ბოლნისის "სიონი: ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც

AutoSharing Option
ახალი სეზონისათვის მზადებას განაგრძობს ბოლნისის "სიონი"; შეგახსენებთ, რომ XXVII ჩემპიონატისათვის ქვემოქართლელებს ახალი მწვრთნელი დამოძღვრავთ: გამოცდილი სპეციალისტი ვარლამ კილასონია, რომელიც წინა სეზონში რუსთავის "მეტალურგის" თავკაცი გახლდათ.

გუნდში სხვა საკადრო ცვლილებებიც მოხდა: სხვაგან გააგრძელებენ კარიერას დაჩი ცნობილაძე, დათა სიჭინავა, ზვიად ლობჯანიძე, გიორგი ჭანკოტაძე, ენდრიუ არაუჟო, ლუის ალბერტო მედინა; გამოცდილმა მეკარემ ზურაბ ბათიაშვილმა კი თავისი ხანგრძლივი კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ახალწვეულებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი "სიონის" მზადების შესახებ ვთქვათ.

გარკვეული მიზეზების გამო ბოლნისელთა გუნდმა უცხოური შეკრების გავლა ვერ მოახერხა და ვარჯიშებს თბილისში, არცთუ კომფორტულსაფრიან
(რბილად ნათქვამია) "მერანის" სტადიონზე ატარებს.

ამის პარალელურად, "სიონმა" რამდენიმე სპარინგშეხვედრაც გამართა: "გურიასთან" (1:1), "საბურთალოსთან" (0:4), "რუსთავთან" (2:2). ბოლო საკონტროლო მატჩი კი "სიონმა" შაბათს, მცხეთაში ჩაატარა "ვიტ ჯორჯიასთან" და 0:2 დამარცხდა.

ბოლნისელთა გუნდმა პირველ ტაიმში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მერლანი - გაფრინდაშვილი, სვანიძე, მოსემღვდლიშვილი, ოთარაშვილი - ც. მესხი, გოგობერიშვილი, ვასაძე, ი. გოგინაშვილი - ჭიკაიძე, უგულავა; მეორე ტაიმში შევიდნენ: ს. ნანიევი, ლ. ღონღაძე, მიქაუტაძე, ისიანი, ა. მესხი, ფურცელაძე, ჟუანო, მატეუსი.

ამ საკონტროლო მატჩში სხვადასხვა მიზეზის გამო მონაწილეობა არ მიუღიათ: გიორგი მიქაბერიძეს, დაჩი ფოფხაძეს, დავით საჯაიას, სანდრო გურეშიძეს და კლუბის ახალწვეულს ვარლამ კილასონია-უმცროსს.

ეს უკანასკნელი "სიონში" წინა კვირას გადავიდა "ცხინვალიდან", ახლა კი მისი კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი გააგრძელებს კარიერას ბოლნისელთა გუნდში: 25 წლის მეკარე სოსლან ნანიევი; 19 წლის ცოტნე მესხი "შუქურაში" გამოდიოდა, მისი თანატოლი და მოგვარე არჩილ მესხი კი "ზესტაფონიდან" გადმოვიდა. ისე, როგორც გამოცდილი საყრდენი, 26 წლის გიორგი ვასაძე. თავის დროზე ვასაძე "მეტალურგში" ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით თამაშობდა.

სხვათა შორის, "სიონში" კილასონიას კიდევ ერთი ყოფილი შეგირდი ჩაირიცხა - 21 წლის სწრაფი გარემარბი ირაკლი გოგინაშვილი, რომელსაც წარმატებული სეზონი ჰქონდა მოლდოვაში.

25 წლის ცენტრალური მცველი ლაშა ღონღაძე წინა სეზონში "ზუგდიდში" გამოდიოდა, 24 წლის შემტევი ვილი ისიანი კი მშობლიური ქალაქის გუნდს ექვსთვიანი პაუზის მერე უბრუნდება.

თუმცა, ეს სია ამით არ მთავრდება: ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "სიონში" გააგრძელებს კარიერას გამოცდილი გარემარბი, 30 წლის კობა შალამბერიძე, რომლისთვისაც წინა სეზონი თავის კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო - "გურიას" შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში "სიონში" ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ ცნობილი კიდევ 2 ფეხბურთელი ჩაირიცხოს, აი, რაც შეეხებათ პოტენციურ უცხოელ ახალწვეულებს, "ვიტ ჯორჯიასთან" საკონტროლო მატჩში ორმა ბრაზილიელმა კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ორივე... დაიწუნეს.

XXVII ჩემპიონატის დაწყებამდე "სიონი" კიდევ ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: "ცხინვალთან" (29 ივლისი), "დილასთან" (31 ივლისი), თბილისის "დინამოსთან" ( 4 აგვისტო) და "ლოკომოტივთან" (7 აგვისტო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული