სოსო ფრუიძე: იმედია, შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამი გვექნება

AutoSharing Option
"ჩიხურას" მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ფეხბურთელები 8 იანვარს საჩხერეში შეკრიბა და საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადება დაიწყო.

"ახლაც საჩხერეში ვართ, რაშიც ამინდებმაც შეგვიწყო ხელი და სავარჯიშო პირობებმაც. ბაზაზე ხელოვნურსაფარიანი მოედანი გვაქვს და ვარჯიში შესაძლებელია.

ახლა ფეხბურთელები ორჯერად წვრთნაზე გადავიყვანე: დილით ფიზიკურ მომზადებას ბუნებაში გავდივართ, საღამოობით კი ბიჭებს ბურთით ვავარჯიშებ. ფეხბურთელები ცოტა ხნით დავასვენე და 17 იანვარს ხელახლა შევიკრიბებით", - ამბობს "ჩიხურას" თავკაცი.

ფრუიძეს გუნდიდან წასულ და ახალ ფეხბურთელებზეც ვკითხეთ:

"ვინ უნდა წასულიყო, როცა ისედაც ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს? ამიტომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში
ჩვენი ამოცანა შემადგენლობის შენარჩუნება და რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაა.

ახალ მოთამაშეებს რაც შეეხებათ, უკვე იცით, რომ ბოლნისის "სიონიდან" დავიმატეთ გიორგი განუგრავა და მასთან კონტრაქტიც გავაფორმეთ. ამას გარდა, მიხეილ სარდალიშვილის მოწვევაც გვსურს და იმედია, მოლაპარაკება სასურველი შედეგით დასრულდება.

ჩვენთან დაიწყო ვარჯიში რუსთავის "მეტალურგის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა კახა კაკაშვილმაც, მაგრამ მას ჯერ ვაკვირდებით.

თუ კიდევ გვექნება ისეთი ფეხბურთელების დამატების საშუალება, რომლებიც გაგვაძლიერებენ, უარს არ ვიტყვით. იმედია, მეორე წრეში შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამი გვეყოლება".

ფრუიძეს კომენტარი "ზესტაფონის" ვიცე-კაპიტან ლევან შარიქაძის თაობაზეც ვთხოვეთ:

"შარიქაძის "სამტრედიაში" წასვლა ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან მას კონტრაქტზე დაველაპარაკეთ. მან მოსაფიქრებლად ორი დღე ითხოვა. მერე შევთანხმდით, რომ ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოგვეწერა, მაგრამ... სხვაგან წავიდა. რას ვიზამთ... შარიქაძეს წარმატებას ვუსურვებ".

ვფიქრობ, ეს სიახლეც დაგაინტერესებთ: "ჩიხურაში" გიული მანჯგალაძეც ემზადება. 22 წლის ნახევარმცველი 4 წლის განმავლობაში ლუგანსკის "ზარიაში" ვარჯიშობდა, მიმდინარე სეზონში კი უკრაინის პირველი ლიგის კლუბ "პოლტავაში" იჯარით გადავიდა:

"მანჯგალაძე "ზარიაში", ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, მაგრამ უკრაინის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ახლა ჩვენთან ემზადება. როგორც ვიცი, ის უკრაინიდან ომის გამო წამოვიდა. დავაკვირდებით და მალე ვიტყვით, დარჩება თუ არა".

"ჩიხურა" შეკრების მეორე ეტაპს 24 იანვარს, ანტალიაში დაიწყებს და 6 თებერვალს დაასრულებს. ცხადია, ფრუიძის გუნდი იქ საკონტროლო შეხვედრებსაც გამართავს. "ჩიხურამ" შეკრების ორგანიზატორებს 4 მატჩის დაგეგმვა მოსთხოვა. მეტოქეთა ვინაობა მალე გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული