კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:1 - "დათაშოუ"

AutoSharing Option
როგორც იქნა, ორთვიანი პაუზის შემდეგ ფოთელებმა მოიგეს (დამსახურებულად), თან - უშუალო კონკურენტ "ვიტ ჯორჯიასთან" და ცხრილის ფსკერს დააღწიეს თავი.

შეხვედრა კოლხთა უპირატესობით დაიწყო და როცა დათა სიჭინავას პირველ სახიფათო "გასროლას" სტუმარი მცველი გადაეფარა, ფოთელებმა პირველად მაშინ მოითხოვეს პენალტი, თუმც უშედეგოდ.

მერე იყო იმავე სიჭინავას საჯარიმო დარტყმა, რომელიც მეკარის იოლი ნადავლი გახდა, რასაც ვერ ვიტყვით მის მიერვე მოწოდებულ კუთხურზე, მაგრამ ჯონი შეროზიას შეცდომით ვერავინ ისარგებლა.

ამას ვიტელთა მხრიდან ხიფათი მოჰყვა: ირაკლი ღიბრაძემ მახვილი კუთხიდან ჯარიმა კარისკენ გაგზავნა. კოლხთა მეკარეს თავისივე, არცთუ
დამაჯერებელი გარჯის გამოსწორება თავგანწირვის ხარჯზე მოუხდა, როცა ახლო მანძილიდან ორ სტუმარს არ დაანება გატანა.

მერე ისევ დათა სიჭინავას ჯერი დადგა, თუმცა არც მის სახიფათო საჯარიმო დარტყმას და არც კუთხურს შედეგი არ მოჰყოლია.

...და სანამ იგივე სიჭინავა, 35-ე წუთზე, კარგად გათამაშებულ კომბინაციას გონივრული პაუზის შემდეგ კარის მიმართულებით განავითარებდა და კოლხები მცველისგან ხელით თამაშის დაფიქსირებას მეორედაც უშედეგოდ მოითხოვდნენ არბიტრ ირაკლი კვირიკაშვილისგან (ახალგაზრდა რეფერიმ კარგად გაართვა თავი საკმაოდ რთული მატჩის განსჯას), ვიტელ მათე კვირკვიასა და კახა კახაბრიშვილს მიეცათ შანსები, თუმცა უკეთესი შანსი მათ ტაიმის ბოლო წუთზე მიეცათ - კვირკვიას პასის შემდეგ კახაბრიშვილს მიზანმა ცოტათი უმტყუნა, თორემ სტუმრები შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდოდნენ...

"დათაშოუ" მეორე ტაიმის სტარტზეც ვიხილეთ: ხუთწუთიან ინტერვალში სიჭინავამ ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი შოთა ჯიქიას ისეთი უპასა, ფორვარდს ხელი ვეღარავინ შეუშალა. ისიც სათქმელია, რომ კოლხთა თავკაცმა შეცვლა გამოიცნო - ალექსანდრე ქორჩილავამ ფოთელთა შეტევები აშკარად გააძლიერა.

თავის მხრივ, იღბლიანი შეცვლა გამოუვიდა ზურაბ ბერიძესაც - ლევან კუხალეიშვილს ზუსტად 5 წუთი ეყო ერთი ბურთის გასაქვითად.

ასევე 5 წუთი ეყო შეცვლაზე შესულ ლუკა გუგუჩიასაც (შეცვალა თამაზ ჟიშკარიანი, ვისაც ბურთი უხერხულად მოხვდა და საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა) ორი ყვითელი ბარათის მისაღებად. არბიტრმა ის მოედნიდან ამოვარდნილი ბელტის დემონსტრაციულად სროლის გამო გააძევა.

როგორც გაირკვა, მობურთალმა პროტესტი საკუთარი გუნდის ტექნიკურ ზონას გამოუცხადა და ნამატჩევს მსაჯებსაც უხსნიდა - არ იფიქროთ, თქვენ საპროტესტოდ ვისროლეო...

მისი გაძევებიდან მალევე მატჩიც დასრულდა. ვიტელებმა კი გაიბრძოლეს, მაგრამ ერთხელ ისეთ პენალტს ითხოვდნენ, მსგავს სიტუაციაში მსაჯმა მეტოქეს ორჯერ რომ არ დაუნიშნა, ერთხელაც კოლხებს ლაინსმენის მიერ დაფიქსირებული თამაშგარე წამოეშველათ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
30.11.14. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე". 150 მაყურებელი
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:1
გოლები: 1:0 სიჭინავა (54. ქორჩილავას პასით), 2:0 ჯიქია (59. სიჭინავას პასით), 2:1 კუხალეიშვილი (65. ლობჯანიძის პასით)
კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - კილასონია, თევზაძე, ფარულავა, ლემონჯავა - ბარამიძე, გოგონაია - ჟიშკარიანი (77. გუგუჩია), დ. სიჭინავა, ამბროლაძე (46. ქორჩილავა) - შ. ჯიქია (86. გუგუშვილი).
სათადარიგოები: ძაგანია, ბეჩეხია, გაბისკირია, ტ. კაკულია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): შეროზია - თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე - დავლაშელიძე, ღიბრაძე (60. კუხალეიშვილი) - კახაბრიშვილი (72. დადიანი), კურდღელაშვილი (86. ხვისტანი), კვირკვია - ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ჩალიგავა, დანელია, ჩიტიშვილი, ლებანიძე
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გაფრთხილება: ღიბრაძე (39), კვირკვია (41), გოგონაია (45), ლემონჯავა (71), გუგუჩია (87, 90)
გაძევება: გუგუჩია (90)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო ტური
5 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)

6 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, პარასკევი
დინამო (თბ)-ჩიხურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული