ნუ ჩამოგვწერთ! - რუსთავის "მეტალურგში" ახალწვეულები წარადგინეს

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი" თურქეთშია და ვარლამ კილასონიას გუნდს 4 თებერვალს პირველი საკონტროლო მატჩიც ელოდება ორენბურგის "გაზოვიკთან".

"მეტალურგის" მეტოქე ამჟამად რუსეთის პირველ ლიგაში გამოდის და ამ გუნდის შემადგენლობაში მახაჭყალის "ანჟის", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი ასპარეზობს.

თურქეთში გამგზავრებამდე კი "მეტალურგმა" თავისი ახალწვეულები წარადგინა და მუდმივნომრიანი მაისურები გადასცა.

რუსთავურმა კლუბმა ქართულ სპორტულ მედიას "ფოლადის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში უმასპინძლა და ახალწვეულების წარდგენამდე გუნდის დირექტორმა
ზაზა დოლიძემ
და მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ მოკლედ მიმოიხილეს გუნდში არსებული სიტუაცია.

ზაზა დოლიძე:
"პირველ ეტაპთან შედარებით, გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდა; უპირველეს ყოვლისა, ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს, ადგილობრივი და გამოცდილი სპეციალისტი ვარლამ კილასონია, რომელსაც რუსთავში ყველა პატივს სცემს და აფასებს.

საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში არსებული პრობლემებიც წარსულს ჩაბარდა: კვლავაც გვერდში გვიდგას ჩვენი მთავარი დამფინანსებელი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა; ქალაქის მერიაც და საკრებულოც მაქსიმალურ ხელშეწყობას გვპირდებიან და იმის იმედიც მაქვს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდანაც მივიღებთ დახმარებას.

შესაძლოა, ბევრმა ჩამოგვწერა კიდეც, მაგრამ ამ, ფაქტობრივად, ახალ გუნდს მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი მიზნები ექნება როგორც ჩემპიონატში, ასევე - თასის გათამაშებაშიც.

ძალიან მიხარია, რომ დუბლშემადგენლობიდან რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა მთავარ გუნდში და "მეტალურგი" მეორე ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი იქნება"
.

ვარლამ კილასონია:
"გუნდიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, თუმცა ბევრიც დავიმატეთ. მზადება 10 იანვარს დავიწყეთ, ახლა კი თურქეთში მივემგზავრებით და ოთხ საკონტროლო მატჩსაც ჩავატარებთ. იმის მიუხედავად, რომ გუნდში უამრავი ახალწვეულია, მიზანი უცვლელი რჩება - ყველა ღონეს ვიხმართ ზედა ექვსეულში მოსახვედრად!

ამას გარდა, მთელი სერიოზულობით მივუდგებით თასის გათამაშებასაც; კარგად ვიცით, თუ როგორი სერიოზული მეტოქე (თბილისის "დინამო" - რედ.) გვეყოლება მეოთხედფინალში, მაგრამ უბრძოლველად არაფერს დავთმობთ. მიმაჩნია, რომ ურიგო შემადგენლობა არ გვეყოლება და ფეხბურთელებსაც მშვენიერი შანსი ეძლევათ, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ.

თურქეთში 22 ფეხბურთელით მივდივართ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც რუსთავში დარჩებიან და დუბლშემადგენლობასთან ერთად გააგრძელებენ მომზადებას. მონდომებას კი არავის დავუკარგავთ და თავის გამოჩენის შანსს ყველას მივცემთ".


ამის შემდეგ "მეტალურგის" დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა ახალწვეულებს მუდმივნომრიანი მაისურები გადასცეს.

Sportall.Ge

გუნდის 12 ახალწვეული ამიერიდან შემდეგი ნომრებით იასპარეზებს:

25 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძე - 11, 28 წლის მარჯვენა მცველი გიორგი სეთურიძე - 77, 28 წლის დავით ლომაია - 14, 21 წლის ნახევარმცველი (მცველი) ვარლამ კილასონია (უმცროსი) - 88, 25 წლის ცენტრფორვარდი ბესიკ ჩიმაკაძე - 24, 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური - 17, 18 წლის ნახევარმცველი გიორგი კილასონია - 13, 20 წლის ნახევარმცველი კახაბერ კაკაშვილი - 8, 27 წლის ფორვარდი მამუკა ტორონჯაძე - 27, 21 წლის მარჯვენა მცველი არჩილ ტვილდიანი - 99, 20 წლის ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძე - 15, 18 წლის თავდამსხმელი ბექა ოქროპირიძე - 33.

"გაზოვიკის" შემდეგ "მეტალურგი" მომდევნო საკონტროლო მატჩს 6 თებერვალს ჩაატარებს თურქმენეთის ნაკრებთან, 9 თებერვალს რუმინელ "ტირგუ მურეშს" დაუპირისპირდება, 12 თებერვალს დანიშნული ბოლო სპარინგის მეტოქის ვინაობა კი ადგილზე გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული