უმაღლესი ლიგის XXIII ტურის წინ: შემტევი ფეხბურთის მოლოდინი

AutoSharing Option
წინასააღდგომო ტური დიდ ინტერესს იწვევს და წინა ტურის მსგავსად, სატურნირო ცხრილში ახლაც რამდენიმე გადაადგილებაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ერთდროულად ათმა გუნდმა შეიცვალა ადგილი და ახლაც უნდა ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს.

ეგ კი არა, სატურნირო ცხრილში დღესდღეობით ისეთი სიმჭიდროვეა, შაბათის მატჩების მერე მხოლოდ და მხოლოდ სამი გუნდი არ "დაიძვრება" თავისი ადგილიდან: როგორი შედეგითაც უნდა დამთავრდეს შეხვედრები, "სამტრედია" კვლავაც მეოთხეზე დარჩება, ისე როგორც "სიონი" და "ვიტ ჯორჯია" შესაბამისად, ბოლოსა და ბოლოსწინაზე.

თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერ ადრეა იმის თქმა, თითქოსდა, ცხრილის ზემოთაც და
ქვემოთაც ინტრიგა აღარ არისო: "საჩემპიონო რბოლა" ხომ გრძელდება, არანაკლები დაძაბულობაა გასავარდნ ზონაშიც და, სულ მცირე, ექვს გუნდს არცთუ დალხენილი ფინიშიც ელოდება.

...წინა ტურში სეზონის რეკორდი დამყარდა შედეგიანობის თვალსაზრისით: რვა მატჩში 31 გოლი გავიდა! იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამჯერადაც შემტევ ფეხბურთს მიანიჭებენ უპირატესობას და ამ "დაუნახავ" ქართულ სპორტულ მედიასაც რომელიმე მატჩის პატიოსნად ჩატარებაში ეჭვის საბაბს არ მისცემენ.

ისე, რაც მართალია, მართალია: ჯერჯერობით, "გატარება-გამოტარება" არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. აი, სეზონის ფინიშისკენ კი რა და როგორ იქნება, ეს უკვე ძნელად პროგნოზირებადია.

11.04. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
პირველი წრე 0:2
ურთიერთშეხვედრები
23: +12 =3 -8, 41-30
დისკვალიფიკაცია: ბორის მახარაძე (დინამო ბთ)

ძალიან სამწუხაროა, ტურის ცენტრალური მატჩი... უმაყურებლოდ რომ ჩაივლის; არადა, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ შაბათს "ჩელე არენაზე" სრული ანშლაგი იქნებოდა: ბათუმის "დინამოს" საშინაო მატჩებს 2000-ზე ნაკლები ქომაგი არ ესწრება ხოლმე, "სამტრედიის" ერთგული გულშემატკივრები კი თავის საყვარელ გუნდს საქომაგოდ ყველგან (თანაც, სოლიდური რაოდენობით) დაჰყვებიან.

თუმცა, ახლახან გამართულმა სადისციპლინო კომიტეტის სხდომამ ბათუმელთა გუნდს მკაცრი განაჩენი გამოუტანა - ფულად ჯარიმასთან ერთად სამი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება! რა თქმა უნდა, არბიტრის ფიზიკური შეურაცხყოფა დასაგმობიც არის და დასჯადიც, მაგრამ უმაყურებლოდ სამი საშინაო მატჩის ჩატარება, ცოტა არ იყოს, გადამეტებული სასჯელი გვგონია.

ასეა თუ ისე, მასპინძლები მაინც ყველა ღონეს იხმარენ ზედა სამეულში პოზიციის შენარჩუნება-გამყარებისათვის; თანაც, შოთა ჭეიშვილის გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ წინა ტურში შეწყვეტილი იმ მართლაც შთამბეჭდავი სერიის მიუხედავად, კვლავაც ექნება საჩემპიონო ამბიცია, ისე როგორც "სამტრედიას" - ზაზა ზამთარაძის გუნდმა შუა კვირაში უმნიშვნელოვანესი სათასო მატჩი მოიგო და ჩემპიონატშიც ისეთ "კომფორტულ" პოზიციაზე იმყოფება, რომ 20-წლიანი პაუზის მერე, ამ ზაფხულს კვლავაც ვიხილავთ ევროტურნირებზე!

11.04. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 16:00
კოლხეთი-ზესტაფონი
პირველი წრე 1:1
ურთიერთშეხვედრები
17: +3 =3 -11, 10:28
დისკვალიფიკაცია: გურამ გურეშიძე (კოლხეთი)

"კოლხეთმა" მეორე წრეში ორი მეტად პრინციპული მატჩი მოიგო თავის უშუალო კონკურენტებთან (თანაც, ორივე - სტუმრად) და აი, კიდევ ერთი "ექვსქულიანი შეხვედრაც" ელოდება ზაზა ინაშვილის გუნდს.

ოღონდ, ის არის საკითხავი, გაიმართება თუ არა საერთოდ "კოლხეთი"-"ზესტაფონის" შეხვედრა: სამწუხაროდ, იმერული კლუბის ფინანსურ პრობლემებს საშველი არ დაადგა და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი დღესდღეობით ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალიან სამწუხარო ამბები ხდება "ზესტაფონის" ირგვლივ და აღარაფერს ვამბობთ იმ მწარე რეალობაზე, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი იმერული გუნდი მოახერხებს თუ არა კალენდარულ მატჩზე წასვლას...

11.04. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:00
ცხინვალი-გურია
პირველი წრე 1:1
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 2:2
დისკვალიფიკაცია: რატი ცაცკრიალაშვილი (ცხინვალი)

კახა კაჭარავას დამოძღვრილ "ცხინვალს" ამ სეზონში "უცნაური" სერიები დასჩემდა: ზედიზედ რამდენიმე მოგებულ მატჩს ასევე ზედიზედ რამდენიმე წაგებული შეხვედრა მოჰყვება ხოლმე.

ასეა ახლაც: "გურიასთან" მატჩს "ცხინვალი" ზედიზედ სამი მარცხით ხვდება, თანაც, ბოლო წაგება, ალბათ, ბევრად უფრო მტკივნეული იყო: სამშაბათს, თასის პირველ ნახევარფინალში თბილისის "დინამოსთან" ორბურთიანმა წაგებამ ხომ მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ზაფხულს ევროტურნირებზე "ცხინვალის" ასპარეზობის შანსები...

"გურია" კი, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, მშვიდად, აუღელვებლად და "უხმაუროდ" მიიწევს წინ და მეორე წრის "ეკვატორს" ერთობ კომფორტულ, VII პოზიციაზე ხვდება. ანუ, თითქმის 99 პროცენტით შეგვიძლია იმის თქმა, რომ თეიმურაზ ლორიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გურიას" მშვიდზე მშვიდი ფინიში ელოდება.

11.04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00
დილა-სიონი
პირველი წრე 4:1
ურთიერთშეხვედრები
37: +13 =2 -22, 39:60
დისკვალიფიკაცია: დავით ხურცილავა (დილა) - დაჩი ცნობილაძე (სიონი)

იმის მიუხედავად, რომ მეტოქეები სატურნირო ცხრილში საპირისპირო "პლუსზე" იმყოფებიან, ეს მატჩი (ისე როგორც ბათუმის "დინამოსა" და "სამტრედიას" დაპირისპირება) ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიგვაჩნია. მასპინძლები მხოლოდ ჩემპიონატზე არიან კონცენტრირებულნი და კონკურენტებთან შედარებით უკეთესი კალენდარიც აქვთ (სამტრედიაში სტუმრობას თუ არ ჩავთვლით).

თანაც, უჩა სოსიაშვილის გუნდს ის პლუსიც აქვს, რომ გრძელი სათადარიგოთა სკამი გააჩნია. "სიონი" კი ამ სეზონში უაღრესად არასტაბილურად ასპარეზობს: ძლიერ მეტოქეებთან წარმატებულ თამაშს შედარებით სუსტებთან წაგებებს მოაყოლებს ხოლმე.

ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ლადო ბურდულმა ზამთრის პაუზის მერე თავისი გუნდის შემადგენლობა რადიკალურად გადაახალისა და უამრავ ახალწვეულსაც ერთმანეთში შესათამაშებლად დრო სჭირდებათ.

თუმცა, ბოლნისური გუნდის სატურნირო მდგომარეობა რომ ტურიდან ტურამდე "მძიმდება", ესეც ფაქტია და არც იმის იმედად ყოფნა შეიძლება, რომ, როცა იქნება, ყველასაგან მიტოვებულ "მეტალურგს" გადაუსწრებენ...

11.04. მცხეთა. მცხეთა პარკი. 16:00
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
პირველი წრე 0:2
ურთიერთშეხვედრები
7: +2 =0 -5, 4:14

"ვეტერინარებს" რვა ქულა აშორებთ მეტ-ნაკლებად "გადამრჩენელ" XIV ადგილამდე და სატურნირო ცხრილის ფსკერიდან თავის დასაღწევად, ჩემპიონატის ბოლომდე ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევთ.

არადა, "ვიტ ჯორჯია" დანებებას რომ არ აპირებს, წინა საშინაო მატჩშიც დაამტკიცა, როცა ახალი მთავარი მწვრთნელის, თენგიზ კობიაშვილის ხელმძღვანელობით ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

"ჩიხურას" კი შუა კვირაში უმძიმესი სათასო მატჩი ჰქონდა "სამტრედიასთან" და ძნელი სათქმელია, თუ რამდენად შეძლებს ისედაც არაოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე სოსო ფრუიძის გუნდი ძალების აღდგენას.

თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონში "ჩიხურას" მთავარი აქცენტი თასის გათამაშებაზე ჰქონდა გაკეთებული და პირველ ნახევარფინალურ მატჩში საშინაო მარცხმა საჩხერელთა გუნდის გეგმები მნიშვნელოვნად "არია"...

11.04. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 16:00
მერანი-დინამო (თბ)
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
9: +1 =2 -6, 9:21
დისკვალიფიკაცია: რენე ფერეირა (დინამო თბ)

პირველ წრეში "მერანმა", რამდენიც გნებავთ, იმდენი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა და, საერთოდაც, ზამთრის პაუზას "კომფორტულ" პოზიციაზე მყოფი შეხვდა. თუმცა, მეორე წრეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: ვლადიმირ ლობასის გუნდმა შვიდ მატჩში მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა და სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუარესა.

ამას დავუმატოთ არცთუ "დალხენილი" კალენდარიც: ჯერ "დინამოსთან" პაექრობა რად ღირს, მერე კი, ზედიზედ ორი მატჩი უშუალო კონკურენტებთან ("სიონთან" და "ზესტაფონთან").

ქვეყნის ჩემპიონი კი მარტვილს მშვენიერ განწყობაზე უნდა ესტუმროს: "დინამომ" ჩემპიონატში დაკარგული ლიდერობაც დაიბრუნა და თასის ფინალისკენაც უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ყოველ შემთხვევაში, "ცხინვალთან" ორბურთიანი უპირატესობა ამას მოწმობს და ისიც აუცილებლად აღსანიშნავია, რომ შუა კვირაში ჩატარებული პირველი ნახევარფინალური მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანწილად იმოქმედა კახა გოგიჩაიშვილის საკადრო ცვლილებებმა.

...ერთი შეხედვით, "დინამოს" დიდი უპირატესობა აქვს ურთიერთშეხვედრებში "მერანთან", მაგრამ მარტვილელთა გუნდი ტიტულიანი მეტოქის წინააღმდეგ მუდამ გაათკეცებული მოტივაციით ასპარეზობს.

ასე იყო პირველ წრეშიც, როცა "მერანი" სულაც... მოგებას იმსახურებდა, მაგრამ დავით ციცხვაიამ, ბესიკ ჩიმაკაძემ და აკაკი შულაიამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს.

11.04. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00
ტორპედო-ზუგდიდი
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
17: +9 =4 -4, 21:10
დისკვალიფიკაცია: ირაკლი კლიმიაშვილი (ტორპედო)

ერთი თვის წინათ იყო, "ტორპედოს" არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაზე რომ ვწერდით და იმასაც ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი დროის ამბავი უნდა ყოფილიყო.

ასეც მოხდა: გიორგი დარასელიამ მიაგნო ოპტიმალურ შემადგენლობას, ახალწვეულთა შეთამაშების პრობლემაც გადაიჭრა და ზედიზედ ოთხი მოგებით "ტორპედომ" სახიფათო ზონაც დატოვა და ახლა, ალბათ, ხუთეულში მოხვედრაზეც უნდა გაუჩნდეს სავსებით სამართლიანი პრეტენზია.

თანაც, მოგებებსაც ხომ გააჩნია: ამ ოთხიდან სამი მატჩი "ტორპედომ" ისეთ გუნდებს მოუგო, ევროტურნირებზე მოხვედრის პრეტენზია რომ აქვთ ("ცხინვალს", "სამტრედიას", ბათუმის "დინამოს").

შაბათს კი გიორგი დარასელია თავის ყოფილ გუნდს უნდა დაუპირისპირდეს და საერთოდაც, "ტორპედოს" შემადგენლობაში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, სულ ახლო წარსულში "ზუგდიდში" რომ გამოდიოდა.

თავის მხრივ, "ზუგდიდშიც" მრავლად არიან ისეთი მოთამაშეები, ამ სეზონში თუ წინა ჩემპიონატში "ტორპედოში" რომ თამაშობდნენ. ისე, "ზუგდიდს" აპრილის ბოლომდე ერთმანეთზე რთული მატჩები ელოდება: ბესიკ შეროზიას გუნდს ქუთაისში სტუმრობის მერე ბათუმის "დინამოსთან" და "სამტრედიასთან" დაპირისპირებები ელოდება.

11.04. რუსთავი. ფოლადი. 16:00
მეტალურგი-შუქურა
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
3: +2 =0 -1, 6:1

შვიდი მატჩი, ექვსი წაგება, ერთი ფრე და მეტოქეთა კარში გატანილი ერთადერთი გოლი, - აი, ასეთია მეორე წრეში "მეტალურგის" "მონაგარი"; არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება რუსთაველთა გუნდის ასეთი წარუმატებელი სერია, რომელიც პირდაპირ კავშირშია კლუბში შექმნილ მართლაც კატასტროფულ მდგომარეობასთან.

სამწუხარო რეალობაა: რუსთავში დღესდღეობით ძალიან ცოტას თუ ვინმეს სჯერა, რომ "მეტალურგი" შეძლებს და უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. არადა, გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს მონდომებას ვერავინ დაუწუნებს, მაგრამ უფულო და, საერთოდ, უყველაფრო გუნდმა შედეგს როგორ უნდა მიაღწიოს?

სამაგიეროდ, "შუქურას" არა აქვს არც ყოფითი პრობლემები და არც სატურნირო მდგომარეობით იქნებიან ქობულეთელთა გუნდის ქომაგები უკმაყოფილონი. ყოველ შემთხვევაში, "შუქურას" ქვედა ლიგაში დაქვეითების საფრთხე რომ არ ემუქრება, ამაში ეჭვი ჩვენც არ გვეპარება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული