კახა გოგიჩაიშვილი: ჩვენთან სამ ქულას ნურავინ დაგეგმავს!

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიას" საინტერესო სტატისტიკური მონაცემები დაუგროვდა: მოსამზადებელ ეტაპზე კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა 9 მატჩი ჩაატარეს, 6 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და არც ერთი არ წააგეს. ბურთების შეფარდებაც შთამბეჭდავია - 23 გატანილი და 7 გაშვებული.

პირველი საკონტროლო შეხვედრა გურულებმა 11 ივლისს ბოლნისის "სიონთან" გამართეს და 1:1 ითამაშეს. ასეთივე ანგარიშით ლანჩხუთელებმა კიდევ ორი მატჩი დაასრულეს - "კოლხეთთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან".

მოგებული შეხვედრების ნახევარი გურულებმა დაბალლიგელებთან გამართეს - ხობის "კოლხეთთან" (5:0), "მაჭახელასთან" (4:0) და "მარკ სტართან" (2:0) გამარჯვება გასაკვირი არ იყო. "დიდ სენსაციას" ვერც
თერჯოლის "საპოვნელასა" (3:2) და მარტვილის "მერანის" (3:1) ძლევაზე ვიტყვით, მაგრამ ქობულეთში ბათუმის "დინამოსთან" მოგებამ (3:1) აჩვენა, რომ გოგიჩაიშვილმა "გურია" სეზონისთვის ურიგოდ არ მოამზადა.

მოთამაშეთა მონდომებით თავად მწვრთნელი კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში გუნდი თავს არ შეირცხვენს, თუმცა გადაჭარბებულ ოპტიმიზმსაც ერიდება.

"რა თქმა უნდა, მიხარია, რომ საკონტროლო შეხვედრებში თავი არ შეგვირცხვენია, მაგრამ ეს მაინც არაოფიციალური თამაშებია და ილუზიაში არ უნდა გადავვარდეთ. მთავარია, ეროვნულ ჩემპიონატში რას ვიზამთ.

გამომდინარე იქიდან, რომ უცხოეთში არ ვემზადებოდით და ბევრი გასასინჯი მოთამაშე გვყავდა, რაც შეიძლება მეტი ამხანაგური მატჩი დავგეგმეთ, რომ გაგვერკვია, ვის უნდა დავყრდნობოდით. ცხადია, მეორე ამოცანა შემადგენლობის შეთამაშება იყო.

მიმაჩნია, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერი გამოდგა და გუნდი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებისთვის მზადაა", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

"გურიის" დამრიგებლის თქმით, გუნდის მზადყოფნის შემოწმება ბათუმის "დინამოსთან" სურდა:

"ეს არის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მასთან თამაშს უნდა ეჩვენებინა, რა დონეზე ვიყავით და რა შეგვეძლო. მიხარია, რომ ბათუმელებს მოვუგეთ და, რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

საერთოდაც, ვეცდებით, "გურია" ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ვაქციოთ. მგონია, რომ ბიჭებს ამის პოტენციალი გააჩნიათ".

გოგიჩაიშვილს გუნდის მიზნებზეც ვკითხეთ:

"წლეულს, მთავარი აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გადავიტანეთ და გვსურს, რომ რაც შეიძლება ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა ჩამოვაყალიბოთ. ყველამ იცის, რა ძალაა ლანჩხუთელი გულშემატკივარი.

ჩვენი ახალგაზრდული, მონდომებული გუნდითა და სწორედაც ჩვენი გულშემატკივრების ფაქტორის გათვალისწინებით, მჯერა, ლანჩხუთში 3 ქულას ვერავინ დაგეგმავს - რასაც ჰქვია, "ნაღდი" მოგება, ამის იმედი ნურავის ექნება. კონკრეტული მიზანი კი ის არის, რომ ღირსეულად ვითამაშოთ და რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ".

გურულთა მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ ყურადღება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გადაიტანა:

"გუნდის მშენებლობა მხოლოდ მოთამაშეთა გაწვრთნა არ არის. მას ხელშემწყობი გარემო და პირობები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი საკუთარი ბაზაა.

მიხარია, რომ გუნდში ჩემი მისვლა ამ საკითხის მოგვარებას დაემთხვა, რადგან სულ სხვა ეფექტს იძლევა საკუთარ ბაზაზე ვარჯიში და სხვაგან ის ასეთი ნაყოფიერი ვერ იქნება. გრიგოლეთში კი ისეთი კარგი ბაზა შენდება, მსიამოვნებს - ასეთი ფუფუნება ბევრ ქართულ გუნდს არ ექნება. ბაზა ნაძვნარშია, არის სიმშვიდე, საუკეთესო საცხოვრებელი და მოსამზადებელი პირობებია და გუნდს ეს აუცილებლად დაეტყობა.

აქვე ვიტყვი, რომ ბაზის რეკონსტრუქციაზე პატარა სახსრები არ იხარჯება. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, რაც კლუბს დიდ შვებას მოჰგვრის და დიდი თანხაც გამოთავისუფლდება - სხვაგან ხომ უფასოდ არ შევდივართ. რაც მთავარია, სასტუმროებში ფულს არ დავხარჯავთ და გუნდიც მეტი სასურველი მოთამაშის დამატებას შეძლებს".

ტესტმატჩებში 3-3 ბურთი გაიტანეს შოთა ჯიქიამ, სანდრო ბახიამ და დათა ციცხვაიამ. 2-2 გოლი ერეკლე კილაძისა და ლაშა ჩაფიძის ანგარიშზეა, თითო გოლი კი თორნიკე მოსიაშვილმა, ბექა ზაქრაძემ, ნიკა ნარიაშვილმა და ლაშა ნინიკაშვილმა მიითვალეს.

ყველაზე მეტი - 6 გოლით კი თავი ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა ვანო წილოსანმა გამოიჩინა. გოგიჩაიშვილს მისი ეიმედება:

"ამ ბიჭს ასაკობრივი ნაკრების შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა. მერე "დინამოს" დუბლებიდან წამოვიდა და "გურიაშიც" ბევრს არ ათამაშებდნენ, მაგრამ ჩვენ მეტად ვენდეთ და სათამაშო დრო მივეცით. ეს ყველაფერი ძალიან მოუხდა და აშკარად გაიხსნა.

მე წილოსანის და ჩვენი სხვა ახალგაზრდების მჯერა, რადგან საკონტროლო მატჩებში კარგად გამოიყურებოდნენ. თანაც, ახალი კანონით ახლა მეტი ახალგაზრდა უნდა ვათამაშოთ და მათ ამ შანსს აუცილებლად მივცემთ".

გოგიჩაიშვილმა დაადასტურა, რომ ლანჩხუთში უკრაინელი ლეგიონერი დმიტრი ზოზულია დაბრუნდა. ამას გარდა, გუნდს კიდევ ერთი თავდამსხმელი შეემატება - კოტდივუარელი ბოტი გოა დემელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცუდსა რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი. წარმატებები გოგიჩას! ასეთი ბოგმიანი კომენტარებით აქ, მხოლოდ თქვენ თავზე საუბრობთ ვინ ხართ
guria
08:33 10-08-2015
0
სუსტი გუნდია გურია, ალბატ გავრდებიან!
zozulia
22:55 08-08-2015
0

სიახლეები პოპულარული