თენგიზ სულაქველიძე: საერთოდ არ ვიცოდი, თუ ტოტალიზატორი არსებობდა

AutoSharing Option
ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი სკანდალი გასკდა და ეს თუ არ შეჩერდა, ელემენტარულ პროგრესზე ფიქრიც კი ფუჭი იქნება.

სად არის "გზა ხსნისა?" გვესაუბრება თბილისის "დინამოს" "ოქროს თაობის" წარმომადგენელი თენგიზ სულაქველიძე.

- რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რაც მოხდა. სადაც სიბინძურე და გარიგებაა, იქ ნამდვილი ფეხბურთი ვერაფრით იქნება. ეს აქსიომაა და არა მგონია, ბევრი ლაპარაკი სჭირდებოდეს.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, დამნაშავე მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ასეთი ხალხი ფეხბურთს არ უხდება. ჩვენთან ის სპორტის ნომერი პირველი სახეობაა და, შესაბამისად, მის
უკან ქომაგთა მრავალრიცხოვანი არმია დგას.

ისიც ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოშია მოდებული ეს სენი. საქართველო პირველი და უკანასკნელი ქვეყანა არ არის, სადაც ეს მოხდა, თუმცა ჩვენ ჩვენი გვაწუხებს და გვტკივა.

- ჩვენი აზრით, დამნაშავე ქართული ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოს...
- რა თქმა უნდა, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი. ერთიცაა - როგორ ბედავს ის სამი თუ ორი კაცი, რომ მთელი გუნდის ნაწვალებს წყალში ყრის. ეს ხომ შეურაცხყოფაა არა მარტო გულშემატკივარის, არამედ შენი თანაგუნდელისაც?!

არის ცდუნება და იქნება, სანამ ფეხბურთი იარსებებს. არის კიდევ სინდისი და პიროვნება. ჩემი აზრით, პიროვნებები ძალიან ბევრს წყვეტენ. პიროვნება თუ ხარ, თუ შენში არის ამის მარცვალი, მაშინ შენ ამას არ გააკეთებ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ პროცესს, გარკვეულწილად, ბიძგი მისცა ძველი სკანდალებისას დამნაშავეთა შეწყალებამ?
- ადამიანს შეიძლება შეეშალოს. ადამიანი და შეცდომა განუყოფელია. არა მგონია, შეწყალებას წაეხალისებინა ეს მოვლენა. ის შეწყალებული ხალხი დღეს თამაშობს და არანაირ მაქინაციაში არ არის შემჩნეული.

მე ასე მგონია - ყველას უნდა მიეცეს შეცდომის გამოსწორების შანსი.

- თქვენ დროს არ იყო ასეთი ცდუნებები?
- შემიძლია დავიფიცო, რომ ასეთი რამ არასდროს მოსულა ჩემს ყურამდე. ამდენი ხანი ვითამაშე თბილისის "დინამოში" და ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის და ჩემი პარტნიორებისთვის.

მაშინ ჩვენ გვქონდა ორი სპორტული ოცნება - გვეთამაშა თბილისის "დინამოში" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ეს იყო ორი უდიდესი გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის. მე და ჩემს თაობას ფულისთვის არასოდეს გვითამაშია. ჩვენ ხელფასი 250 მანეთი გვქონდა, მაშინ ფულზე არავინ ფიქრობდა.

"დინამოში" თამაში სხვა პატივი იყო. წაგების შემდეგ ქუჩაში ვერ გამოვდიოდით. ეს სხვა გრძნობა იყო. გინდ დამიჯერეთ, გინდა - არა: მე რომ ვთამაშობდი, საერთოდ არ ვიცოდი, არსებობდა თუ არა ტოტალიზატორი. შეიძლება, სადღაც არსებობდა და, ალბათ, იარსებებდა კიდეც, მაგრამ მე მართლა არაფერი მსმენია.

- ალბათ, ისიცაა მიზეზი, რომ დღეს ფეხბურთი ბიზნესად იქცა...
- ასეა. ასეა და, ძალიან სამწუხაროა. ფეხბურთი ბიზნესად იქცა და ეს რეალობაა. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ფეხბურთი, როგორ შევუნარჩუნოთ მას პირვანდელი სისუფთავე.

- ფაქტია, ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად მაშინ ეშველება, როცა ჩვენი ჩემპიონატის დონე აიწევს...
- ჩემი აზრით, გაამართლა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დაძაბულობა მეტია. ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს - 8 გუნდით ჩვენ ვერ ავწევთ საქართველოს ჩემპიონატის დონეს. 10 და 12-გუნდიან პირველობას კი 16-იანი სჯობს.

სხვა თუ არაფერი, სტადიონები მაინც გაკეთდება. აგერ არის მარტვილის მაგალითი... მეტი გასაქანი მიეცათ პერსპექტიულ ახალგაზრდებს.

- ხარისხი რომ არ არის მისაღები?
- ხარისხი 10 და 12-გუნდიან ჩემპიონატებში უკეთესი იყო?! ჩემი აზრით, არ არის მისაღები, როცა ერთი სეზონის განმავლობაში ოთხჯერ ეთამაშები ერთსა და იმავე გუნდს...

იმედიანად ვარ. ეგაა, ქართული ფეხბურთის შველა ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ. ბოლო დროს ჩემი ოპტიმიზმი გაძლიერდა...

- ამ საკითხს სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა მიეხედოს. ასე არ არის?
- მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით სპორტის მინისტრობა მივულოცო ტარიელ ხეჩიკაშვილს. ის წარმატებული ბიზნესმენი იყო, ფეხბურთიდან მოსული კაცია და ყველაზე კარგად იცის, რა უჭირს და რა სტკივა ქართულ ფეხბურთს. მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
10 გუნდიანი ნაღდად უკეთესი ხარისხის იყო

:) :) ამას რომ კაცი იტყვი,მის მერე საერთოდ არ უნდა თქვა ფეხბურთში კარგად ვერკვევიო, მითუმეტეს ქართულ ფეხბურთშიო ან მის მომავალზე ვფიქრობო!



ბატონო თენგიზ
გვახსოვს ასეთი შემთვევა როცა ხალხით გადაჭედილ დინამოს სტადიოზნე 3-0 იგებდა დინამო და 3-3 დამთავრდა ჩერნომორეცთან(ოდესა) და ნახევარი თბილისი იმას საუბრობდა ეს თამაში სანიძლაოში გაცემული იყოო,თქვენ არ გახსოვთ ეს ხმები? და ასეთი რამეები ხშირად ყოფილა პრივატულ საუბრებში გახმოვანებული, თუმცა ტოტალიზატორები არ იყო, მაგრამ, "საქმოსან" ქართველებს თბილისში ქუთეისსა, სამტრედიასა და სოხუმ-ბათუმში რა გამოლევდა? ლანჩხუთში 7-0 წაგებული და სამტრედიაში 6-0 რევანშად აღებული თამაშებიც იყო მითქმა მოთქმის საგანიც.
მაგრამ აქ მთავარიო ის იყო რომ,თუნდაც თამაშები გაყიდული ყოფილიყო,ისე ოსტატურად თამაშობსნენ ბიჭები,ისეთი სანახაობრივი მხარე ჰქონდა რომ ხშირად რეზულტატის მნიშვნელობაც გვავიწყდებოდა. ახლა კი ყველაფერი მხოლოდ რეზულტატზეა,ამიტომაც სანახაობრივმა მხარემ მაგრად მოიკოჭლა არა მარტო ჩვენთაბ არამედ ბევრგან და სადაც ეს მოხდა,იქ ფეხბურთს კაი დროება არა აქვს.

მცირე ოდენობსი გუნდებში დიდი ოდენობის ოსტატები არ იზრდებიან!
jango
21:51 17-05-2015
0
16იანი ჯობია,მეტი დაძაბულობა და ინტრიგაა,ტანაც ბატუმი და სამთრედია სულ ხუტეულში ტრიალებენ,ანუ იმსახურებდნენ თამაშის ხარისხით ამას,და ვერ ვხვდები რატომაა ცუდი რომ დგეს ეს გუნდები თამაშობენ
daviti
19:07 17-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული