უმაღლესი ლიგა. XVIII ტურის წინ: მარტში გამოჩნდება...

AutoSharing Option
ფოტოზე: ზესტაფონი-დინამო პირველ წრეში - 2:3.
მეორე წრის დაწყებამდეც ვწერდით, რომ სწორედ მარტში უნდა გამოჩნდეს, თუ რამდენად ეფექტიანად გაიარეს უმაღლესი ლიგის გუნდებმა ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი.

ანუ ჩვენი მწვრთნელ-ფეხბურთელებისათვის მეტისმეტად "გადატვირთულ" კალენდარს ვგულისხმობთ: მარტში უმაღლესი ლიგის რვა გუნდს ხუთ-ხუთი ოფიციალური მატჩის ჩატარება უწევს, კიდევ რვა გუნდს (თასის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრების მონაწილეებს) კი - ექვს-ექვსი.

თუმცა ასეთი გრაფიკი ევროპაში უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივ ამბად აღიქმება და ბოლო წლებში ჩვენს ჩემპიონატშიც ხშირად ყოფილა, საგაზაფხულო ეტაპზე ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს რომ უნდა ჩაეტარებინათ გუნდებს ოფიციალური
მატჩები.

მოკლედ, ჩვენს ფეხბურთელებს მორიგი "ტესტი" (ამჯერად - საგაზაფხულო) ელოდებათ.

თანაც, ისეთი ტურია "კარს მომდგარი", ცხრილის ზემოთაც და ქვემოთაც სერიოზული გადაადგილებები რომ არის მოსალოდნელი. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ ტურიდან მეოთხე დღეს დანიშნული თასის საპასუხო მეოთხედფინალებიც უდიდეს ინტრიგას გვპირდება: ჯერჯერობით ხომ არც ერთ წყვილში არ არის გარკვეული ნახევარფინალისტთა ვინაობა.

ანუ რვავე მეოთხედფინალისტმა (უფრო ზუსტად - ერთის გამოკლებით) სათასო მატჩებზეც უნდა იფიქროს და ამავდროულად, ჩემპიონატზეც. თანაც, ვერც ერთი მეოთხედფინალისტი ამ ტურში ვერ "დაისვენებს", ისეთი მატჩებია წინ...

05.03. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ზესტაფონი
დისკვალიფიკაცია: ოთარ ხიზანეიშვილი, მალხაზ გაგოშიძე (ორივე - ზესტაფონი)
პირველი წრე 3:2
ურთიერთშეხვედრები
34: +19 =6 -9, 51:33

ზედიზედ ორი საჩემპიონო ტრიუმფის შემდეგ "დინამოს" ქომაგები თავიანთი საყვარელი გუნდისგან, რაღა თქმა უნდა, "გასამებას" ელიან. თუმცა, გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ჯერჯერობით ყველა მეტოქეს "ათი თავით" ვერ სჯობს.

ეგ კი არა, წინა ტურში განცდილი მარცხის მერე "დინამომ" ლიდერობა დაკარგა და დღევანდელ მატჩშიც მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავა. არადა, სულ მალე კახა გოგიჩაიშვილის გუნდს ურთულესი საპასუხო სათასო მატჩი ელოდება იმ მეტოქესთან, რომელმაც ლიდერობა "წაართვა" - გორის "დილასთან"!

რა თქმა უნდა, დღესდღეობით "ზესტაფონი" ის გუნდი აღარ არის, სწორედ "დინამოს" რომ ეცილებოდა ჩემპიონობაში (თანაც, სულ ახლო წარსულს ვიხსენებთ); მაგრამ ახალი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის, ფაქტობრივად, ახლად ჩამოყალიბებული (გნებავთ - შექმნილი) გუნდი რომ ამ რთულ პერიოდს დაძლევს, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულნი.

თანაც, "დინამოს" წინააღმდეგ ხომ საქართველოში ნებისმიერი მეტოქე განსაკუთრებული მოტივაციით ასპარეზობს და არცთუ "დალხენილ" სატურნირო მდგომარეობაში მყოფი "ზესტაფონისგანაც" დღეს მაქსიმალურ მონდომებას უნდა ველოდოთ.

...ამ გუნდებს შორის ჩატარებული თითქმის ყველა მატჩი საინტერესოზე მეტი იყო ხოლმე, ისე, როგორც პირველი წრის შეხვედრა, როცა "დინამომ" მატჩის მიწურულს ირაკლი ძარიას დუბლით იმარჯვა. თუმცა, დღესდღეობით აღარც ძარიაა "დინამოში" და არც "ზესტაფონშია" გუნდის იმდროინდელი ლიდერი ჯაბა დვალი...

05.03. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 15:00
გურია-მეტალურგი
დისკვალიფიკაცია: ვილი ისიანი (გურია)
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
5: +1 =1 -3, 5:8

როცა ეს გუნდები პირველ წრეში უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, იმ მესამე ტურის წინათქმაში, "ყველაზე გაჭირვებულთა პაექრობაზე" გავამახვილეთ ყურადღება. ჰო, ნამდვილად ასე იყო: სეზონის დაწყებამდე ყველაზე სერიოზული ფინანსური პრობლემები სწორედ "მეტალურგსა" და "გურიას" ჰქონდათ.

თუმცა, მერე და მერე, ლანჩხუთელებმა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაჭრეს და ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში უცხოეთში ვერა, მაგრამ ურეკში მაინც მოახერხეს შეკრების გავლა. ამას გარდა, თეიმურაზ ლორიას გუნდს იმის საშუალებაც ჰქონდა, რომ რამდენიმე ახალწვეულით გაეძლიერებინა გუნდი და ლეგიონერებიც კი დაიმატა.

ყველა "სიკეთესთან" ერთად, "გურიის" დღესდღეობით მეტ-ნაკლებად უხიფათო სატურნირო მდგომარეობაც აღსანიშნავია; ისე, როგორც ის ფაქტი, რომ "ჩიხურას" მსგავსად, მხოლოდ "გურიაა", საკუთარ მოედანზე თამაში რომ არ წაუგია!

აი, "მეტალურგის" პრობლემებს კი ბოლო არ უჩანს. არ იყო გამორიცხული, რუსთაველთა გუნდი არ წასულიყო ლანჩხუთში სათამაშოდ, თუმცა, როგორც რუსთავიდან გვაცნობეს, ფეხბურთის ფედერაციის კეთილი ნებით, პრობლემა გადაიჭრა და მატჩი შედგება.

05.03. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
დინამო (ბთ)-დილა
დისკვალიფიკაცია: ვალერიან თევდორაძე (დინამო ბთ)
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
44: +24 =11 -9, 66:28

აი, ამას კი ვერავინ იფიქრებდა, რომ მეორე წრის დასაწყისში ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ ბათუმის "დინამოსა" და "დილას" დაპირისპირება იქნებოდა! თუმცა, ფაქტია: მესამეადგილოსანმა ბათუმის "დინამომ" დღეს ჩემპიონატის ლიდერს უნდა უმასპინძლოს და გამარჯვების შემთხვევაში სხვაობას ერთ ქულამდე შეამცირებს.

თუმცა, მშვენივრად დაბალანსებული "დილაც" მაქსიმალურად ეცდება, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ლიდერობა - მართლაც არ არის პატარა ამბავი, როცა გორელთა საყვარელ გუნდს ჩემპიონობის შანსი გააჩნია!

ასეთი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მეორედ ხდება, თუმცა "დილასთვის" ყველაზე წარმატებულ სეზონში (2012/13 წლები) გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გორელთა გუნდი "საჩემპიონო რბოლაში" ჩამორჩა "დინამო თბილისს" და მეორე ადგილს დასჯერდა.

ახლა კი ვერავინ იტყვის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები; თუმცა ის კი ფაქტია, რომ "დილაში" საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა შეიკრიბა და ამ გუნდს თავისუფლად შეუძლია ორივე "ფრონტზე" წარმატების მიღწევა.

ლიდერთა დღევანდელ მატჩს სამწვრთნელო ინტრიგაც ახლავს: უმაღლესი ლიგის ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი შოთა ჭეიშვილი ყველაზე ახალგაზრდას, უჩა სოსიაშვილს უნდა ეპაექროს!..

05.03. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 15:00
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
22: + 7 =5 -10, 16:20

გასულ ტურში კახა კაჭარავას დამოძღვრილმა "ცხინვალმა", ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "მერანთან". ეს მოგება "ცხინვალისათვის" სატურნირო მნიშვნელობითაც ფასეული იყო და არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ დროებითი კრიზისი წარსულს ჩაბარდა.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურამდე "ცხინვალმა" ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო და ეს, რაღა თქმა უნდა, გუნდის სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. თუმცა, მარტვილში ახალ მოედანზე ჩატარებულ მატჩში ორივე გარემარბმა, თეიმურაზ მარკოზაშვილმა და ლაშა შინდაგორიძემ ეფექტური გოლები შეაგდეს და გუნდი კვლავაც "ევროზონის" სიახლოვეს იმყოფება.

აი, "ვეტერინარებს" კი მართლაც ცუდი დროება უდგათ: ზურაბ ბერიძის გუნდს 20 სექტემბრის მერე არ მოუგია ჩემპიონატში.

ვნახოთ, რამდენად შეძლებს ახალგაზრდული "ვიტ ჯორჯია" სატურნირო ცხრილის "ფსკერიდან" ამოსვლას; არადა, საყოველთაო აზრია, რომ ეს მართლაც საკუთარი "ხელწერის" მქონე გუნდი უმაღლეს ლიგაში უნდა ასპარეზობდეს და არა - უფრო "ქვემოთ"...

...სამ დღეში ეს მეტოქეები კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, პირველი შეხვედრა კი, 18 თებერვალს რომ გაიმართა, "ვეტერინართა" მოულოდნელი და აშკარად "არასაფეხბურთო" გამარჯვებით (5:4) დამთავრდა, თანაც, "ცხინვალის" საშინაო არენაზე...

05.03. ივანწმინდა. 15:00
ჩიხურა-შუქურა
დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი, თორნიკე მუმლაძე (ორივე - ჩიხურა)
პირველი წრე 1:1
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =1 -0, 1-1

ერთი შეხედვით, ამ წყვილის უპირობო ფავორიტად "ჩიხურა" უნდა მივიჩნიოთ: სოსო ფრუიძის გუნდს ხომ საშინაო მატჩებში საუკეთესო და ფაქტობრივად, 100-პროცენტიანი შედეგი აქვს!

თავად განსაჯეთ: დღევანდლამდე ჩატარებული რვა საშინაო შეხვედრიდან "ჩიხურამ" შვიდი მოიგო და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ; "შუქურას" კი პირიქით, სტუმრად ჯერ არ მოუგია არც ერთი მატჩი და საერთოდაც, უმაღლეს ლიგაში ქობულეთელთა გუნდზე უარესი მაჩვენებელი "საგარეო" შეხვედრებში მხოლოდ "სიონს" აქვს.

ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ჩიხურა" გარკვეული საკადრო პრობლემებით ხვდება დღევანდელ მატჩს და ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ საჩხერელებს სულ მალე თასის საპასუხო მეოთხედფინალიც აქვთ სათამაშო.

ისე, დღევანდელ მატჩში არ არის გამორიცხული, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელები მთლად უმცირესობაში არა, მაგრამ, ზოგადად, ნაკლები ვიხილოთ: "ჩიხურამ" ორი უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა, "შუქურას" ძირითადში კი წინა ტურში სულაც ხუთი უცხოელი ფეხბურთელი გახლდათ!

05.03. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-სიონი
დისკვალიფიკაცია: დაჩი ცნობილაძე (სიონი)
პირველი წრე 2:2
ურთიერთშეხვედრები
21: +4 =6 -11, 23:34

მხოლოდ სატურნირო ცხრილით თუ ვიმსჯელებთ, ლიდერისა და ერთ-ერთი აუტსაიდერის დაპირისპირება უნდა ვუწოდოთ "სამტრედიისა" და "სიონის" დღევანდელ მატჩს; თუმცა, საქმე მთლად მასე რომ არ არის, წინა ტურშიც ნათლად გამოჩნდა, როცა ლადო ბურდულის განახლებულმა (და, რაც მთავარია, მკვეთრად გაახალგაზრდავებულმა) გუნდმა დამსახურებულად მოუგო თბილისის "დინამოს".

მოკლედ, დღეს ერთობ საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს სამტრედიაში და ზაზა ზამთარაძის შეგირდებიც ყველა ღონეს იხმარენ, რომ არ ჩამორჩნენ "საჩემპიონო რბოლას", ხოლო ბოლნისელთა მართლაც საინტერესო გუნდიც რომ არაფერს დაუთმობს ძლიერ მოწინააღმდეგეს, ესეც უდავოა.

აქვე, ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩიც უნდა ვახსენოთ, რომელიც თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებად. მოვლენებით დახუნძლულ იმ შეხვედრაში "სამტრედია" 2:0-ს იგებდა, მერე კაცნაკლული დარჩა. ამას ბოლნისელთა მიერ პენალტის გაცუდება მოჰყვა და ყველას საქმე რომ დამთავრებული ეგონა, მატჩის ბოლო ხუთ წუთში "სიონის" იმდროინდელმა ცენტრფორვარდმა დავით სირაძემ "დუბლი" შეასრულა და თავისი გუნდი წაგებისაგან იხსნა!

05.03. ქუთაისი. ტორპედო. 15:00
ტორპედო-მერანი
დისკვალიფიკაცია: გივი იოსელიანი, ბექა ტუღუში (ორივე - ტორპედო)
პირველი წრე 1:3
ურთიერთშეხვედრები
11: +6 =1 -4, 18:13

ქუთათურთა წარუმატებელი სერია, როცა იქნება, ხომ უნდა დასრულდეს: უკვე 11 ტურია, "ტორპედოს" ჩემპიონატში მატჩი არ მოუგია და ამის გამოც გუნდის სატურნირო მდგომარეობა ერთობ საგანგაშოა.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ სეზონში "ტორპედოს" საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ("ვიტ ჯორჯიასთან") და გუნდმა თუ ამ შედეგის გაუმჯობესებაზე ახლავე ვერ დაიწყო ზრუნვა, მაშინ უკვე ძნელი წარმოსადგენიც იქნება, ამას რა მოჰყვება.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ტორპედოს" ახალ თავკაცს, გიორგი დარასელიას (სულ ახლახან, დიდი პირადი ტრაგედია რომ შეემთხვა) გუნდიც, ფაქტობრივად, ახალი ჰყავს და ფეხბურთელების შეთამაშებასაც დრო რომ სჭირდება, ფაქტია.

აი, "მერანს" კი შეთამაშების პრობლემა ნამდვილად არ აკლია, თუმცა, პირველი წრისაგან განსხვავებით, იმას ვერ ვიტყვით, რომ უკრაინელი სპეციალისტის, ვლადიმირ ლობასის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე წრეც წარმატებულად დაიწყო: "მერანმა" ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღო.

მარტვილელთა გუნდი ჯერჯერობით "უხიფათო ზონაში" კი იმყოფება, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს, სიტუაცია, შესაძლოა, უარესობისაკენ შეიცვალოს...

06.03. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 15:00
ზუგდიდი-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: ავთანდილ ენდელაძე (ზუგდიდი), გია ჩადუნელი (კოლხეთი)
პირველი წრე 1:1
ურთიერთშეხვედრები
11: +4 =3 -4, 12:11

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ხდება რუსტავის თავს???
puma
14:06 05-03-2015
0
ბარემ დინამო tv დაარქვით.მინაშვილიმა რა ქნას რასაც უბრძანებენ იმას ჭიკჭიკებს......... ეგეც....კიდე დაბლოკეთ
gori
13:29 05-03-2015
0

სიახლეები პოპულარული