ჯერჯერობით, ვერ მოიფიქრეს ფორმა, თუ როგორ გამოაცხადონ კლუბიდან მთავარი მწვრთნელის, ზაზა ზამთარაძისა და სპორტული დირექტორის, დავით მუჯირის წასვლა. დღემდე, მათ შემცვლელებს ოფიციალურად ვერ ასახელებენ.
არადა, ყველამ იცის, რომ მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე მიიწვიეს...
ფაქტია, რომ გუნდი დატოვეს მარცხენა მცველებმა
მათ ნაცვლად, იმერულ კლუბში ფლანგის ორი მცველი ჩაირიცხა. კონტრაქტები გაუფორმეს ლაშა შერგელაშვილსა და გივი იოსელიანს. პირველი ორიოდე დღის წინათ დაემშვიდობა თბილისის "დინამოს", იოსელიანმა კი ქუთაისის "ტორპედო" დატოვა.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთ ტორპედოელთან, თავდამსხმელ ნიკა საბანაძესთან.
უცნობია, რას აპირებს საყრდენი ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი, რომელმაც სამტრედიელი გულშემატკივრებისგან გამორჩეული სიყვარული დაიმსახურა.
- უცნობია, დატოვეთ "სამტრედია" თუ რჩებით?
- დარჩენა და ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ჯერ მაინც არ ვიცი, სად ვითამაშებ.
- უფრო საინტერესო ვარიანტი გამოგიჩნდათ?
- ყაზახეთიდან ველოდებოდი მიწვევას და ამის გამო ვერ ვამბობ ჯერ ვერაფერს.
- იქ რომელი გუნდი გიწვევთ?
- მენეჯერი მეუბნებოდა, რომ ყაზახეთის ყველაზე ტრადიციული გუნდი, ალმათის "ქაირათი" იყო დაინტერესებული. თუმცა, ჯერ ბევრი რამ თავადაც გასარკვევი მაქვს და ნუ ჩათვლით, რომ ეს გადაწყვეტილი ამბავია. ყაზახეთიდან პასუხს ველოდები. ისე, აქამდე უნდა ეთქვათ, რეალურია თუ არა. მოკლედ, არ ვიცი, რა გითხრათ...
- ქართული გუნდებიდან არავინ დაგკავშირებიათ?
- ჯერ არავინ. შუა სეზონში ქუთაისის "ტორპედო" დამელაპარაკა, მაგრამ მას შემდეგ კონტაქტი აღარ ყოფილა... მოკლედ, ყაზახური ვარიანტი დროულად თუ არ გაირკვა, "სამტრედიაში" დავრჩები.
- გულშემატკივარი გაძლიერებული "სამტრედიისგან" კარგ შედეგებს ელოდა. მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერაფერს მიაღწიეთ და თასის ფინალშიც გამანადგურებელი მარცხი იწვნიეთ. რამ განაპირობა ეს წარუმატებლობა?
- მაგაზე პასუხს მეც ვეძებ, მაგრამ ახსნას ვერ ვპოულობ. ფაქტია, რომ არაფერი გამოგვივიდა, არც გაგვიმართლა... ეტყობა, საქმეს ყველამ რაღაც დავაკელით. არადა, ისეთი შემადგენლობა გვყავდა, ევროპალიგაზე უნდა გავსულიყავით. ფინალი კი ჩვენი უიღბლობისა და ნაკლოვანებების გვირგვინი იყო. ამ შოკიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"