ლანჩხუთის "გურია": ახალი მოთამაშე, მეკარეთა მწვრთნელი და ტექნიკური დირექტორი

AutoSharing Option
ფოტოზე: გია გილიგაშვილი

ლანჩხუთის "გურია" სეზონის განახლებისთვის ემზადება. კლუბის პრეს-ატაშე ლევან გიორგაძემ რამდენიმე საინტერესო ამბავი გვითხრა: გუნდს მეკარეთა ახალი მწვრთნელი ჰყავს - გია გოგუა, რომელიც "გურიაში" სამი წლის (1996-99) განმავლობაში გამოდიოდა და 40 თამაში ჩაატარა.

ამას გარდა, ლანჩხუთელებმა სინჯებზე მიიწვიეს შემტევი ნახევარმცველი ნუგზარ კვირტია. 29 წლის ფეხბურთელი საქართველოშია დაბადებული, თუმცა რუსეთის მოქალაქეა და მხოლოდ იქაურ და აზერბაიჯანულ კლუბებში უთამაშია. პირველი პროფესიული კონტრაქტი მან 2002 წელს რუსულ კლუბ "ხიმკისთან" გააფორმა, სადაც 4 წლის განმავლობაში თამაშობდა.

ბოლო პერიოდში კვირტია გიორგი ჩიხრაძესთან ზაქათალის
"სიმურგში" ვარჯიშობდა. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ აზერბაიჯანული გამოცემა "ექსტრატაიმი" მას ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოასპარეზე ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ქართველს უწოდებდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ შარშან გორის "დილაში" სინჯებისას დაიწუნეს.

9 თებერვალს მან ქუთაისის "ტორპედოსთან" ამხანაგურ მატჩში პირველად მოირგო "გურიას" ფორმა.

"გურიას" ახალი ტექნიკური დირექტორიც ჰყავს - წარსულში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გია გილიგაშვილი, 1986 წლის ტრიუმფალური "გურიას" მცველი, თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის წევრი (1976). ლანჩხუთის "გურიაში" კარიერა 1980 წლიდან გააგრძელა და მის შემადგენლობაში 103 მატჩი (4 გოლი) ჩაატარა.

სხვათა შორის, 1990 წელს გილიგაშვილი საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის დაარსების ინიციატორებშიც გახლდათ.

ამასობაში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ასოციაცია "ატუ" და "ქართუ ჯგუფის" საქველმოქმედო ფონდი სამუშაოებს აგრძელებს. მთავრდება ელექტროგაყვანილობის სისტემის შეცვლა, წყლისა და გათბობის ახალი სისტემების დამონტაჟება, ხოლო აღმოსავლეთ ტრიბუნაზე - ლოჟის კეთილმოწყობა.

გეგმის მიხედვით, "გურიას" ცენტრალურ სტადიონზე სამუშაოები თვის ბოლოს უნდა დამთავრდეს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლანჩხუთელები საგაზაფხულო ეტაპის პირველ საშინაო შეხვედრაში (2 მარტი) ცხინვალის "სპარტაკს" სწორედ "ევგრაფი შევარდნაძეზე" უმასპინძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სტადიონზე განათება არ კეთდება??? მინდორი როგორ არის ?
tadei
15:21 18-02-2014
0
რიტ ვეგარ დამტავრდა
zaza
12:58 10-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული