ბათუმის "დინამო": სტადიონი, ჩემპიონთა ლიგის საგზური, ახლა საკუთარი ბაზაც!

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა! გაგიკვირდათ? საქმე ისაა, რომ კლუბის სტრუქტურაში გაერთიანდნენ კლასიკური, ფუტსალისა და პლაჟის ფეხბურთის გუნდები, წარმატებას კი ამ უკანასკნელმა მიაღწია...

"ბათუმი საზღვაო ქალაქია და ლოგიკური იყო, პლაჟის ფეხბურთის გუნდი რომ ჩამოყალიბდა. ასე გაწევრდა ბათუმის "დინამოს" საკლუბო სისტემაში ამავე სახელწოდების გუნდი, რომელშიც ჩვენი რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი გამოდის. მათგან ყველაზე ცნობილი ირაკლი ცანავაა. გუნდს კი ჯაბა ჭანტურია და ნიკა თოდაძე ავარჯიშებენ.

ბათუმის "დინამომ" მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, სადაც თბილისის, ფოთისა და კახეთის გუნდები მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ პირდაპირ მოვიპოვეთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება.

ჩვენი შესაძლო მეტოქეები არიან "ბარსელონა", "რომა", "ინტერი", "პორტუ", კიევის "დინამო", მოსკოვის "ლოკომოტივი" და კიდევ რამდენიმე ცნობილი გუნდი. ფინალურ ტურნირს ბარსელონა ან იტალიის რომელიმე ქალაქი უმასპინძლებს.

სასიხარულოა, ბათუმი ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე რომ იქნება წარმოდგენილი", - ამბობს ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი.

ცნობილია, რომ სტადიონის ასაშენებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ესპანურმა კომპანიამ გაიმარჯვა.

პროექტი ლამაზად კი გამოიყურება, მაგრამ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა შიგნითა ხედს იწუნებს, რადგან წარმოდგენილი მაკეტით, ტრიბუნებზე ოთხი ფერის სკამები დამონტაჟდება - ცენტრში საქართველოს დროშა უნდა გამოსახულიყო, დანარჩენზე კი - ბათუმის "დინამოს" ლურჯ-თეთრი ფერები.

აჭარული კლუბის ხელმძღვანელი ამ თემაზეც გველაპარაკა:

"ეს იყო ერთადერთი, რისი შეცვლაც კლუბმა მაკეტში მოითხოვა. მივიღეთ თანხმობა, რომ ტრიბუნებზე მხოლოდ ბათუმის "დინამოს" ლურჯ-თეთრი ფერების სკამები დამონტაჟდება. მარტო იმიტომ, რომ ეს უფრო ბუნებრივი და მისაღები იქნება და იმიტომაც, რომ ევროპის ცნობილი სტადიონების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ ან ორ დომინანტ ფერშია გადაწყვეტილი.

სხვათა შორის, პროექტების განხილვას ჩვენი ფან-კლუბის წევრებიც ესწრებოდნენ და მათაც იგივე მოთხოვნა წამოაყენეს.

სხვა კუთხით, ეს მშვენიერი პროექტია. ესპანელებს ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვთ, მათ 15-მდე სტადიონი აუშენებიათ, მათ შორის, ბრაზილიაში - მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ახლა კი ვალენსიაში "მესტალიას" შემცვლელს ააშენებენ.

მჯერა, მალე ბათუმში ულამაზესი სტადიონი გვექნება".

ფედიჩკინის თქმით, სტადიონის პარალელურად, კლუბს მალე საკუთარ ბაზასაც აუშენებენ:

"სტადიონის კონკურსში გამარჯვებული პროექტის წარმოდგენაზე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა თქვა, რომ სტადიონის მშენებლობის პარალელურად ანგისაში "დინამოს" ბაზის მშენებლობაც დაიწყებოდა. ფაქტობრივად, ჩვენი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ერთდროულად წარიმართება.

ბათუმის მერიამ ტენდერი შარშან ნოემბერში გამოაცხადა, მაგრამ ხარვეზების გამო მისი შედეგები ერთ თვეში გააუქმა. პროექტში ცვლილებებს თვის ბოლომდე შეიტანენ და ტენდერი 14 აპრილამდე უნდა გამოცხადდეს, ბაზის მშენებლობა კი მაისში დაიწყოს და წესით, დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს.

მერე კი ბათუმის "დინამო" საკუთარ ბაზაზე ივარჯიშებს და ითამაშებს, რადგან ანგისაში იქნება რამდენიმე მოედანი, შენობა, ოფისი, სავარჯიშო დარბაზები, 1800 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და განათება. პროექტის ღირებულება კი 4,5 მილიონი ლარია".

კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ბათუმის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველით, თემურ შონიათი დაინტერესდა:

"ასეთი ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა. მაგრამ, ეტყობა, შონიას უფრო სამომავლო პერსპექტივით აკვირდებიან. იმედი მაქვს, მალე სანაკრებო სიაში არა მხოლოდ მას, არამედ გიორგი ქავთარაძესაც შეიყვანენ. ორივე წესიერი და მშრომელი ბიჭია, პროგრესი ეტყობათ და მათი გამოძახება ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სწორი გადაწყვეტილებაა სკამებზე დროშის არ გამოსახვა რადგან , ამორალურია ჯვარზე დაჯდომა და არც დროშაზე ჯდომაა მაინც და მაინც მისაღები .
giosvani
16:55 22-03-2015
0
-ძალიან კარგია ,რომ სკამების ფერში შეიტანეთ ცვლილება...იქნებ სარბენი ბილიკებიც ზედმეტია(ან მაქსიმალურად ახლოს ტრიბუნები გაზონთან )...
- კონკურსში ქურდიანის პროქტმა გაიმარჯვა,მაგრამ ხელისუფლება ჩაერია...
ახალი
14:04 22-03-2015
0

სიახლეები პოპულარული