საქართველოს XXVII ჩემპიონატი. ახალი სეზონის წინ: რას უნდა ველოდოთ?

AutoSharing Option
გუშინ საქართველოში წელიწადის უმთავრესი სპორტული მოვლენა მოხდა: მართლაც გაკოხტავებულმა და თვალისმომჭრელმა "დინამო არენამ" უეფას სუპერთასს უმასპინძლა და ქართველ გულშემატკივარსაც საშუალება ჰქონდა, ცოცხლად ენახა "ბარსელონასა" და "სევილიის" ვარსკვლავთკრებული!..


ეს ყველაფერი გუშინ იყო, აი, ხვალ კი... საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი იწყება! და რას უნდა ველოდოთ ახალი სეზონიდან? უპირველესად, როგორც უკვე ტრადიციად გვექცა (და ასეა უკვე 26 წლის განმავლობაში), ახლაც გვინდა, რომ უმაღლესი ლიგის მატჩების უმრავლესობას რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი ესწრებოდეს, თამაშების ასევე უმრავლესობა ჭეშმარიტად "სპორტული პრინციპების"
დაცვით ჩატარებულიყოს, 16-გუნდიან ჩემპიონატში რაც შეიძლება ნაკლები "კოალიცია" (რამდენიმე გუნდის "ჩახუტებები" ერთ-ერთის სასარგებლოდ) გვენახოს, არბიტრებს თავიანთი პროფესიული მოვალეობები პირნათლად შეესრულებინოთ და არა - ყვითელ-წითელი ბარათების "მიზნობრივად" გამოყენებაზე ეფიქროთ.

იმის იმედიც გვაქვს, რომ უმაღლესი ლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელთაგანს არც ერთს გაუჩნდება სურვილი, რომ უკვე პირველ ტაიმშივე დაიწყოს ფეხბურთელთა "მიზანმიმართული" შეცვლები; თვითონ ფეხბურთელებიდანაც არავის გასჩენოდეს იმის სურვილი, რომ ამა თუ იმ მატჩის შედეგის მანიპულირებაში მიეღოს მონაწილეობა.

დაბოლოს, იმასაც ვისურვებდით, რომ საქართველოს 2015/16 წლების უმაღლესი ლიგის გათამაშება რეგლამენტის სრული დაცვით ჩატარებულიყოს და, რაც მთავარია, ჩემპიონატი ყველა გუნდს ჩაემთავრებინოს...

...აი, რაც შეეხება ჩემპიონატის საერთო დონის ამაღლებას, ეს თემა, სამწუხაროდ, არააქტუალურია, თანაც, უკვე ძალიან დიდი ხანია...

ძველებურადაც და ახლებურადაც...
XXVII ჩემპიონატი ისეთივე ფორმატით ჩატარდება, როგორიც წინა ყო: 16 გუნდი კვლავაც ორ წრედ იასპარეზებს; საქართველოს ჩემპიონი მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგაზე გამოვა, II და III ადგილზე გასული გუნდები, პლუს საქართველოს თასის მფლობელი კი - ევროპის ლიგაზე. უცვლელია დაქვეითების წესიც: უმაღლეს ლიგას ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ტოვებს, XV-ადგილოსანს კი პლეი ოფის მატჩი მოუწევს პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან.

სამაგიეროდ, სხვა და, ჩვენი აზრით, მეტად საინტერესო სიახლეა: მთელი სეზონის განმავლობაში უმაღლესი ლიგის ყველა გუნდი ვალდებულია ოფიციალურ მატჩებში ძირითად შემადგენლობაში ჰყავდეს 21 წლამდე 2 ფეხბურთელი (1994 წელს და მერე დაბადებული).

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ეს ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა წინა თვეში "დააკანონა" და დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ უმაღლესი ლიგის მხოლოდ 2-3 გუნდის წარმომადგენელია ამ სიახლის წინააღმდეგი.

არადა, რატომღაც გვგონია, რომ ამ სიახლეს პოზიტიური შედეგი უფრო უნდა მოჰყვეს, ვიდრე - ნეგატიური. ყოველ შემთხვევაში, ნიჭიერ ახლგაზრდებს ახლა ბევრად უფრო მეტი შანსი ეძლევათ, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.

აი, რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობას, ამ საკითხთან დაკავშირებით "ლელოს" უკვე წელიწადია, განსხვავებული პოზიცია აქვს, ვიდრე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას; თუმცა, 16-გუნდიანი რომ გვებევრება (რბილად ნათქვამია), ამაზე მსჯელობას ახლა რაღა აზრი აქვს: 2015/16 წლების საფეხბურთო სეზონში ამ მხრივ აღარაფერი შეიცვლება და ამიტომაც ამ თემას აღარც შევეხებით.

ასევე ვერ ვხედავთ აზრს, რომ გარკვეული პარალელები გავავლოთ იმ ქვეყნების (თანაც, არცთუ ჩამორჩენილ) საფეხბურთო ჩემპიონატებთან, სადაც ბოლო წლების განმავლობაში უკვე ტრადიციასავით იქცა უმაღლეს ლიგებსა თუ დივიზიონებში გუნდების შემცირების ტენდენცია...

უსიამოვნო ზაფხული
...წინა სეზონში, კონკრეტულად კი, მეორე წრის დაწყებამდე "სიამაყით" აღვნიშნავდით ერთობ სასიამოვნო ტენდენციას: ზამთრის პაუზის დროს უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან 12-მა შეკრება უცხოეთში გაიარა, "ზესტაფონის", "მეტალურგის", "ვიტ ჯორჯიისა" და "გურიის" გარდა.

ამ ზაფხულს კი, სეზონის დაწყების წინ, 16 გუნდიდან მხოლოდ რვა გუნდმა მოახერხა საზღვარგარეთ გამგზავრება და მეტ-ნაკლებად ნაყოფიერი შეკრების გავლა: "დილამ", ბათუმის "დინამომ", თბილისის "დინამომ", "სამტრედიამ", "შუქურამ", "კოლხეთმა", "ზუგდიდმა" და "ლოკომოტივმა".

უცხოურ შეკრებაზე ვერგამგზავრებაზე ბევრად უფრო პრობლემატურია კეთილმოწყობილი კი არა, ისეთი სტადიონების არსებობა, უმაღლესი ლიგის მატჩების ჩასატარებლად ელემენტარულ მოთხოვნებს რომ უნდა აკმაყოფილებდეს.

ჰოდა, XXVII ჩემპიონატშიც ისეთივე სიტუაციას უნდა ველოდოთ, როგორიც წინა სეზონში იყო: სულ მცირე, ხუთ გუნდს, ფაქტობრივად, ნეიტრალურ სტადიონზე მოუწევს "საშინაო მატჩების" გამართვა.

ამას გარდა, ასევე სულ მცირე, კიდევ ორ-სამ ისეთ სტადიონზეა ნებადართული ოფიციალური მატჩების ჩატარება, სადაც, წესითა და რიგით, უმაღლესი ლიგის შეხვედრები არ უნდა იმართებოდეს...

ფავორიტები და...
"დილა", ბათუმის "დინამო", თბილისის "დინამო" - წინა სეზონის სამივე პრიზიორი XXVII ჩემპიონატშიც უმთავრეს ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. ამ სამეულის გარდა, "საჩემპიონო დავაში", ჩვენი აზრით, კიდევ 2 გუნდი უნდა ჩაერთოს: "შუქურა" და "ტორპედო"; კვლავაც უნდა ჰქონდეს ევროტურნირებზე ასპარეზობის ამბიცია "ცხინვალს", ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ერთდროულად სამი ახალგაზრდული გუნდის: "სამტრედიის", "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" ასპარეზობას.

გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო შედარებით მოკრძალებული მიზნები უნდა ჰქონდეთ "ჩიხურას" (ყველაზე გვიან რომ დაიწყო მზადება), "გურიას", "ზუგდიდს", "კოლხეთსა" და "სიონს"; აი, რაც შეეხება "მერანსა" და "საპოვნელას", ამ გუნდებს, სავარაუდოდ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევთ ბრძოლა.

თუმცა, ყველაფერი ზემოთქმული, რაღა თქმა უნდა, ვარაუდებია და მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, როცა, შესაძლოა, ზოგიერთმა გუნდმა სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზოს, ზოგმაც - პირიქით...

შენარჩუნება უფრო ძნელია
წინა სეზონი გორის "დილას" ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა: გუნდი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი! თუმცა, ამ წარმატების ერთ-ერთ შემოქმედს, "დილას" მთავარ მწვრთნელს, ახალგაზრდა სპეციალისტ უჩა სოსიაშვილს ჩვენზე კარგად მოეხსენება, რომ ახალი სეზონი ბევრად უფრო რთული იქნება: ჩემპიონის წინააღმდეგ ხომ ყველა გუნდი განსაკუთრებული მოტივაციით ასპარეზობს.

წინა სეზონთან შედარებით, "დილაში" გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდა, თუმცა მიგვაჩნია, რომ გორელთა გუნდი ამჯერად ბევრად უფრო კარგად არის დაბალანსებული და ფეხბურთელებსაც ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად გვარიანი კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.

ერთიმეორეზე ცნობადი გამოცდილი (დავით კვირკველია, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ნავალოვსკი, თეიმურაზ ღონღაძე) და ახალგაზრდა (გიორგი პაპავა, გიორგი ილურიძე, მათე კვირკვია) ახალწვეულები, პლუს წინა სეზონის ბირთვი, - "დილა" ნამდვილად არ განიცდის კვალიფიციურ ფეხბურთელთა სიმცირეს...

წინა სეზონში "დილას" საჩემპიონო ტრიუმფზე არანაკლებ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამოს" მართლაც წარმატებული ასპარეზობა: აჭარულმა კლუბმა ხანგრძლივზე-ხანგრძლივი პაუზის მერე ჩემპიონატში საპრიზო ადგილი დაიკავა და ამ ზაფხულს ევროტურნირებზეც გამოვიდა!

ბათუმელთა გუნდის გამოცდილი და მართლაც კვალიფიციური თავკაცი შოთა ჭეიშვილი ადრეც (90-იან წლებში) და შემდგომშიც ყოველთვის ერიდებოდა ძირითადი შემადგენლობის რადიკალურ გადახალისებას და ასე მოხდა ახლაც.

თავად განსაჯეთ: გუნდში მხოლოდ სამი ახალწვეულია (გიორგი გაბედავა, პაპუნა ფონიავა და ლუის ალბერტო მედინა), "დინამო" კი გამოცდილმა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა და მართლაც უბერებელმა, 41 (!) წლის ამირან მუჯირმა დატოვეს.

...ნებისმიერი სეზონის დაწყების წინ თბილისის "დინამოს" მუდამ "მარადიული ფავორიტის" სტატუსით მოვიხსენიებთ ხოლმე და გამონაკლისი, რაღა თქმა უნდა, არც ამჟამინდელი სიტუაციაა; მით უფრო, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი ისეა დაკომპლექტებული, ერთწლიანი პაუზის მერე მხოლოდ და მხოლოდ ოქროს მედლებისათვის უნდა იბრძოლოს.

"დინამოს" სერიოზული დანაკლისი აქვს: სხვაგან გააგრძელებენ კარიერას გუნდის კაპიტანი ლაშა თოთაძე და გუნდის უპირობო ლიდერი გიორგი პაპუნაშვილი.

თუმცა დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საკმაოდ ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანია აწარმოა (ძირითად შემადგენლობაში ყველა პოზიციაზე 2 თანაბარი ძალის მოთამაშეა) და პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად ისეთი ფეხბურთელებიც დაიმატა, ჩვენს ჩემპიონატში ასპარეზობის საკმარისი გამოცდილება რომ აქვთ. რაც მთავარია, თბილისის "დინამოში" 18-წლიანი პაუზის მერე ალექსანდრე იაშვილი დაბრუნდა!

...ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ერთობ დიდი ინტერესით ველოდებით გადახალისებული და გაძლიერებული "შუქურასა" და "ტორპედოს" ასპარეზობას: ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს (გელა სანაიას და გიორგი დარასელიას) საკმაოდ ბევრი კვალიფიციური ახალწვეული ჰყავს და, აქედან გამომდინარე, ამბიციური მიზნებიც არ უნდა გაგვიკვირდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შუქურასა და ტორპედოში ახალწვეულები ნამდვილად ბევრია, მაგრამ სიტყვა კვალიფიციურები მათ არ შეეფერებათ, ალბათ უფრო "პატრონიანი უნიჭოები", რომლებიც გუნდიდან გუნდში დაბორიალობენ ყოველ სამ თვეში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული