უმაღლესი ლიგის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
დაძაბულობა და ინტრიგა მთელი სეზონის განმავლობაში ლამის "საფირმო ნიშნ(ებ)ად" იქცა XXVI ჩემპიონატისათვის და აი, კულმინაციასაც მიაღწია! ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობთ: ცხრილის ზედა ნაწილშიც ისეთი მძაფრი კონკურენციაა, ძალიან დიდი ხანი რომ არ ყოფილა და გასავარდნ ზონაში ხომ, საერთოდაც, ყველაფერი გაურკვეველია.

ყოველივე ეს, ერთი მხრივ, ცუდი ნამდვილად არ არის, ოღონდ აქტუალურზე-აქტუალური ტერმინები ("დაძაბულობა", "ინტრიგა", "უკომპრომისობა", "არაპროგნოზირებადი მატჩები") მხოლოდ იმიტომ კი არ გახდა პოპულარული, 16-გუნდიანი ჩემპიონატის მოდელი რომ ავირჩიეთ, არამედ - უმაღლესი ლიგის გუნდების საერთო დონის თითქმის გათანაბრებამ!

თუმცა, როცა დონეთა გათანაბრების ტენდენციაზე
ვლაპარაკობთ, ალბათ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატის დონე წლიდან წლამდე უკან და უკან მიდის და ისღა დაგვრჩენია, ზემოთ (და საერთოდ, სეზონის განმავლობაში) უკვე არაერთგზის ნახსენები "ინტრიგითა" და "დაძაბულობით" ვიხაროთ.

თანაც, სეზონის ფინიშამდე ხუთი ტურით ადრე ცხრილში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან მხოლოდ და მხოლოდ სამი-ოთხი თუ იქნება უმოტივაციო, თორემ დანარჩენებისათვის ყველა მატჩს ოქროს ფასი ექნება...

პირველი ტრიუმფის და... 13 ქულის მოლოდინი
სეზონის ბოლომდე დარჩენილ ხუთ მატჩში "დილამ" 13 ქულა რომ მოაგროვოს, კონკურენტებისათვის მიუწვდომელი იქნება და თავის ისტორიაში პირველად გახდება საქართველოს ჩემპიონი!

მოვლენების ასეთ განვითარებას კი სეზონის დაწყებამდე, ალბათ, ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ფაქტი სახეზეა: 25 წლის სპეციალისტის, უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილა" ამიერიდან მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული და გორელთა გუნდის დარჩენილი მატჩების არცთუ რთულ კალენდარსაც თუ გავითვალისწინებთ, ტრიუმფამდე არც არაფერი რჩება!

შეგახსენებთ, რომ "დილამ" ლიდერობა წინა ტურის მერე მოიპოვა (ოღონდ, უბრძოლველად), ახლა კი დიდი ანგარიშით დაამარცხა აშკარად ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე "შუქურა".

ისე, ამ უხვგოლიან მატჩში რამდენიმე ეფექტური გოლი გავიდა (ირაკლი მოდებაძის, გიორგი ჩელებაძისა და თორნიკე თუხარელის ოსტატობის ხარჯზე), თუმცა ისიც სათქმელია, რომ ქობულეთელთა გუნდის მცველებიც და მეკარეც მეტისმეტად უპატიებელ შეცდომებს უშვებდნენ...

შეხვედრა წარსულთან
მეორე წრის საუკეთესო გუნდად კვლავაც ბათუმის "დინამო" რჩება: რვა მატჩში 24 ქულა! წინა ტურში განცდილი მარცხის მერე შოთა ჭეიშვილის შეგირდებმა ძველისძველი მეტოქე, ლანჩხუთის "გურია" დაამარცხეს და "საჩემპიონო რბოლას" კვლავაც აგრძელებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "დინამოს" მხოლოდ ოთხი მატჩი დარჩა ჩასატარებელი (თუ "ზესტაფონის" აპელაცია არ დაკმაყოფილდა) და ვინიცობაა, "დილას" სადმე "ფეხი დაუცდა", თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ ბათუმელთა მხარეს იქნება.

თუმცა, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს სეზონი ბათუმის "დინამოსათვის" წარმატებულად უნდა ჩაითვალოს: თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, აჭარულ კლუბს ძალზე ხანგრძლივი პაუზის მერე ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ვიხილავთ.

აი, რაც შეეხება "გურიას", ლანჩხუთელებმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო მაინც არ არის. აქვე იმასაც დავძენთ, რომ "გურიამ" ეს მატჩი ახალი მწვრთნელის, გიგლა იმნაძის თავკაცობით ჩაატარა, რომელიც მშობლიური რაიონის გუნდს სამწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

ამ მატჩში "გურია", ალბათ, სულ მცირე, ფრეს მაინც იმსახურებდა, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ, მიხეილ ალავიძემ სამ-ოთხ ეპიზოდში ისეთი ბურთები მოიგერია, აუღებელთა კატეგორიას რომ მიეკუთვნება.

დაბოლოს, ერთი საინტერესო დეტალიც: ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები, შოთა ჭეიშვილი და გიგლა იმნაძე ჯერ კიდევ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში (1990 წელს!) მოძღვრავდნენ, შესაბამისად, ბათუმის "დინამოსა" და "გურიას"!

საოცნებო... მეოთხე ადგილი
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მეოთხე ადგილს მართლა "ევროპული მნიშვნელობის" დანიშნულება აქვს: მოვლენათა განვითარების შემთხვევაში ხომ ევროპა ლიგის საგზურს იძლევა.

თუმცა, ამ სიტუაციაში უფრო მეტ სიცხადეს საპასუხო სათასო ნახევარფინალები შეიტანს, მანამდე კი ის უნდა ვთქვათ, რომ უკვე გამოიკვეთა ის სამი გუნდი, მეოთხე ადგილისათვის რომ იბრძოლებს: ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში მყოფი "ცხინვალი", სეზონის დაწყებამდეც ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული "სამტრედია" და "ჩიხურა".

"ცხინვალის" მორიგ გამორჩეულ მატჩზე ქვემოთ ვისაუბრებთ. "სამტრედიას" კი ურთულესი გასვლითი შეხვედრა რომ ელოდა ზუგდიდში, ეს XXV ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ.

აი, "ჩიხურამ" კი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და ჩინებულ ფორმაში მყოფი "ტორპედოს" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიაც შეწყვიტა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სოსო ფრუიძის გუნდს ნელ-ნელა უბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები (დავით ოდიკაძე, თეიმურაზ ღონღაძე, ლაშა კუჭუხიძე) და ეს ფაქტი, სეზონის ფინიშისკენ, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

ნუ ჩამოწერთ ვეტერინარებს!
გასულ ტურში "დინამო თბილისის" დიდი ანგარიშით წაგებაც მოულოდნელობა იყო, ისე, როგორც "ჩიხურას" საგარეო გამარჯვება ქუთაისში; თუმცა, არანაკლებ სენსაციად უნდა მივიჩნიოთ "ვიტ ჯორჯიის" მოგებაც: დებიუტანტი მწვრთნელის, თენგიზ კობიაშვილის ახალგაზრდულმა გუნდმა ისეთი მნიშვნელობის 3 ქულა მოიპოვა, შესაძლოა, უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტი რომ გახდეს!

თავად განსაჯეთ: მომდევნო ტურში "ვეტერინარებს" 3 ქულა უბრძოლველად ერგებათ, მაშინ, როცა "მეტალურგსა" და "სიონს" ურთულესი მატჩები ელოდებათ; ამას გარდა, "ვეტერინარებს" ორი ისეთი საშინაო მატჩიც ელოდებათ, როცა... უმოტივაციო მეტოქეებს უნდა ეპაექრონ და, რაც მთავარია, 13 მაისს, XXVIII ტურში სეზონის უმთავრესი დაპირისპირება აქვთ სტუმრად "მეტალურგთან".

ისე, ამ ტურში წაგებებით "მეტალურგმა" და "სიონმა" საკმაოდ გაირთულეს სატურნირო მდგომარეობა; აი, "კოლხეთმა" კი მეხუთე წაუგებელი მატჩი ჩაატარა და უმაღლეს ლიგაში დარჩენაც, ფაქტობრივად, გაინაღდა.

შემთხვევითობა თუ კანონზომიერება?
ფინიშის სწორზე, როცა ჩემპიონობის ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთს მოიგებს (ისიც - ბოლოადგილოსანთან), ამ სიტუაციას ძნელია "შემთხვევითი მოვლენა" დაერქვას!

ხვდებით, ალბათ, რომ ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონზე ვსაუბრობთ - მორიგი წარუმატებლობის გამო თბილისის "დინამო" მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა და, რაც მთავარია, ლიდერ "დილას" უკვე 4 (ოთხი!) ქულით ჩამორჩება. ახლა დარჩენილი მატჩების კალენდარს არ იკითხავთ? უფრო ზუსტად, ორი უახლოესი შეხვედრა უნდა ვახსენოთ, როცა ჯერ "ქართულ კლასიკოში" ქუთაისის "ტორპედოს" უნდა უმასპინძლოს კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა, მერე კი სტუმრად ბათუმის "დინამოსთან" ელოდება ურთულესი მატჩი...

..."ცხინვალთან" მატჩში "დინამოს" აკლდა ერთ-ერთი ლიდერი და, ალბათ, გუნდის საუკეთესო მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილი, იმავე მატჩში ერთიმეორეზე ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს ვახტანგ ჭანტურიშვილმა და განსაკუთრებით, ესპანელმა ფორვარდმა მანუელმა; უამრავი შეცდომა დაუშვა კიდევ ერთმა ლეგიონერმა რენე ფერეირამ, ხოლო მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ 1:2-ზე პენალტი კი მოიგერია, მაგრამ მერე ახლო კუთხეში დარტყმული ბურთი გაუშვა და, საერთოდაც, მის თამაშს "დამაჯერებელი" ნაკლებად ეთქმოდა.

ისე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და დარჩენილ ხუთ ტურშიც, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ იმასაც ვერავინ იტყვის, ასეთი თამაშით "დინამოს" ზედიზედ მესამე საჩემპიონო ტრიუმფი ელოდებაო.

ცხინვალის საევროპე განაცხადი
ზედიზედ სამი მოგება და ამ სამ მატჩში გატანილი 10 გოლი! - აი, ასეთი წარმატებული და შედეგიანი სერიით "ცხინვალი" IV ადგილზეც დამკვიდრდა და შესაძლოა, ევროთასების საგზურიც მოიპოვოს! თანაც, კახა კაჭარავას გუნდმა პირველ წრეში განცდილი სასტიკი მარცხისათვის (1:6) თითქმის სრულფასოვანი რევანში აიღო თბილისის "დინამოსთან" და ამაში საკუთარი წვლილი ყველა ფეხბურთელმა შეიტანა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "ცხინვალი" და თბილისის "დინამო" დღეს, 28 აპრილს, ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, ამჯერად უკვე თასის საპასუხო ნახევარფინალში.

გამორჩეული ფაქტები
ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში მასპინძელთა ორმა შემტევმა შეძლო "დუბლის" შესრულება: 21 წლის მიხაილ გორელიშვილმა და 30 წლის ირაკლი მოდებაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო მოდებაძის მესამე "დუბლი" ჩემპიონატში და ამ მაჩვენებლით მანამდე საუკეთესო შედეგის მქონე ჯაბა დვალს წამოეწია. რაც მთავარია, მოდებაძე ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა (12 გოლი) და ამ სიას ბათუმის "დინამოს" ცენტრფორვარდი, 28 წლის გიორგი ბერიაშვილიც შეუერთდა, რომელმაც ჩემპიონატში პირველი "დუბლი" შეასრულა.

გასულ ტურში შეცვლაზე შემოსულმა სამმა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა: 21 წლის კახა კახაბრიშვილმა ("ვიტ ჯორჯია"), 21 წლის რატი ცაცკრიალაშვილმა ("ცხინვალი") და 22 წლის მიხეილ სარდალიშვილმა ("ჩიხურა").

დაბოლოს, იმ ფეხბურთელებზე, სწორედ XXV ტურში რომ ჰქონდათ უმაღლეს ლიგაში დებიუტი: 21 წლის ლევან ისერგიშვილი ("ვიტ ჯორჯია"), 19 წლის გიორგი გერმოზაშვილი, 18 წლის ლევან ანანიძე (ორივე - "შუქურა") და კიდევ ერთი ახალი ლეგიონერი, 23 წლის უკრაინელი მეკარე ალექსეი შევჩენკო ("ტორპედო").

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური:

დილა-შუქურა 5:2 - გორელებმა ჩემპიონობა დაინახეს [VIDEO]
დინამო (ბთ)-გურია 2:1 - ალავიძეა თუ სპაიდერმენი? [VIDEO]
ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1 - მტკივნეული რევანში [VIDEO]
ტორპედო-ჩიხურა 1:2 - უკანასკნელ წუთზე... [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0 - კახაბრიშვილის შედევრი
კოლხეთი-მეტალურგი 3:0 - გ-გ-გოლი: გურეშიძე, გოგონაია, გიგაური
ზუგდიდი-სამტრედია 1:1
მერანი-ზესტაფონი 3:0 (ტექნიკური წაგება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე მეტად გამიხარდება ცხინვალის თამაში ევროპის ლიგაზე, ეს არის ჩემი და არა მარტო ჩემი ოცნება და მე მგნი ეს ოცნება სრულდება...კარგი გუნდი ჩამოყალიბდა მწვრთნელიც კარგი ჰყავს უბრალოდ უნდა ცოტა მეტი ყურადღება ზემოდან და დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები გვასახელებენ...ცხინვალის" ცხინვალი "საქართველო............
giorgi 777
13:42 28-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული