოდ 8 ფეხბურთელია, პირველ ეტაპზეც "მეტალურგში" რომ ასპარეზობდა: გრიგოლ ბედიაშვილი, კოკა სეფიაშვილი, მიხეილ მახვილაძე, თედო კაკულია, დავით საჯაია, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ჩირგაძე.

თუმცა ამათგან მხოლოდ სამ-ოთხ მოთამაშეს თუ უწევდა მოედანზე ხშირად გამოსვლა.

რაც შეეხება ახალწვეულებს, ასეთი "მეტალურგში" 9 ფეხბურთელია: თბილისის "დინამოს" ყოფილი მოთამაშეები, გიორგი მიქაბერიძე და გიორგი სეთურიძე რუსთავის გუნდს გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდნენ; ასევე "დინამოდან", ოღონდ იჯარით გადმოვიდა პერსპექტიული ახალგაზრდა მცველი არჩილ ტვილდიანი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი მერაბ გიგაური - "ტორპედოდან", მამუკა ტორონჯაძე - "გურიადან", ბესიკ ჩიმაკაძე - ბათუმის "დინამოდან", დავით ლომაია - თბილისის "სასკოდან", ხოლო ვარლამ კილასონიამ (უმცროსმა) და აკაკი კაკაშვილმა მშობლიური ქალაქის გუნდს ცხინვალის "სპარტაკიდან" მიაშურეს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპთან შედარებით, "მეტალურგის" შემადგენლობა მკვეთრად გაახალგაზრდავდა: თურქეთში წამსვლელ ფეხბურთელთა ზუსტად ნახევარი ხომ 21-წლამდელი მოთამაშეები არიან! ისიც უნდა ითქვას, რომ დავით საჯაია, თედო კაკულია, ირაკლი გოგინაშვილი, შალვა ექვთიმიშვილი და ივანე ხაბელაშვილი "მეტალურგის" დუბლშემადგენლობიდან დაწინაურდნენ, 17 წლის გიორგი კილასონია კი - სულაც ჭაბუკთა ლიგიდან!

სხვათა შორის, ვიდრე "მეტალურგის" ძირითად გუნდს ჩაიბარებდა, ვარლამ კილასონია საკმაოდ წარმატებით მუშაობდა დუბლშემადგენლობასთანაც და ჭაბუკთა ლიგაშიც: მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე ამ ორივე გუნდმა პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც რუსთაველ გულშემატკივრებს უსათუოდ გაახარებთ: მთავარი მწვრთნელისა და მეკარეების მწვრთნელის (სანდრო კოროშინაძე) გარდა, დღესდღეობით "მეტალურგში" ამ ქალაქის საფეხბურთო სკოლების მიერ აღზრდილი 5 ფეხბურთელი (გრიგოლ ბედიაშვილი, გიორგი ქავთარაძე, ვარლამ კილასონია (უმცროსი), კახა კაკაშვილი, გიორგი კილასონია) ირიცხება.

ამათ გარდა, არ არის გამორიცხული, რომ მეორე ეტაპიდან ეს რიცხვი გაიზარდოს - ყოველ შემთხვევაში, "მეტალურგის" დუბლშემადგენლობიდან კვლავაც უნდა ველოდოთ პერსპექტიული ახალგაზრდების დაწინაურებას.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის მერე "მეტალურგი" VI ადგილზე იმყოფება და რეალური შანსიც აქვს, ზედა ექვსეულში რომ მოხვდეს: ვარლამ კილასონიას გუნდმა ორ უშუალო კონკურენტს, "ვიტ ჯორჯიასა" და "სიონს" რუსთავში უნდა უმასპინძლოს, სტუმრად კი "მერანთან" და "დინამოსთან" მოუწევს დაპირისპირება.

2014 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი "მეტალურგი" 22 თებერვალს ჩაატარებს: საქართველოს თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

ჰოდა, სწორედ ამ მატჩებისათვის მზადებას ემსახურება გუნდის თურქული შეკრებაც, სადაც რუსთაველთა გუნდი ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს 6 თებერვალს - რუმინულ "ტარგუ მურეშთან", 9 თებერვალს - თურქმენეთის ნაკრებთან, კიდევ ორი სპარინგ-პარტნიორის ვინაობა (ეს შეხვედრები 3 და 12 თებერვალს არის დაგეგმილი) კი ადგილზე გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არარი ეს აკაკი კახა კაკასჰვილია რიტ ვერ გაიგეტ
lasha
13:54 31-01-2014
0

სიახლეები პოპულარული