ვინ შეცვლის რევაზ ძოძუაშვილს? "ტორპედოში" უცხოელს გამორიცხავენ

AutoSharing Option
საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტურში,  რუსთავის "მეტალურგთან" საშინაო შეხვედრის (0:1) შემდეგ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა.

თუ ვინ გაწვრთნის "ტორპედოს", ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ საჯაროვდება.

კულუარული ცნობა, რომ გუნდის დამრიგებლად გია გიგატაძესა და გიორგი სუხიაშვილს (რომლებიც გუნდს 2009-10 წლებში წვრთნიდნენ) აბრუნებენ, ჯერ არ დასტურდება.

კომენტარისთვის "ტორპედოს" დირექტორ დავით ფრუიძეს დავუკავშირდით. მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა:

"სასურველი კანდიდატები განიხილებიან და გულშემატკივრები ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში გაიგებენ. ჯერ კი ვერაფერს გეტყვით".

ფრუიძე "არასერიოზულს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს
ყველაზე რეალური კანდიდატურა 61 წლის სერბი სპეციალისტი სლავოლიუბ მუსლინია, რომელიც ბოლოს პერმის "ამკარს" წვრთნიდა:

"უცხოელი კანდიდატურა არც განხილულა. სისულელეა, არ დაიჯეროთ"!

შეგახსენებთ, რომ ძოძუაშვილმა გუნდი წლეულს, ზამთარში ჩაიბარა და მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპი ბოლომდე დაასრულა.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ ჩიკვილაძე ამბობს, რომ "ტორპედოს" მეტის მიღწევა შეეძლო:

"ჩვენ საკმაოდ კარგი მოთამაშეები გვყავდნენ და დარწმუნებული ვარ, სამეულისთვის ბრძოლაც შეგვეძლო. არადა, სამწუხაროდ, გუნდმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. ახლა კონტრაქტი ყველას დაგვიმთავრდა.

არ ვიცი, გუნდის ახალ მწვრთნელს ენდომება თუ არა ჩემი დატოვება, მაგრამ იმედია, "ტორპედოს" ნორმალურ ბიუჯეტს დაუმტკიცებენ და მეორე წრეში გუნდი გაცილებით უკეთ ითამაშებს".

"ტორპედოს" ყველა წევრს კონტრაქტი დაუსრულდა და ახალი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, ვინ დატოვოს და ვინ გაუშვას. ერთი ისაა ცნობილი, რომ გუნდი დატოვა ალექსი ბენაშვილმა, რომელიც ახალ კლუბს ეძებს.

როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ "ტორპედო" ქუთაისის თვითმმართველობის ბალანსზე გადავიდა. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, თავიდან კლუბი იმ საჯარიმო თანხებით დაფინანსდება, რაც "ვისოლმა" "ტორპედოს" დატოვების შემდეგ გადაიხადა. თუმცა არ განუმარტავს, რა ჯარიმაზეა ლაპარაკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული