უმაღლესი ლიგის კლუბები: ზამთარში, შემოდგომის აზნაურებივით...

AutoSharing Option
ფოტოზე: სხვებისგან განსხვავებით, "დინამოს" ფინანსურად არ უჭირს - გუნდი ანტალიაში აპირებს შეკრებაზე გამგზავრებას

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ზამთრის შესვენებაა და კლუბების უმრავლესობა ახლა შვებულებაშია.

ასეთ დროს ევროპულმა გუნდებმა ზედმიწევნით ზუსტად იციან თავიანთი მოსამზადებელი გრაფიკის შესახებ. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის ოცდამეოთხე წლისთავზეც კი ქართული ფეხბურთი ევროპულს ოდნავაც ვერ მიუახლოვდა. რომელ მოსამზადებელ გრაფიკზე ვლაპარაკობთ, როცა ზოგიერთ კლუბს ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას დღის წესრიგში...

დღევანდელ წერილში მოკლედ შევეხებით უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თითოეული ქართული გუნდის სადღეისო მდგომარეობასა და პერსპექტივას...

დინამო (თბ)
კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილი გუნდი სეზონის განახლებას მნიშვნელოვნად
სახეცვლილი შეხვდება.

"დინამო" დატოვეს ჩისკომ, ომარ მიგინეიშვილმა, ნიკა საბანაძემ, გიორგი მჭედლიშვილმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, დავით საჯაიამ და დავით ჯიქიამ. უახლოეს მომავალში "დინამოს" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელების გამოჩენას უნდა ველოდოთ.

რა თქმა უნდა, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს ფინანსურად არ უჭირს - გუნდი ანტალიაში აპირებს შეკრების გავლას.

დილა
უჩა სოსიაშვილის გუნდი ეროვნული ჩემპიონატის მთავარი სიურპრიზია. "დილას" მეორე ადგილი უჭირავს უმაღლესი ლიგის თექვსმეტეულში და თბილისის "დინამოს" უდგას კვალში.

"დილადან" ჯერ ოფიციალურად არავინ წასულა. გორელებს გიორგი ილურიძისა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატება სურთ. თუ ფინანსური კუთხით ყველაფერი კარგად იქნა, "დილა" შეკრების გავლას თურქეთში აპირებს.

სამტრედია
ზაზა ზამთარაძის ამბიციური "სამტრედია" ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა - ქებაძემ, გედენიძემ, ჯანელიძემ და პავლიაშვილმა.

სავარაუდოდ, "სამტრედია" უპრობლემოდ მოაწყობს უცხოურ შეკრებას. გუნდის მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა.

სპარტაკი
ეროვნული ჩემპიონატის კიდევ ერთი აღმოჩენა, სავარაუდოდ, სეზონის განახლების შემდეგაც იმ ძირითად ბირთვს დაეყრდნობა, პირველ ნაწილში წარმატება და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი რომ მოუტანა.

კახა კაჭარავა ფეხბურთელებს ანტალიურ შეკრებაზეც წაიყვანს.

დინამო (ბთ)
აჭარლებს ფინანსურად არც აქამდე უჭირდათ და ამ მხრივ, სავარაუდოდ, უკეთესი მდგომარეობაც ექნებათ მას შემდეგ, რაც კიდევ მიიღეს გარკვეული თანხა ბიუჯეტიდან.

ბათუმის "დინამო", ალბათ, რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება და თურქულ შეკრებასაც მოაწყობს.

მეტალურგი
ქრონიკული უსახსრობის პირობებში ვარლამ კილასონიას გუნდმა მართლაც სასწაული შედეგი აჩვენა.

ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგი ექნებოდა რუსთავურ კლუბს (პირველად რომაა ორიენტირებული ადგილობრივ კადრებზე) ნორმალური დაფინანსების შემთხვევაში.

ჩიხურა
სოსო ფრუიძის გუნდს შემადგენლობის გაძლიერება არ აწყენდა. ჩვენი ინფორმაციით, საჩხერელები შეინარჩუნებენ იმ ფინანსურ სტაბილურობას, რითიც წლების განმავლობაში იწონებენ თავს.

მერანი
როგორც გავიგეთ, მარტვილელები თურქული შეკრების მოწყობას აპირებენ და გარდა ამისა, შემადგენლობის ძირითადი ბირთვის შენარჩუნებასაც ახერხებენ. ასეთ შემთხვევაში, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუკი გუნდი ამჟამინდელ შედეგს გააუმჯობესებს.

ზესტაფონი
ამ ეტაპზე, საერთოდ გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე. "ზესტაფონი" დატოვა მისმა მფლობელმა ილია კოკაიამ. მას ფეხბურთელებიც მიჰყვნენ.

ამ დროისთვის, საქართველოს ორგზის ჩემპიონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

გურია
ლანჩხუთელებს ფინანსურად არ ულხინთ, მაგრამ თუ ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხეს, წესით, უმაღლეს ლიგასთან განშორების საფრთხე არ უნდა დაემუქროთ.

შუქურა
გუნდის სატურნირო მდგომარეობა სახარბიელო არ არის, თუმცა ბოლო დროს "შუქურას" თამაშის ხარისხს უკეთესობა ეტყობა. ეს უკრაინელი მწვრთნელის, კონსტანტინ ფროლოვის დამსახურება უნდა იყოს.

კოლხეთი
კოლხები უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ისინი რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაზე ფიქრობენ, თუმცა დღესდღეობით, კლუბის ფინანსური მდგომარეობა იდეალურისაგან შორსაა.

ტორპედო
ქუთაისური კლუბი, რომელიც ცოტა ხნის წინ "ვისოლისგან" გადაიბარა ქალაქის მერიამ, მისთვის უჩვეულო, მე-13 ადგილზეა. გუნდის ახალ დამრიგებელ გიორგი დარასელიას რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება სურს.

ტორპედოელთა პოტენციურ ახალწვეულებად ასახელებენ ნიკა საბანაძეს, შოთა გრიგალაშვილს, გიორგი მჭედლიშვილსა და "დილას" რამდენიმე ფეხბურთელს.

სიონი
"სიონის" ყველა ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. მალე ბოლნისელებს ბიუჯეტი უნდა დაუმტკიცონ და ლადო ბურდულს ერთხელაც მოუწევს ამბიციური გუნდის "აშენება".

ფაქტია: პირველ რიგში, თავად ახალგაზრდა სპეციალისტი ვერ შეეგუება "სიონის" ამჟამინდელ სატურნირო მდგომარეობას.

ვიტ ჯორჯია
ზურაბ ბერიძის ახალგაზრდული კრებული მთელ რიგ მატჩებში საფეხბურთო ფორტუნასთან ბრძოლაში დაიჩაგრა.

ჩვენი ინფორმაციით, "ვეტერინარები" 25 დეკემბერს იწყებენ სამზადისს სეზონის განახლებისთვის. არის იმის შანსიც, რომ გუნდმა უცხოურ შეკრებას მიაშუროს.

ზუგდიდი
ბოლო დროს "ზუგდიდი" ფინანსურად მოფერიანდა. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის სამზადისი. ცხადია, ბესიკ შეროზიას სამწყსოს მთავარი მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად არის რაიმე საბუთი მამტკიცებელი იმისა რომ ილია კოკაია წავიდა კლუბიდან და კლუბი ვინმეს ან მუნიციპალიტეტს გადაულოცა?თუ არ არის ასეთი, მაშინ რას ატლიკინებთ ენას რომ წავიდაო?
გუადუა
01:59 25-12-2014
0

სიახლეები პოპულარული