სოფლის ჩემპიონატზე მეტი ხალხი დადიოდა - "ჩიხურას" დირექტორი რეფორმების მომხრეა

AutoSharing Option
რა ხდება საჩხერის "ჩიხურაში"? ეს ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთ გამოცანად რჩება.

იმ დროს, როცა გუნდებმა სეზონისთვის მზადება ლამის დაასრულეს, სოსო ფრუიძის სამწყსოზე ჩამი-ჩუმი არ ისმის. გუნდი მისმა კაპიტანმა დავით ოდიკაძემ და მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ რომ დატოვეს, ცუდის ნიშანი იყო. გაჩნდა საშიშროება, რომ გუნდი წამყვანი მოთამაშეებისგან იცლებოდა...

"ჩიხურას" დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ამბობს, რომ გუნდი უახლოეს დღეებში შეიკრიბება...

- "ჩიხურას" სეზონისთვის მზადება არ დაუწყია. რა ხდება? ჩემპიონატში მონაწილეობას აპირებთ თუ არა?
- ჯერ არაფერი ხდება, რადგან "ჩიხურას" დაფინანსების საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტის პროცესშია.
ახლაც, თქვენ რომ გელაპარაკებით, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი "ქართუ ჯგუფშია" და სწორედ დაფინანსების საკითხს არკვევს.

- თუ შეიძლება, დაგვიზუსტეთ, რა არის გასარკვევი - "ჩიხურას" დაფინანსება თუ მისი მოცულობა?
- ლაპარაკია რაოდენობაზე. თანხის ნაწილი კი გვაქვს, მაგრამ მის დამატებას ვიმედოვნებთ. თუმცა ეს მაინც არ იქნება იმდენი, რამდენიც ჩვენ გვსურს. გემახსოვრებათ, რომ "ჩიხურას" განვითარების რამდენიმეწლიან პროგრამაზე ვმუშაობდით, რომლითაც საკლუბო სისტემის გამართვა გვსურდა. ეს ცხოვრებამ და რეალურმა მოთხოვნილებამ მოიტანა. სასურველია, რომ 5-წლიანი პროგრამა განხორციელდეს, რაც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

- კონკრეტულად რა გეგმაზეა ლაპარაკი?
- საჩხერეში მოქმედებს ჩვენი ბავშვთა ფეხბურთის ჯგუფები, მაგრამ საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწყობა. ბიუჯეტის მხოლოდ გუნდის დაფინანსებაზე დახარჯვა უაზრობა იქნება, რადგან ფეხბურთელები მოვლენ და წავლენ, ჩვენ კი "პეპელა" გუნდი გვეყოლება და საბოლოოდ, ღირებულს ვერაფერს შევქმნით.

შარშან ევროპალიგაზე ჩვენი გამოსვლა კარგი და დასაფიქრებელი მაგალითი იყო: ვერ ვიტყვი, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეები გვყავდა და საოცარი ბიუჯეტი გვქონდა. მაგრამ ამ გუნდს სოსო ფრუიძე სამი წელი "აშენებდა", შემადგენლობის სტაბილურობამ კი შეთამაშება მოგვიტანა და გათამაშებიდან თურქეთის სუპერლიგის გუნდი გამოვაგდეთ. ეს არის სტაბილურობის ნაყოფი და ახლაც იმავე გზას გვინდა დავადგეთ, ოღონდ, უფრო გააზრებულად და გარკვეული სისტემის საფუძველზე.

მაინც და მაინც 5-მილიონიანი ბიუჯეტი საჭირო არ იქნება. იყოს 2,5 მილიონი და სტაბილურობა. ასეთ შემთხვევაში, "ჩიხურა" ბევრად უკეთ ითამაშებს.

- "ქართუ ჯგუფი" რა თანხით გაფინანსებთ?
- ანგარიშზე 1,5 მილიონი ლარი კი გვაქვს, მაგრამ ლაპარაკია თანხის დამატებაზე - დაახლოებით, 800 ათასი ლარიდან 1,8 მილიონამდე. ცხადია, რაც მეტი იქნება, მით უკეთესი - ეს მოგვცემს საშუალებას, დავიწყოთ პროგრამის განხორციელება. ჩვენ მხოლოდ მთავარი გუნდი არ გვყავს, აქვე არის ბავშვთა სკოლა, დუბლები და ჭაბუკთა ლიგის გუნდები. მათ კი მოვლა სჭირდებათ. გარდა ამისა, გვინდა, საჩხერეში სტადიონი გაკეთდეს...

- "ჩიხურა" საკუთარ სტადიონზე კი თამაშობს, მაგრამ საჩხერეს ნორმალური არენა მაინც არ აქვს...
- დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ, ჩვენს სტადიონზე 4 000 მაყურებელი მაინც რომ დაეტიოს. ევროთასების საგზურისთვის მებრძოლ გუნდს ამ კუთხით ყველაფერი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. ისე კლუბი ვერ განვითარდება.

ნახეთ, ახლა რა ხდება - უმაღლესი ლიგის 6 გუნდი საკუთარ სტადიონზე არ თამაშობს, ევროთასებზე კი ორმა სხვა არენით ისარგებლა. ბოლოს და ბოლოს, ეს ქვეყნის ჩემპიონატია თუ ქუჩის? თუ ამ ყველაფერს არ მოევლება, თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ კლუბის დაფინანსებაც აზრს დაკარგავს.

ჩემი ნება რომ იყოს, უმაღლეს ლიგაში არ დავუშვებდი კლუბს, რომელსაც საფეხბურთო აკადემია არ აქვს. ფეხბურთის მასობრიობა თუ გვინდა, საამისოდ მშვენიერი სარბიელია ბავშვთა ფეხბურთი და მეორე ლიგაა. პირველ და უმაღლეს ლიგაში კი გუნდების რაოდენობა უნდა შევზღუდოთ.

- შარშან "ჩიხურა" ლიგის 16 გუნდამდე გაზრდას არ ემხრობოდა?
- პირადად მე 10-გუნდიანი ჩემპიონატის მომხრე ვიყავი და ამ აზრის სიმართლეში ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი. სად გვაქვს 16 გუნდის შენახვისა და დაკომპლექტების ფუფუნება? გუნდი ჩემპიონატში უნდა გაიზარდოს. მაგრამ დონე რომ დაბალია, ფეხბურთელები ევროპულ ტემპში თამაშს სად შეეჩვიონ? ბევრი გუნდია და კარგ ფეხბურთს რომ ვერ აჩვენებენ, ხალხიც იმიტომ არ ინტერესდება.

ჩემს ბავშვობაში სოფლის ჩემპიონატებზე უფრო მეტი ხალხი დადიოდა, ვიდრე ახლა - უმაღლეს ლიგის მატჩებზე. სირცხვილია! სამაგალითოდ, ბელგიის ჩემპიონატის კლუბები გამოდგება. ისინი მოთამაშეებს ზრდიან და ყიდიან. ჩვენ თუ ეს სისტემა ავაწყვეთ, მერე ნახავთ, გადაიქცევა თუ არა ფეხბურთი ინდუსტრიად.

უეფაში ვთქვი, რომ ჩვენთან ტელევიზია რეპორტაჟებში ფულს არ იხდის-მეთქი და კაცმა პირდაპირ გვითხრა - ასე ფეხბურთი ვერ განვითარდებაო.

- ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სეზონი კარს მოგვადგა და "ჩიხურას" დაკომპლექტებას არ ჩქარობთ?
- ჩვენ უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და ისეთ შემადგენლობას შევკრებთ... მებრძოლი ბიჭები გვეყოლებიან.

საჩხერელი გულშემატკივარი ძალიან ობიექტურია, მოთამაშეებს ადგილობრივებად და ჩამოსულებად კი არ ყოფენ, მთავარია, მებრძოლი არის თუ არა. ამიტომ შეიყვარეს გიორგი რეხვიაშვილი, რომელიც ყველა მეტოქესთან თავს იკლავდა.

მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩვენთან არ ჩამოვლენ, ტრიბუნაზე მაყურებელს კი მხოლოდ ასეთი მოთამაშეები მოიზიდავენ. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ სწორი სელექციით სტადიონის შევსება შესაძლებელი იქნება.

- ახლა ყველა გუნდი დაკომპლექტებულია და მოთამაშეების დამატება არ გაგიჭირდებათ?
- გაძლიერება ზამთარშიც შესაძლებელი იქნება და სასურველი დაფინანსების მიღების შემთხვევაში, ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ბიუჯეტში მხოლოდ 800 ათას ლარს თუ დაგვიმატებენ, მაშინ ათეულში მოხვედრას შევეცდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმიტომ,რომ არ ჩალიჩობდნენ სხვა გუნდებივით.
moxalise
17:46 26-07-2015
0
თბილისის დინამოს შემდეგ სამტრედიას ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, ტრანსფერ ფასებითაც ყველაზე ძვირიანი კლუბი,მაგრამ მეექვსზე გავიდა.
აქ მარტო ფულში არაა საქმე,საქმე სისტემაშია.
ფულში კი იმიტომაა რომ "სხვისი ფული" უფრო ადვილი სახარჯავია,განსაკუთრებით ბიუჯეტის.
jango
14:31 26-07-2015
0

სიახლეები პოპულარული