10:49 23-02-2015
ცხინვალი-დილა 0:1 - ახალწვეულთა ზეობა [VIDEO]
AutoSharing Option
ჰო, საკმაოდ საინტერესო და ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს ახალგაზრდა სპეციალისტ უჩა სოსიაშვილს, რომელსაც იმითაც შეუძლია იამაყოს, რომ ყველა რგოლში ლიდერი ჰყავს. აღარაფერს ვამბობთ ახალწვეულებზე: ყველა მათგანმა გუშინ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო "დილაში" ერთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა მიხაილ გორელიშვილმა სულაც გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი გაიტანა გუშინ!
...მშვენიერ ამინდში ჩატარებული მატჩი უინტერესო ნამდვილად არ ყოფილა - განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმი. თუმცა რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი პირველ ტაიმშიც მოხდა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ შესვენებამდე სტუმრები უფრო უკეთ გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით კი, მარჯვენა ფლანგი აქტიურობდა, სადაც დავით ხურცილავა და გიორგი სეთურიძე ერთმანეთთანაც კარგად მოქმედებდნენ და მეტოქესაც გვარიანად ავიწროებდნენ.
ასევე მონდომებული გახლდათ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გიორგი თექთურმანიძეც, რომელსაც ერთ ეპიზოდში გიორგი ცერცვაძემ არ დაანება გოლის გატანა. ნაყოფიერად ირჯებოდა საყრდენის პოზიციაზე ახალგაზრდა გუგა ფალავანდიშვილი, აი, ნიკა კვეკვესკირი კი უფრო წინ იყო აწეული და ერთი-ორჯერ ეფექტური კომბინაციაც წამოიწყო.
როგორც ყოველთვის, ჩვეულ დონეზე გამოიყურებოდა "დილას" საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე, რომელსაც ტაიმის ბოლოს მშვენიერი მომენტი შეექმნა, მაგრამ სოსლან ნანიევმაც დამაჯერებლად ითამაშა.
რაც შეეხება მასპინძლებს, მათგან პირველ ტაიმში გიორგი ივანიშვილის აქტიურობას აღვნიშნავდით: კვირას გამართულ მატჩში "ცხინვალის" კაპიტანმა ერთ ეპიზოდში ჩინებული ფლანგური გარღვევა განახორციელა და ზუსტი გადაცემაც მოაყოლა, მაგრამ ლაშა შინდაგორიძის შეუჩერებლად დარტყმას ომარ მიგინეიშვილის უშეცდომო თამაში მოჰყვა.
ტრადიციულად, აქტიური გახლდათ ნიკა კაჭარავა, თუმცა მასპინძელთა ტანმაღალ ცენტრფორვარდს მჭიდროდ მეურვეობდნენ ასეთივე ათლეტური ოპონენტები, ალექსანდრე კვახაძე და ალან ბაგაევი (ეს უკანასკნელი მართლაც მშვენიერი შენაძენი უნდა იყოს "დილასთვის").
აი, მეორე ტაიმში კი მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ მატჩის ერთადერთ გოლამდე "ცხინვალი" ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა, მეტოქეს ყველა კომპონენტშიც სჯაბნიდა და, რაც მთავარია, რამდენიმე უმწვავესი შეტევაც ვიხილეთ მასპინძელთა შესრულებით.
ჯერ იყო და, შინდაგორიძემ დაარტყა საშუალო მანძილიდან, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მეტოქის კარს; აი, ამის მერე კი, ხუთწუთიან ინტერვალში "ცხინვალს" გოლის გატანის, ფაქტობრივად, ორი 100-პროცენტიანი შანსი მიეცა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა ორივე ეპიზოდში მართლაც დიდებულად ითამაშა და საკუთარი გუნდი ორჯერვე გადაარჩინა!
გიორგი ივანიშვილმა სტანდარტულიდან ბურთი დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა მეტოქის საჯარიმოში და გიორგი კაჭკაჭიშვილიც... სამი მეტრიდან თავით ურტყამდა, მაგრამ მიგინეიშვილმა ჩინებული რეაქცია უჩვენა.
მომდევნო ეპიზოდში კი კაჭარავა ხელსაყრელი პოზიციიდან შორეულ კუთხეში გზავნიდა ბურთს, მაგრამ სტუმართა მეკარემ ამჯერადაც იყოჩაღა.
აი, ამას კი მიხაილ გორელიშვილის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა: "დილას" ფორვარდმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, მოტრიალდა და ცაციათი ზუსტად დაარტყა ახლო კუთხეში!
მატჩის ბოლომდე კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი ვნახეთ, თუმცა რეალური შანსი სტუმრებს უფრო ჰქონდათ, მაგრამ ნიკა კვეკვესკირის, გიორგი ერისთავის, ალან ბაგაევის, მიხაილ გორელიშვილისა და სლავკო მარიჩის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
დაბოლოს ერთ საკამათო ეპიზოდზეც, მატჩის მიწურულს რომ მოხდა: სტუმართა საჯარიმოში ორთაბრძოლისას ბურთისთვის ალექსანდრე კვახაძე და ნიკა კაჭარავა იბრძოდნენ, რის შემდეგაც მასპინძელთა ფორვარდი წაიქცა. ტრიბუნიდან ცხადად არ ჩანდა, იყო თუ არა პენალტი, მაგრამ სიმულაციას (რის გამოც გააფრთხილეს კიდეც კაჭარავა-უმცროსი) რომ ადგილი არ ჰქონდა, ეს მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის...
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
22.02. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ. მოედანი). 400 მაყურებელი
ცხინვალი-დილა 0:1
გოლი: 0:1 გორელიშვილი (62)
ცხინვალი (4-2-3-1): ნანიევი - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, ვ. კილასონია, ნ. ჯიშკარიანი - იმედაშვილი, მახარობლიძე - გ. ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი (66. ლექვთაძე), შინდაგორიძე (82. მარკოზაშვილი) - ნ. კაჭარავა.
სათადარიგოები: ბურძენაძე, ქარდავა, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, ბენდიანიშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დილა (4-1-3-2): მიგინეიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, ჯაფარიძე - ფალავანდიშვილი - სეთურიძე, კვეკვესკირი (86. ჭეჭელაშვილი), თექთურმანიძე (67. მარიჩი) - მოდებაძე (76. ერისთავი), გორელიშვილი.
სათადარიგოები: ახალკაცი, ქარქუზაშვილი, გ. სამხარაძე, სომხიშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: თექთურმანიძე (3), იმედაშვილი (56), ნ. კაჭარავა (84)
არბიტრი: ლ. სილაგავა
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 5
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ,) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
მომდევნო მატჩები
XVII ტური
28 თებერვალი, შაბათი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
შუქურა-გურია
1-ლი მარტი, კვირა
მეტალურგი-ზუგდიდი
სიონი-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია
ზესტაფონი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
მერანი-ცხინვალი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვულოცავ დილას გამარჯვებას,სულ გამარჯვების გზით გევლოთ ბიჭებო,თუმცა ცოტა მეტი რეალიზება არ იქნებოდა ურიგო,ანუ მეტი გოლიიი...
0
0
გავაძლიეროთ ცხინვალი ხალხო.....რომ ევროპაზე გვასახელოს და მსოფლიოს გააცნოს რომ საქართველოა......ყველაზე მეტად დღეს ცხინვალის გაძლიერება გვჭირდება
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული