დინამო-სიონი 1:2 - საოცრებანი "დინამო არენაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
...შემთხვევით, შესაძლოა, სამი-ოთხი მატჩი ჩაატარო წაუგებლად, მაგრამ, როცა გუნდის დაუმარცხებელი სერია თერთმეტამდე ავა, ესე იგი, კანონზომიერად უნდა აღიაროს ყველამ!

ჰო, "სიონის" მორიგ წარმატებაზე ვსაუბრობთ: დებიუტანტი-მწვრთნელის, ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბოლნისელთა გუნდმა 26 თებერვალს შეძლო და თბილისის "დინამოს" სტუმრად მოუგო!

თანაც, ზემოთ ხსენებული წაუგებელი სერიისა არ იყოს, 26 თებერვალს "სიონის" გამარჯვებაც ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევითი: ბოლნისელებმა სწორი (ანუ თავიანთთვის სასურველ შედეგზე გათვლილი) ტაქტიკა დაუპირისპირეს წყვილის უპირობო ფავორიტ მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მეორედ შეძლეს "დინამოსთან"... თბილისში გამარჯვება;

ოღონდ ისიც აუცილებლად აღსანიშნავია,
რომ "დინამო-არენაზე" ეს პირველად მოახერხეს...

Sportall.Ge...ორივე გუნდმა ოთხი დღის წინ სათასო მატჩი ჩაატარა და იმ შეხვედრებთან შედარებით "დინამოს" ძირითადში თუ ერთადერთი ცვლილება იყო (გიორგი პაპავამ დაიკავა მათე ცინცაძის ადგილი), აი, "სიონში" დისკვალიფიკაციამოხდილი რევაზ ქემოკლიძე და დაჩი ფოფხაძე დაუბრუნდნენ ძირითადს, ხოლო გიორგი ცხადაიამ და გიორგი ადამიამ, შესაბამისად, გიორგი განუგრავასა და ჯაბა უგულავას ადგილები დაიკავეს.

საერთოდაც, "სიონის" თავკაცმა ერთობ პრაგმატული ტაქტიკა დაუპირისპირა ფავორიტ მასპინძელს: ხუთკაციანი დაცვის წინ ორი საყრდენი, შეტევაზე ორიენტირებული ორი გარემარბი და წინ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოქმედი გიორგი კახელიშვილი.

საწყისი წუთები თანაბარი კი იყო, თუმცა ისიც ნათლად ჩანდა, რომ უშეღავათო ბრძოლის მოწმენი უნდა გავმხდარიყავით და ასეც მოხდა.

"სიონის" ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობდნენ მასპინძელთათვის სივრცეების შეზღუდვას და, ამასთან, არც სწრაფ კონტრშეტევებს ივიწყებდნენ.

ამის მიუხედავად, შეხვედრის პირველი სახიფათო (თანაც, როგორი!) მომენტი "დინამომ" შექმნა: ჩისკომ საშუალო მანძილიდან უცნაური ტრაექტორიით დაარტყა, მირზა მერლანმა ბურთი უხერხულად მოიგერია და, ფაქტობრივად, ცარიელი კარის წინ დარჩენილ დორინ გოგასაც ბურთი ჩარჩოში" უნდა მოეხვედრებინა, მაგრამ რუმინელ ლეგიონერს მიზანმა უმტყუნა!

აი, "სიონის" საპასუხო "ჩხვლეტა" კი, ცოტა არ იყოს, საკამათო ეპიზოდით დამთავრდა; ყოველ შემთხვევაში, ტრიბუნიდან ნამდვილად არ ჩანდა, გადაკვეთა თუ არა ბურთმა "დინამოს" კარის ხაზი;

ყველაფერი კი ლაშა თოთაძის შორეული საჯარიმო დარტყმით დაიწყო, კოლეგის მსგავსად, ომარ მიგინეიშვილმაც უხერხულად რომ მოიგერია და "დამატებულზე" ჯერ ვალერი აბრამიძემ გაარტყა ბურთი ხარიხას, მერე კი ზვიად ლობჯანიძის ახლო მანძილიდან დარტყმაც ვნახეთ, ოღონდ იყო თუ არა გოლი, მართლაც ძნელი სათქმელია...

...ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ "დინამოს" პირველ ტაიმშივე გაეხსნა ანგარიში: ხუთწუთიან ინტერვალში გიორგი მერებაშვილმა ზედიზედ სამ ეპიზოდში ჩინებული ფლანგური გარღვევები განახორციელა, მაგრამ პირველ ჯერზე თუ "სიონის" გამოცდილმა მცველებმა განმუხტეს სიტუაცია, დანარჩენ ორ შემთხვევაში არანაკლებ ჩინებულად მირზა მერლანი გაისარჯა.

კურიოზი და ფეირ პლეი
... მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, "დინამოს" კვლავაც მიეცა გოლის გატანის ჩინებული შანსი: კუთხურის შემდეგ გიორგი გველესიანი ურთულესი მდგომარეობიდან თავით გზავნიდა ბურთს სტუმართა კარში, მაგრამ გამოცდილმა მირზა მერლანმა მართლაც იშვიათი რეაქციის წყალობით თავისი გუნდი გადაარჩინა!

ამას კვლავაც მერებაშვილის აქტიურობა მოჰყვა, დავით კვირკველიას "მოჭრილი" დარტყმით რომ გაგრძელდა, თუმცა - უშედეგოდ.

თუმცა "სიონიც" არ აპირებდა დაცვაში "ჩაჯდომას" და ერთ ეპიზოდში ლაშა თოთაძემ თითქმის 36 მეტრიდან ისე "დააქუხა", ომარ მიგინეიშვილმა გაჭირვებით რომ შეძლო ბურთის მოგერიება.

აი, მერე კი მართლაც კურიოზული სიტუაცია ვნახეთ: დაშავებული დინამოელის გამო სტუმრებმა ბურთი აუტში გამიზნულად გადააგდეს; როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, აუტიდან ბურთი მეტოქეს უნდა დაუბრუნო, მაგრამ მოედნის ცენტრის სიახლოვეს მყოფმა ჩისკომ ბურთი "სიონის" კარის "ცხრიანში" (თითქმის ისე, როგორც ოთხი დღის წინ - რუსთავში) გაგზავნა!

არადა, მირზა მერლანი წინ იყო გამოსული და ისე, როგორც ყველა მისი თანაგუნდელი, ვერაფრით წარმოიდგენდა მოვლენების ასეთ განვითარებას! ჰოდა, ამას მოჰყვა კიდეც, სულ მცირე, ორ-სამწუთიანი პაუზა: "სიონის" ფეხბურთელები გოლს აპროტესტებდნენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არბიტრს გოლის არჩათვლის არანაირი უფლება არ ჰქონდა და ასეც მოიქცა.

თუმცა ტრიბუნაზე მსხდომნი ყველანი დარწმუნებულნი ვიყავით, რომ მასპინძლები "სამართლიანი თამაშის" მართლაც დაუწერელ "კანონს" არ დაარღვევდნენ: გიორგი კახელიშვილმა ცენტრიდან ბურთი მშვიდად წამოიღო (ყველა დინამოელი ამ დროს გაჩერებული იყო) და ცარიელ კარშიც აუღელვებლად შეაგორა!

ანუ ისეთი სიტუაცია იყო, რომ თამაში, ფაქტობრივად, 1:1-ით დაიწყო და ბევრის აზრით, ეს მატჩი ფრედ რომ დამთავრებულიყო, ალბათ, ლოგიკური შედეგიც იქნებოდა.

თუმცა შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შემოსული ჯაბა უგულავა ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში: ჯერ მეურვეს დაასწრო, მერე კი ასაკთან შეუფერებელი სიდინჯითა და ოსტატობით ჩინებულად ისარგებლა მეკარესთან პირისპირ გასვლით და ზუსტი დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აი, ასე: "სიონის" წარმატებული სერია გრძელდება, "დინამომ" კი ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი წააგო...

XIX ტურის სხვა მატჩები:
სპარტაკი-ჩიხურა 2:3 - მოჩქარეს მოუგვიანდა [VIDEO]
ზესტაფონი-ზუგდიდი 3:0 - ნიკა საბანაძის ბენეფისი [VIDEO]
დილა-გურია 1:3 - ამდენს არ ვგეგმავდითო... [VIDEO]
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 2:0 - რუსთავში, რუსთაველების გოლებით... [VIDEO]
ტორპედო-მერანი 1:1 - ფრე არავის სასარგებლოდ [VIDEO]

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო (თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 8

მომდევნო ტური
2 მარტი
ჩიხურა-დინამო (თბ)
სიონი-ტორპედო
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
ზუგდიდი-დილა
გურია-სპარტაკი

პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩების კალენდარი
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები
20 მარტი, ხუთშაბათი
დინამო-მეტალურგი (2:0)
დილა-ტორპედო (2:1)
ჩიხურა-სიონი (1:1)
მერანი-შუქურა (0:0)

შენიშვნა: ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებში გადანაწილდებიან და ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპი 25 მარტს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
რატოა არაპროფესიონალიზმი არ მესმის ან რატოა დინამო დასასჯელი, წინ კიდე ბევრი თამაშია სეზონის ბოლომდე, იქნებ დალაგდეს გინდი შეთამაშდეს და ტაქტიკაც დაიხვეწოს, ყველგან ხდება ესეთები და ყველა კარგ გუნდს აქვს ჩავარდნა, მანჩესტერი ამის ნათელი მაგალითია.. უარესი მდგომარეობა იყო ადრე როცა გუნდს ყურადღება არ ეთმობოდა, ეხლა კეთდება რაღაცეები, ახალგაზრდები იზრდებიან და ვნახოთ ხაზს ნუ გადავუსვამთ ყველაფერს
giorgi surguladze
19:06 28-02-2014
0
სიონმა უნდა გააგრძელოს მოგებების სერია, აშკარად ამ ბიჭებს უფრო მეტი პოტენციალი აქვთ
amiko
19:32 27-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული