უმაღლესი ლიგის XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ესეც "ნავსიანი" - XIII ტური! თუმცა რიგით მეცამეტე ტური ყველასათვის "ნავსიანი" ვერ იქნებოდა: ზოგმა სატურნირო მდგომარეობა განიმტკიცა, ზოგმა - საგრძნობლად გამოასწორა და ზოგისთვის კი, შესაძლოა, "ჩვეულებრივ ტურადაც" აღქმულიყო.

რა თქმა უნდა, ისეთი შემთხვევებიც იყო, ამა თუ იმ გუნდის წარმომადგენლებს უკმაყოფილების საბაბი რომ ჰქონდათ: ზოგი არბიტრების მიმართ არ მალავდა უკმაყოფილებას, ზოგი - მოკლე სათადარიგოთა სკამს უჩიოდა, ზოგი - თავისი ფეხბურთელების მხრიდან სათამაშო დისციპლინის დარღვევას, ზოგი - ქრონიკულ ფინანსურ სიდუხჭირეს და ასე შემდეგ.

თუმცა განვლილ ტურში გამოსარჩევ-აღსანიშნავი არაერთი ფაქტი მოხდა და ჩვენც
შევეცდებით, ყოველივე ეს მკითხველამდე "მივიტანოთ".

გადადებული ჩემპიონობა
XIII ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ დიდი შანსი იყო, "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტული ერთ გუნდს ამ ტურის მერე მოეპოვებინა. ამისათვის კი ორი რამ იყო საჭირო: "დინამო თბილისს" თავისი მატჩი უნდა მოეგო, ხოლო "დილასა" და "სამტრედიას" შეხვედრა ფრედ დამთავრებულიყო.

კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა "თავიანთი" საქმე კი შეასრულეს, მაგრამ "დილა"-"სამტრედიას", ფაქტობრივად, ექვსქულიანი მატჩი გორელთა გამარჯვებით დამთავრდა და "დინამოსაც" ერთი ან ორი კვირით მოცდა მოუწევს.

ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოს ჩემპიონატშიც თითქმის 90 პროცენტით ის გუნდი იმარჯვებს, ზამთრის პაუზას ცხრილის სათავეში მყოფი რომ ხვდება.

ახლები და ძველები
მთავარი მწვრთნელის რანგში კახა გოგიჩაიშვილი სადებიუტო სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში, ისე, როგორც "დილას" ახალგაზრდა დამრიგებელი, 25 წლის უჩა სოსიაშვილი. თუმცა დღესდღეობით სატურნირო ცხრილის "კენწეროში" სწორედ "დინამო" და "დილაა" და ამ გუნდებთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ "სპარტაკი" და "მეტალურგი", რომელთა წარმატებული ასპარეზობა ამ სეზონის, ალბათ, უმთავრესი (და სასიამოვნო) მოულოდნელობაა.

ამაში კი ლომის წილი ამ გუნდების თავკაცებს - კახა კაჭარავასა ("სპარტაკი") და ვარლამ კილასონიას ("მეტალურგი") მიუძღვით, რომლებიც უკვე გამოცდილ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და მცირე რესურსით წარმატებებს აღწევენ.

ცალკე გვინდა აღვნიშნოთ ქართული სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი ვეტერანის, შოთა ჭეიშვილის საქმიანობაც. ამ გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მესამე მატჩში გაიმარჯვა, თანაც, ერთიმეორეზე ძლიერ მეტოქეებთან!..

და ისევ მუმუ!
გასულ ტურში ერთი ისეთი მატჩი იყო, როცა ერთ-ერთმა გუნდმა წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაში "შემოაბრუნა". ბათუმის "დინამოსა" და "სიონის" დაპირისპირებას ვგულისხმობთ, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც XXVI ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, 40 წლის ამირან მუჯირი გახლდათ.

"მუმუ" მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და თავისი გუნდის მორიგ წარმატებაში ლომის წილი შეიტანა: თამაშიც "დაალაგა", მერე "საფირმო" სტანდარტულით ანგარიში გაათანაბრა და ბოლოს საგოლე გადაცემაც გააკეთა!

არადა, ვიდრე საჯარიმოდან გოლს გაიტანდა, ამირან მუჯირმა... პენალტი ვერ გაიტანა - ბურთი ძელს მოხვდა.

დანავსული ნიშნული
სეზონის დაწყებიდან უკვე ათჯერ მოხდა, როცა პენალტი გოლად ვერ იქცა და აქედან ორი შემთხვევა გასულ ტურში იყო.

ამირან მუჯირზე უკვე მოგახსენეთ და მის მსგავსად, თერთმეტმეტრიანის ნიშნული ნავსიანი გამოდგა კიდევ ერთი ფეხბურთელისათვის: "სპარტაკი"-"შუქურას" მატჩში სტუმართა საუკეთესო ბომბარდირმა და რაც მთავარია, "შტატიანმა" პენალტისტმა გიორგი ჩელებაძემ ეს ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა.

სხვათა შორის, მიმდინარე ჩემპიონატში გიორგი ჩელებაძემ უკვე მეორე თერთმეტმეტრიანი გააცუდა...

დვალი და სხვები
უკვე ზედიზედ მერამდენე ტურია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს "ზესტაფონის" კაპიტანი ჯაბა დვალი - 29 წლის ცენტრფორვარდმა უხვგოლიან "იმერულ დერბიშიც" გამოიჩინა თავი და 10 ბურთით საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

ამ ტურში საკუთარი გოლების მონაგარი ვერ შეავსო კიდევ ერთმა გამორჩეულმა ბომბარდირმა და ასევე გამოცდილმა ფორვარდმა, 30 წლის ირაკლი მოდებაძემ.

სამაგიეროდ, მოდებაძეს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი წამოეწია: "ტორპედოს" 20 წლის თავდამსხმელ ოთარ კვერნაძესა და "დინამო თბილისის" 19 წლის მარჯვენა გარემარბ გიორგი პაპუნაშვილს უკვე შვიდ-შვიდი გოლი დაუგროვდათ.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი ჯერჯერობით ერთადერთია, ჰეთ-თრიკის შესრულება რომ შეძლო.

წყვილი დუბლი და კიტეიშვილი!
ჰეთ-თრიკებით განებივრებულნი ნამდვილად არა ვართ, რასაც ვერ ვიტყვით "დუბლის" შესრულებაზე: სეზონის სტარტიდან მოყოლებული, უკვე 18 ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა კონკრეტულმა ფეხბურთელმა შეძლო ერთ მატჩში ორი გოლის გატანა.

ამ "ნომინაციაში" პირველობას არავის უთმობს ჯაბა დვალი, რომელმაც სამჯერ შეასრულა "დუბლი", "დინამო თბილისის" 23 წლის ფორვარდმა ნიკა საბანაძემ კი - ორჯერ.

აი, გასულ ტურში კი ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეძლო თავის გამოჩენა: "მეტალურგის" 23 წლის ფორვარდმა დავით გელაშვილმაც თავისი გუნდის ძირითადში გამოჩენა "დუბლით" აღნიშნა და "ტორპედოს" 18 წლის ნახევარმცველმა ოლეგ მამასახლისმაც. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამასახლისმა საერთოდაც სადებიუტო გოლ(ებ)ი გაიტანა უმაღლეს ლიგაში.

...და, ოთარ კიტეიშვილი? ჰო, ეს პატარა ბიჭი მართლაც ცალკე საუბრის თემაა და "მეტალურგის" მეტოქეებიც ტურიდან-ტურამდე რწმუნდებიან 18 წლის ტალანტის შესაძლებლობებში. ვფიქრობთ, არც ის დროა შორს, კიტეიშვილს საქართველოს 21-წლამდელთა კი არა, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზეც რომ უნდა ჰქონდეს პრეტენზია! თანაც, სავსებით სამართლიანი პრეტენზია და ამაში, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს რუსთაველთა გუნდის "პატარა დირიჟორის" თამაში.

ყოჩაღი მცველები
ამ ტურში ორი ისეთი მატჩი იყო, რომლის საბოლოო შედეგიც მცველ(ებ)ის ზუსტმა დარტყმამ განაპირობა; "დილა"-"სამტრედიას" შეხვედრა სულაც ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად იყო მიჩნეული და ამ მატჩის ბედიც მასპინძელთა ცენტრალური მცველის, 26 წლის გურამ ადამაძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

რაც შეეხება ლაშა ჭელიძეს, "ჩიხურას" გამოცდილმა უკანახაზელმა "გურიასთან" მატჩის ბოლო წუთზე თავის გუნდს ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ჭელიძემ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, წინა ჩემპიონატში კი 5 გოლით სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მცველი გახლდათ.

სხვადასხვა ფაქტი
"გურიას" 24 წლის ნახევარმცველი შოთა გაბრიჭიძე საქართველოს ჩემპიონატს გარკვეული პაუზის მერე სწორედ ამ სეზონში დაუბრუნდა და აი, პირველი გოლიც გაიტანა (როგორც სეზონში, ისე საერთოდ - უმაღლეს ლიგაში); გაბრიჭიძის თანაგუნდელმა, 23 წლის დავით მეგრელიშვილმაც პირველი გოლი გაიტანა ამ სეზონში, თანაც, ლანჩხუთელთა გუნდის მარცხენა მცველმა უმაღლეს ლიგაში თითქმის სამწლიანი პაუზის მერე გამოიჩინა თავი.

სწორედ ამ ტურში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში "ვიტ ჯორჯიას" კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, 19 წლის გოგა დანელიას; აი, "დილას" შემადგენლობაში კი შეცვლაზე შემოსულმა ფორვარდმა, 22 წლის ილია ბუზალაძემ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ბუზალაძე უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა. არადა, კარგად გვახსოვს, ამ ცენტრფორვარდზე როგორ იმედებს ამყარებდნენ ცხინვალის "სპარტაკში" ასპარეზობის დროს.

მსაჯი, თანაც უცხოელი
სირიელი არბიტრი აბდულა ბასლეჰლო უკვე მესამე (!) სეზონია საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს სჯის; ბალტიისპირელი მსაჯებიც გვინახავს ჩვენი ჩემპიონატის მატჩებზეც, თურქ არბიტრთა ბრიგადაც, საქართველოს თასის ფინალი რომ ანდეს.

და აი, გასულ ტურში კიდევ ერთმა უცხოელმა არბიტრმა იმსაჯა საქართველოს ჩემპიონატის მატჩი ("დილა"-"სამტრედია") - მალტელმა მარკო ბორგმა.

ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
ზუგდიდი-დინამო (თბ) 1:2 - იუბილე გამარჯვებით [VIDEO]
დილა-სამტრედია 1:0 - მყარი მეორე [VIDEO]
ტორპედო-ზესტაფონი 3:3 - დერბი გოლების ფოიერვერკით [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:2 - გელაშვილის დუბლი და... კიტეიშვილი!
გურია-ჩიხურა 2:2 - გურულ-იმერული ლოგიკა
დინამო (ბთ)-სიონი 2:1 - შევიდა, დაალაგა, გადაწყვიტა...
მერანი-კოლხეთი 0:0 - სტატისტიკა არ იცვლება
სპარტაკი-შუქურა 1:0 - სამეული და შუქი გვირაბის ბოლოს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Sainteresoa vin adgens simbolur nakrebs an ris mixedvit? Chechelashvilma kvelaze cudad itamasha erti suli mkonda mcvrtnels sheecvala. Somxishvils arcerti rtuli burti ar mougerebia. Adamadzis magivrad kide adamia weria.
nodari
11:22 26-11-2014
0
თქვენ თუ მინაშვილის წაყვანილი თამაში მოგწონთ მაშ სააღოლ თქვენ და ტქვენს გემოვნებას, მაგას რო თამაში მიყავს შეიძლება ჩაგეძინოს კაცს...
roini
17:28 25-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული