ჯერ ის ვთქვათ, თუ რატომ ვუწოდეთ მცხეთურ დაპირისპირებას "უნიკალური". საქმე ისაა, რომ მატჩში ერთადერთი კუთხური დაფიქსირდა და ისიც... 90-ე წუთზე. დაგვეთანხმებით, ძალიან იშვიათი შემთხვევაა.
სანამ მატჩის შედეგის კანონზომიერებასა და "მეტალურგის" დამსახურებაზე დავწერთ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილზე უნდა ვთქვათ.
როცა საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეხება, სათქმელს ჩვენში
დიდი ტექნიკური არსენალი, მოქმედების ფართო დიაპაზონი, ნატიფი მოძრაობები და პასის კულტურა - კიტეიშვილს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ახლა ჯერი მასზეა. მთავარია, ის სენი არ შეეყაროს, მასზე ნიჭიერები და ბევრისშემძლეებიც რომ დაუმუხრუჭებია...
"მეტალურგმა" დამსახურებულად მოიგო. დუბლი მიითვალა დავით გელაშვილმა. მე-7 წუთზე "დუჩიმ" ვიტელ მცველებსა და მეკარეს დაასწრო, წინ გამოსულ ჯონი შეროზიას თავზე გადაუგდო ბურთი და სტუმრები დააწინაურა.
გაშვებულმა გოლმა "ვიტ ჯორჯია" გაააქტიურა. მასპინძელთა დამრიგებელმა ზურაბ ბერიძემ გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებასაც მიმართა - მათე კვირკვიას არყოფნაში ამპლუით მარჯვენა მცველი ლევან საბაძე ნახევარმცველად გაამწესა. კვირკვია კი ვიტელებს მართლაც ძალიან აკლდათ. ის რომ მინდორზე ყოფილიყო, ვეჭვობთ, სულ სხვა თამაში იქნებოდა...
მე-16 წუთზე "ვიტ ჯორჯია" პენალტს ითხოვდა. საჯარიმოში ელგუჯა ლობჯანიძე დაეცა, თუმცა არბიტრმა ჯენერი ხორავამ თამაშის გაგრძელება ბრძანა.
ეს იყო და, "მეტალურგს" მცველი შალვა ექვთიმიშვილი დაუშავდა. მის ნაცვლად მინდორზე ლაშა მჭედლიშვილი გამოჩნდა, რომელმაც თავისიანებს ძირითადი ფეხბურთელის არყოფნა არ აგრძნობინა.
34-ე წუთზე, კიტეიშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულ გელაშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა შორეულ კუთხეში დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა შეროზიას კარს.
პირველი ტაიმის დასრულებას 5 წუთი აკლდა, როცა იმავე კიტეიშვილმა მორიგი თვალისმომჭრელი პასით დააჯილდოვა გელაშვილი. ამჯერად, რუსთაველთა ეულ ფორვარდს მიზანმა აღარ უმტყუნა და "მცხეთა პარკზე", პრაქტიკულად, ყველაფერი გაირკვა.
მეორე ტაიმს "ვიტ ჯორჯია" ორმაგი ცვლილებით შეეგება, მაგრამ ბერიძის გუნდი იმ დღეს საკუთარ თავს არ ჰგავდა. სხვა დროს ბოლომდე მებრძოლი და მოტივირებული "ვეტერინარების" ცნობა შეუძლებელი იყო.
ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი ვიტელებმა 68-ე წუთზე შექმნეს, როცა კახა კახაბრიშვილის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ექსვიტჯორჯიელმა გიორგი ბედიაშვილმა მოიხელთა.
თამაშის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა და იმასღა ველოდით, შეხვედრა უკუთხუროდ ჩამთავრდებოდა თუ არა. როგორც ზემოთ დავწერეთ, ნავსი 90-ე წუთზე გატყდა...
რა სჭირს "ვიტ ჯორჯიას"? ამ კითხვას, ალბათ, უკეთ გუნდის სამწვრთნელო შტაბი უპასუხებს. "მეტალურგი" კი ჩვენს რეალობაში გვარიან გუნდად მოჩანს. თუ რუსთაველებს ძველებურად აღარ გაუჭირდათ ფინანსურად, ვინძლო, ევროსაგზურისთვისაც იბრძოლონ...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
21.11. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 100 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:2
გოლები: 0:1 გელაშვილი (7), 0:2 გელაშვილი (40)
ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - თათხაშვილი (46. დანელია), კალანდია, გეთიაშვილი, დავლაშელიძე - საბაძე, მაისურაძე, გახარია (67. დემეტრაშვილი), კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი - ე. ლობჯანიძე (46. ხვისტანი).
სათადარიგოები: ჩალიგავა, ჩიტიშვილი, ლებანიძე, კუხალეიშვილი
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
მეტალურგი (4-5-1): ბედიაშვილი - მიქაუტაძე, ცნობილაძე, ნარიმანიძე, ექვთიმიშვილი (18. მჭედლიშვილი) - ჯოხაძე (64. ალავერდაშვილი), კაკაშვილი, გ. კილასონია (76. ვასაძე), ქავთარაძე, კიტეიშვილი - გელაშვილი.
სათადარიგოები: ბეგიაშვილი, სიხარულიძე, ბიწკინაშვილი, ტორონჯაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: კახაბრიშვილი (51), კაკაშვილი (57)
არბიტრი: ჯ. ხორავა
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
25 ნოემბერი, სამშაბათი
სიონი-ვიტ ჯორჯია (0:1)
სამტრედია-დინამო (ბთ) (1:4)
26 ნოემბერი, ოთხშაბათი
კოლხეთი (ფ)-დილა (0:0)
დინამო (თბ)-შუქურა (1:1)
საპოვნელა-სპარტაკი (0:3)
ტორპედო-მერანი (3:0)
მეტალურგი-ზუგდიდი (2:0)
ზესტაფონი-ჩიხურა (0:0)
უმაღლესი ლიგა. XIV ტური
30 ნოემბერი, კვირა
მეტალურგი-სპარტაკი
დილა-მერანი
სამტრედია-ჩიხურა
დინამო (თბ)-გურია
ზესტაფონი-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
კოლხეთი (ფ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-ზუგდიდი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"