მეტალურგი-მერანი 1:2 - ვინ შეაჩერებს "მერანს"?

AutoSharing Option
ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო: უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი "მეტალურგი" ამ სეზონში პირველად დამარცხდა საშინაო შეხვედრაში და ასევე პირველად მოხდა, რომ გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო!

ეგ კი არა, "მერანთან" დაპირისპირების წინ რუსთაველთა გუნდის საწვრთნელი პროცესი, ფაქტობრივად, ჩაშლილი იყო: ფეხბურთელებს ორი დღე საერთოდ არ უვარჯიშიათ, მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია კი, თავისი მოთამაშეების სოლიდარობის ნიშნად, "მეტალურგიდან" წასვლას აპირებდა.

მოკლედ, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ "მეტალურგი" ამ ტურში მოედანზე არც გამოსულიყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და, რაც მთავარია, ფინანსური პრობლემებიც
უნდა მოგვარდეს: როგორც კლუბის ხელმძღვანელმა ვალერი ქოქიაშვილმა გვითხრა, უახლოეს ორ-სამ დღეში სახელფასო დავალიანება დაიფარება!

ისე, კლუბის სტრუქტურაში სხვა ცვლილებებიცაა მოსალოდნელი და თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ "მეტალურგის" დირექტორატში დასაქმდებიან ლერი სულაბერიძე, ვალერი შალიკაშვილი (ორივე მათგანი წლების განმავლობაში თბილისის "დინამოში" მოღვაწეობდა) და 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორი ნუკრი კაკილაშვილი.

ახლა კი უშუალოდ მატჩის შესახებაც, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ლოგიკური შედეგითაც დამთავრდა: მასპინძელთა ფინანსური პრობლემები სულაც არ აკნინებს "მერანის" გამარჯვებას, რამეთუ მარტვილელებმა ამჯერადაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს და საკუთარი ქომაგებიც გაახარეს.

ჰო, "ფოლადის" სტადიონის ტრიბუნებიდან თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში... სტუმართა გულშემატკივრების ომახიანი შეძახილები ისმოდა! მატჩის დასაწყისი ფრთხილი იყო, მერე კი კინაღამ ორი "ავტოგოლი" ვიხილეთ აქეთ-იქით; ამასობაში "მერანი" გააქტიურდა და ზედიზედ რამდენიმე კუთხურს ის მოჰყვა, რომ მასპინძელთა თავდამსხმელს, ირაკლი სიხარულიძეს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი გამოცდილმა დავით ბოლქვაძემ უნაკლოდ შეასრულა.

აი, ამის შემდეგ კი სრულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და მალე ერთობ თვალსასეირო კომბინაციაც ვიხილეთ კონსტანტინე ხიზანეიშვილის, ირაკლი სიხარულიძისა და გიორგი ვასაძის მონაწილეობით, თუმცა "მერანის" გამოცდილმა მეკარემ ზურაბ მამალაძემ საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

აი, მომდევნო ეპიზოდში კი მამალაძე უძლური გახლდათ: ირაკლი ხუჭუამ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში გაგზავნა, სადაც ყველას გიორგი ქავთარაძემ დაასწრო და თავით, ვარდნაში, მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა!

პირველი ტაიმის ბოლომდე მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე მომენტი, როცა გიორგი ქავთარაძის და ირაკლი ხუჭუას ჩინებული პასებით დასარტყამ პოზიციაზე ირაკლი სიხარულიძე და გიორგი ალავერდაშვილი აღმოჩნდნენ, მაგრამ ხან მამალაძე თამაშობდა უშეცდომოდ, ხან კიდევ ბოლო დარტყმა იყო არაზუსტი.

სიხარულიძესა და ალავერდაშვილს მეორე ტაიმის დასაწყისშიც შეეძლოთ თავის გამოჩენა, ისე, როგორც შეცვლაზე შემოსულ 18 წლის ოთარ კიტეიშვილს, რომელსაც უშეცდომოდ მოთამაშე მამალაძემ დაასწრო.

ერთი შეხედვით, ტერიტორიული უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო, მაგრამ "მერანმა" თამაში სწრაფ კონტრშეტევებზე ააგო და ერთ-ერთი ასეთი მწვავე იერიში კინაღამ გოლით დასრულდა - აკაკი შულაიამ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა, მერე პაპუნა ფონიავას ჩინებული პასით ლაშა ჯღამაია აღმოჩნდა დასარტყამ პოზიციაზე, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს.

მომდევნო და ასევე გააზრებული კონტრშეტევა კი შედეგიანი აღმოჩნდა: გიგა წურწუმიას ჭკვიანური პასის მერე ბესიკ ჩიმაკაძე მეურვეებს ოსტატურად დაუსხლტა და ზუსტადაც დაარტყა! არადა, ამ გოლამდე ერთი წუთით ადრე კონსტანტინე ხიზანეიშვილი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ კვლავაც ზურაბ მამალაძემ იყოჩაღა.

მატჩის ბოლომდე მეტოქეებმა თითო-თითო სახიფათო მომენტი "გაცვალეს", თუმცა 18 წლის გიორგი კილასონიასაც და პაპუნა ფონიავასაც გოლის გასატანად სულ მცირედი დააკლდათ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
08.11. რუსთავი. "ფოლადი". 400 მაყურებელი
მეტალურგი-მერანი 1:2
გოლები: 0:1 ბოლქვაძე (20-პენ), 1:1 ქავთარაძე (34. ხუჭუას პასით), 1:2 ჩიმაკაძე (68. წურწუმიას პასით)
მეტალურგი (4-1-4-1): ბედიაშვილი - ხუჭუა, ნარიმანიძე, ვ. კილასონია, კ. ხიზანეიშვილი - ცნობილაძე - ქავთარაძე, ვასაძე (67. ტორონჯაძე), კაკაშვილი (46. კიტეიშვილი), ალავერდაშვილი - სიხარულიძე (54. გ. კილასონია).
სათადარიგოები: ნადირაძე, გელაშვილი, გაბაშვილი, ექვთიმიშვილი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მერანი (4-1-4-1): მამალაძე - მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე - ბოლქვაძე - შულაია (82. წულაია), ფონიავა, ჯღამაია (90. მარგველაშვილი), ჩიმაკაძე - ციცხვაია (55. გ. წურწუმია).
სათადარიგოები: ხარჩილაძე, გეგია, ქაჯაია, ტურავა
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
გაფრთხილება: კ. ხიზანეიშვილი (75), წულაია (83), ვ. კილასონია (90)
არბიტრი: დ. სანოძე

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 9
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 6
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 6
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
17 ნოემბერი, ორშაბათი
დილა-კოლხეთი (ფ)
დინამო (ბთ)-სამტრედია
მერანი-ტორპედო
ვიტ ჯორჯია-სიონი
ზუგდიდი-მეტალურგი
ჩიხურა-ზესტაფონი
სპარტაკი-საპოვნელა

18 ნოემბერი, სამშაბათი
შუქურა-დინამო (თბ)

უმაღლესი ლიგა. XIII ტური
21 ნოემბერი, პარასკევი
დილა-სამტრედია
მერანი-კოლხეთი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-სიონი

22 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-დინამო (თბ)
ტორპედო-ზესტაფონი
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-შუქურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ახლა კიდევ იტყვიან რამეს რო მერანი სუსტია და არაა უმაღლეს ლიგაში თამაშის ღირსი?, მერანი ძლიერია და მართლაც ვერავინ შეაჩერებს მას, ყოჩაღ ბიჩებო ვამაყობ თქვენით
ilia
16:22 11-11-2014
0
ვიდეოს რატომ არ დებთ გცხვენიათ ხო როგორ წააგო დიდმა გუნდმა პატარა გუნდთან თანაც შინ თავისავე მოედანზე, ვაი თქვენს .......
ilia
16:28 11-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული