ზაზა ურუშაძე: სანამ გამგებელი ვარ, "გურია" უპატრონოდ არ იქნება!

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაზა ურუშაძემ ჟურნალისტებს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი წარუდგინა

ორშაბათს ლანჩხუთის "გურიამ" სალიცენზიო 50 ათასი ლარი გადაიხადა და კლუბის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას საფრთხე არ ემუქრება. ეს რომ ასე იქნებოდა, ლანჩხუთელ გულშემატკივრებს პირობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა და იმავდროულად, კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ ერთი კვირით ადრე მისცა, როცა სფფ-ის აღმასკომმა "გურიას" თანხის გადახდის ვადად 14 ივლისის 18.00 საათი დაუდგინა.

15 ივლისს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და იმავდროულად, საფეხბურთო კლუბ "გურიის" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ ჟურნალისტებს გუნდის ახალი
მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი წარუდგინა.

"როგორც იცით, "გურიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განვიხილავდით და მათგან არჩევანი კახა გოგიჩაიშვილზე შევაჩერეთ, რომელიც ლანჩხუთისთვის ნაცნობი სახეა და არც მისთვისაა "გურია" უცხო.

მოგეხსენებათ, ჩვენს მუნიციპალიტეტს არ აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ "გურიას" გვერდში დავუდგეთ. ვცდილობთ, გუნდს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური პირობები შევუქმნათ.

გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე დაწყებული გვაქვს სამუშაოები და კომპლექსი 44 კაცზე 20 ოქტომბრისთვის მზად იქნება. ამჟამად გუნდი ბაზის მოედანზე ვარჯიშობს და იქვე, გვერდით არის დაბანაკებული.

ბაზის მოწყობა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, პლუს, ჩვენ სახსრების ეკონომიას მოვახერხებთ, რამეთუ გუნდის ნაქირავებ ფართში ყოფნა საკმაოდ ძვირი ჯდება და ჩვენ უკვე ოქტომბრის ბოლოდან მნიშვნელოვან თანხას გამოვათავისუფლებთ, რასაც ისევ გუნდს, იმავე ინფრასტრუქტურას და ბავშვთა ფეხბურთს მოვახმარებთ", - განაცხადა ზაზა ურუშაძემ.

ლანჩხუთელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კი ის ახალწვეულები ჩამოთვალა, რომელთა უმეტესობის გუნდში დატოვება გადაწყვეტილი აქვს, ორ-სამ მობურთალსაც კიდევ აკვირდება.

გოგიჩაიშვილის თქმით, უკვე თვის ბოლოს ეცოდინება ზუსტად ის ფეხბურთელები, რომლებიც ახალ სეზონში "გურიის" ღირსებას დაიცავენ. გადაწყვეტილების მიღებაში მას ის სამი ამხანაგური მატჩი დაეხმარება, რომელთაც ამ ერთ კვირაში გეგმავს: 16 ივლისს "გურია" თერჯოლის "საპოვნელას" ეთამაშება, 19-ში - მარტვილის "მერანს", ხოლო 22-ში - ფოთის "კოლხეთს".

"რა თქმა უნდა, ამხანაგური თამაშები კიდევ გვექნება, მაგრამ ეს სამი უკვე დაგეგმილია და ძალიან დაგვეხმარება ფეხბურთელთა შერჩევაში. ბაზაზე მშვენიერი მოედანია და სამივე თამაშს გრიგოლეთში ჩავატარებთ", - თქვა გოგიჩაიშვილმა.

ამჟამად, "გურიაში" ეს ახალწვეულები არიან: ნიკა დაუშვილი (თბილისის "დინამოდან"), სერგი ორბელაძე, დავით ციცხვაია ("მერანიდან"), თენგიზ ჩიკვილაძე ("ტორპედოდან"), ლუკა ნოზაძე, კოტე ხიზანეიშვილი, ზურა გელაშვილი ("მეტალურგიდან"), ნიკა მაისურაძე, ბექა ზაქრაძე ("ვიტ ჯორჯიიდან"), ლაშა მჭედლიშვილი ("ზესტაფონიდან"), შოთა ჯიჭია, გიორგი ჩადუნელი (ორივე - "კოლხეთიდან").

ასევე, ძირითად გუნდთან ვარჯიშობს დუბლშემადგენლობის ოთხი წევრი: სანდრო ბახია, რევაზ წილოსანი, ნიკა ნარიაშვილი და ლადო ახალაია.

ურუშაძემ კი იქვე დაამატა, რომ თუ საჭიროება იქნება, ლეგიონერებს "გურია" ისევ დაიმატებს:

"შევხედავთ ამხანაგურ თამაშებს და თუ დაგვჭირდა, ორი თავდამსხმელის უკრაინიდან ჩამოყვანა შესაძლებელია. მაგრამ, თუ ადგილობრივი ფეხბურთელების დონე დაგვაკმაყოფილებს, უცხოელზე არ ვიფიქრებთ. არ არის გამორიცხული დმიტრი ზოზულიას დაბრუნებაც", - განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, სანამ ის გამგებელია, "გურიას" არაფერს გაუჭირვებს:

"ვიცი, ზოგი არ გვეთანხმება, "გურიას" რომ გვერდში ასე ვუდგავართ. ყველას მოსაწონს ვერც გააკეთებ, თუმცა ერთ რამეში მინდა დარწმუნებული იყოს კლუბის გულშემატკივარი - სანამ მე გამგებელი ვარ, "გურიას" უპატრონოდ არ მივატოვებთ.

ახლა კლუბის მიტოვება იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს წყალში ვყრით", - თქვა ურუშაძემ და იქვე დასძინა, რომ პირველ წრეში შვიდეულში მოხვედრას იმედოვნებს, სამომავლოდ კი "მადა ჭამაში მოდის"...

ბოლოს ის ფეხბურთელებიც ჩამოვთვალოთ, რომლებიც "გურიაში" დარჩნენ: ალეკო კოშკაძე, თორნიკე მოსიაშვილი, ერეკლე კილაძე, კობა შალამბერიძე, შოთა გაბრიჩიძე, ვანო წილოსანი, მიხეილ გოგუაძე, რატი იმერლიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და გურიას პატრონის ხელი ეტყობა?! შუქი იქ არ არის და წყალი. ილიჩის ნათურა ძლივს ბჟუტავს, ისიც დროგამოშვებით. ვაი, თქვენი გამგებლობა არ გეიშვა საცხა და არც კი გრცხვენიათ!!!
0
და შენ რომ აღარ იქნები გამგებელი მერე ვირის თავ-ფეხი? როდემდე უნდა ვიყოთ ერთეული ადამიანების იმედად? სისტემა უნდა შეიქმნას და მერე ვინც გინდა მოვიდეს გამგებლად მნიშვნელობა აღარ ექნება.მარტო ფეხბურთზე არაა საუბარი. სპორტის სხვა სახეობებმა რა დააშავეს გურიაში, რაჭაში, კახეთში და აშ. გამგებელს არ მოსწონს კალათბურთი, ვაა ესეიგი არ განვითარდება, არ დააფინანსებენ, გამგებელს არ მოსწონს ფეხბურთის გარდა არაფერი, ესეიგი დანარჩენებს აქაც ვირის თავ-ფეხი!
antokeli
14:27 16-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული