სამწვრთნელო თემა: საინტერესო ტენდენციები ქართულ ფეხბურთში

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონი ახალი დაწყებული იყო (სამი ტურის შემდეგ), როცა ვივარაუდეთ, რომ მართლაც "განსაკუთრებული" ჩემპიონატის მომსწრენი უნდა გავმხდარიყავით! უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობას ვგულისხმობდით.

თუმცა, რატომღაც, მაშინვე მიგვაჩნდა, რომ არც ისე მთლად კატასტროფულად იყო საქმე ამ გუნდებში და უფულობაზე ლამის ყოველდღიური წუწუნი თუ ვიშვიში, ცოტა არ იყოს, რეალობას მოკლებულს წააგავდა. ასეც აღმოჩნდა: იმ "გაჭირვებულ" გუნდებს ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის დადგომისთანავე ახალ-ახალი ფეხბურთელების (მათ შორის - ლეგიონერების) მოსაყვანად საკმარისი თანხებიც "გამოუჩნდათ" და თურქეთში კომფორტულ პირობებში
შეკრების ჩასატარებლად საჭირო ფინანსებიც.

ოღონდ ეს მართლაც დადებითი (გნებავთ, სასიამოვნო) ტენდენციაა და ნეტავ უმაღლესი ლიგის იმ დარჩენილ ოთხ გუნდსაც ჰქონოდა ანტალიის კომფორტულ სასტუმროებში ცხოვრებისა თუ არანაკლებ კომფორტულ მოედნებზე სოლიდურ სპარინგ-პარტნიორებთან საკონტროლო მატჩების ჩატარების საშუალება, - ამ შემთხვევაში ხომ მეორე წრეს ყველა ჩვენი გუნდი თითქმის იდეალურ მზადყოფნაში შეხვდებოდა...

4 ცვლილება 15 ტურში!
კიდევ ერთი ტენდენციის შესახებაც ვივარაუდეთ ამ სეზონის დასაწყისში, თუმცა ეს საკითხი ხომ უკვე წლებია, ჩვენთან ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება; თანაც, არა მხოლოდ ჩვენთან ხდება მწვრთნელების ხშირ-ხშირი ცვლა (ზოგჯერ აუცილებლობით ნაკარნახევია, ზოგჯერ კი გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელისგან), მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში ამ ბოლო წლებში მაინც ნამეტნავად გაიზარდა სამწვრთნელო გადაადგილებების რიცხვი.

ყველაზე უცნაურად კი ის ფაქტ(ებ)ი გვეჩვენება, როცა ამა თუ იმ მწვრთნელს ბევრისთვის აუხსნელი მიზეზ(ებ)ის გამო ათავისუფლებენ; აბა, როგორი საქმეა, როცა რომელიმე მწვრთნელს (მნიშვნელობა არა აქვს, ქართველს თუ უცხოელს) სამი-ოთხი მატჩის მერე რომ გაათავისუფლებენ?

ჰო, გასაგებია, როცა კონკრეტული მწვრთნელის ხელმძღვანელობით, გუნდი ვერც სასურველ თამაშს უჩვენებს და ვერც სასურველი შედეგი მოაქვს. ასეთ შემთხვევებში მომხდარი საკადრო ცვლილებები არავისთვისაა გასაკვირი, მაგრამ, როცა 15 ტურის განმავლობაში ერთსა და იმავე გუნდში 4 (ოთხი!) სამწვრთნელო გადაადგილება მოხდება, აი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

ზამთრის პაუზის დროს უკვე სამ გუნდში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. სეზონის განახლებამდე რვა დღეა დარჩენილი და ერთი-ორი ცვლილება კიდევ რომ მოხდეს, არც ეს გაგიკვირდეთ...

რეკორდსმენი შუქურა
მიმდინარე ჩემპიონატის დაწყებიდან ჯერჯერობით 7 სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა უმაღლესი ლიგის გუნდებში და "აბსოლუტური რეკორდსმენიც" გამოიკვეთა: "შუქურას" ფეხბურთელებს უკვე... მეოთხე (!) მთავარი მწვრთნელის გაცნობა უწევთ!

ჰო, მართლაც ასეა: უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა "შუქურამ" სეზონი გამოცდილი სპეციალისტის, ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით დაიწყო.

თუმცა გავიდა... სამი ტური და XXVI ჩემპიონატის პირველი სამწვრთნელო გადაადგილებაც ვიხილეთ: შეროზიასა და ქობულეთელთა გუნდის გზები გაიყო; არადა, ამ სამ ტურში "შუქურამ" 5 ქულა აიღო: მოუგო "ზუგდიდს" (2:1), ხოლო სტუმრად "გურიასთან" და შინ "ჩიხურასთან" ფრედ ითამაშა; ანუ შეროზია ისე წავიდა ქობულეთელთა გუნდიდან, თამაში არ წაუგია.

სამაგიეროდ, მის ნაცვლად მოსულ ასევე გამოცდილ სპეციალისტს, ამირან გოგიტიძეს დებიუტი უსიამოვნო გამოუვიდა: "შუქურა" სტუმრად დიდი ანგარიშით (0:6) დამარცხდა თბილისის "დინამოსთან"...

ამ მატჩის შემდეგ გოგიტიძემ კიდევ შვიდჯერ უხელმძღვანელა "შუქურას" და ნოემბრის დასაწყისში მასაც მოუწია პოსტის დატოვება. აქვე, ბარემ "შუქურას" შედეგებსაც გაგაცნობთ ამირან გოგიტიძის თავკაცობით ჩატარებულ იმ რვა შეხვედრაში: 1 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება; ოღონდ ის ერთადერთი მოგებაც (X ტურში) უნდა ვახსენოთ, როცა 25 ოქტომბრის მატჩში "შუქურას" ტექნიკური გამარჯვება (3:0) ჩაეთვალა "დილასთან" საშინაო მატჩში.

მოკლედ, შემოდგომის ბოლო თვის დასაწყისი იყო, "შუქურაში" რიგით მესამე მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი სპეციალისტი კონსტანტინ ფროლოვი რომ მივიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩაამთავრა ქობულეთელთა გუნდმა პირველი წრეც, რომლის ხელმძღვანელობითაც დაიწყო მზადება მეორე წრისათვის და რომლის ხელმძღვანელობითაც თურქეთში შეკრებაზე მყოფმა "შუქურამ" საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. თუმცა, აი, მერე რა და როგორ მოხდა, ეს დეტალები ჩვენთვის უცნობია.


სამაგიეროდ, ის არის ცნობილი, რომ მეორე წრისათვის გუნდს კიდევ ერთი ახალი მწვრთნელი, ახალგაზრდა სპეციალისტი გელა სანაია მოამზადებს.

...ფროლოვი ვახსენეთ და ბარემ ისით ვთქვათ, რომ ამ უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული ოთხი მატჩიდან "შუქურამ" ერთი წააგო, ერთი ფრედ ითამაშა (ორივე - გასვლითი შეხვედრა) და ორიც მოიგო! თუმცა ოთხ მატჩში მოპოვებული 7 ქულა, ეტყობა, საკმარისი არ გამოდგა იმისათვის, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რიგით მეოცე ლეგიონერი სპეციალისტის, კონსტანტინ ფროლოვის აქაური სამწვრთნელო კარიერა გაგრძელებულიყო.

ისე, ასეთი მცირე რაოდენობის მატჩები საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში არც ერთ უცხოელ მწვრთნელს არ ჩაუტარებია; თუმცა, "აბსოლუტურ რეკორდს" ფროლოვი მაინც ვერ მისწვდა: შარშან ზაფხულში, "დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად დანიშნულ ჩეხ სპეციალისტ მიხალ ბილეკს საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩის ჩატარება არც მოუწია: ევროტურნირებზე ფიასკოს (ყაზახურ "აქტობესთან") მერე გაათავისუფლეს...

არაფერი გასაკვირი
ბესიკ შეროზია და გელა სანაია იმ მწვრთნელებს შორის იყვნენ, პირველი წრე რომ დაიწყეს (შესაბამისად - "შუქურასა" და "სამტრედიაში") და მერე წასვლა მოუწიათ. თუმცა შეროზიას უქმობა დიდხანს არ გაგრძელებულა: ქობულეთიდან წამოსვლიდან დაახლოებით თვე-ნახევარში მშობლიური "ზუგდიდის" გაძღოლა ითავა (სადაც რამაზ მუმლაძე შეცვალა) და დღესდღეობით ამ გუნდის სატურნირო მდგომარეობას უიმედოს ვერავინ უწოდებს.

რაც შეეხება სანაიას, ამბიციური მიზნების მქონე "სამტრედიის" გაწვრთნა ამ ახალგაზრდა სპეციალისტს 10 ტურის განმავლობაში მოუხდა; ამ ათი მატჩიდან "სამტრედიამ" 5 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 3 წააგო. თუმცა X ტურში სწორედ ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზუგდიდთან" საშინაო მარცხის მერე სანაიას "სამტრედიის" დატოვება მოუხდა, მაგრამ სამთვიანი პაუზის მერე ამ სპეციალისტს კვლავაც უმაღლეს ლიგაში ვიხილავთ, ამჯერად "შუქურას" მთავარი მწვრთნელის რანგში.

კიდევ ორი სამწვრთნელო გადაადგილება კი პირველი წრის დამთავრების შემდეგ მოხდა; თანაც, ორივე შემთხვევაში მოულოდნელი თუ გასაკვირი არავისთვის არაფერი უნდა ყოფილიყო: "ზესტაფონში" მართლაც გაურკვეველი სიტუაცია იყო და მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ (თავის თანაშემწეებთან ერთად) გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა;

აი, რაც შეეხება კიდევ ერთ ცვლილებას, ეს თითქმის პირველი წრის დამთავრებისთანავე მოხდა: "ტორპედოსა" და რევაზ ძოძუაშვილის გზების გაყოფის უმთავრესი მიზეზი, დიდი ალბათობით, ის უნდა ყოფილიყო, რომ ქუთაისელთა გუნდს ბოლო დროს კრიზისი დაეწყო (ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია) და ეს ყველაფერი სატურნირო ცხრილშიც აისახა.

ის კი მოგეხსენებათ, რომ "ტორპედო" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს რვათვიანი პაუზის მერე უბრუნდება; ხოლო მეორე იმერულ კლუბს, "ზესტაფონს" კი გიორგი მიქაძე გაწვრთნის, ვინც მანამდე ამ გუნდის დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

2014/15 წლების სეზონი 18 თებერვალს საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩებით განახლდება, სამი დღის მერე კი ჩემპიონატის მეორე წრეც დაიწყება; არ არის გამორიცხული, რომ მანამდე კიდევ შევიტყოთ ამა თუ იმ გუნდში მომხდარი სამწვრთნელო გადაადგილების შესახებ.

თუმცა, შესაძლოა, არც არავინ შეიცვალოს ამ პერიოდში; სამაგიეროდ, სეზონის ბოლომდე რომ რამდენიმე საკადრო ცვლილება მოხდება, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული