ნიკა საბანაძე: მოხარული ვარ, რომ "საბურთალოს" რიგებში ჩავირიცხე

AutoSharing Option
24 წლის ფორვარდი ნიკა საბანაძე "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა. როგორც იცით, ბოლოს ის კვიპროსულ "ეთნიკოსში" იყო, მაგრამ იქიდან წამოვიდა და აქამდე უგუნდოდ იყო.

2010-14 წლებში საბანაძე ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, წინა სეზონი კი თბილისის "დინამოში" დაიწყო, სადაც 12 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა. ამ ორი კლუბის გარდა, საბანაძეს ნათამაშები აქვს "ზესტაფონშიც", იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

მან ახალი გუნდის შემადგენლობაში უკვე ივარჯიშა:

"სამედიცინო შემოწმება გავიარე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა მაქვს. მოხარული ვარ, რომ "საბურთალოს" რიგებში ჩავირიცხე. მიუხედავად იმისა, რომ
თბილისური კლუბი ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს უმაღლეს ლიგაში, საკმაოდ პერსპექტიული და წარმატებულია...

..."საბურთალოში" კარიერის გაგრძელება მთავარი მწვრთნელისა და სამწვრთნელო შტაბის ფაქტორმა განაპირობა - ბავშვობიდან ვიცნობ გიორგი ჭიაბრიშვილს, საკმაოდ წარმატებული სპაციალისტია. ვმეგობრობ და დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს რევაზ გოცირიძესთან...

მთლიანად კლუბი ძალიან ახალგაზრდული და მეგობრულია. თოთაძეს, ფანცულაიასა და დვალსაც ვიცნობ, დანარჩენებს ნელ-ნელა ვეცნობი. ვფიქრობ, ადაპტაციის პერიოდიც მალე გაივლის...

..."საბურთალოსთან" კონტრაქტს უკვე მოვაწერე ხელი, კლუბში წლის ბოლომდე ვითამაშებ, შემდეგ კი მომავალი გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება. ახლა კვიპროსიდან გათავისუფლების ფურცელს ველოდები. თუ ყველა საკითხი დროულად მოგვარდება და თუ მწვრთნელებმაც საჭიროდ ჩათვალეს, შესაძლოა დებიუტი უახლოეს ტურში, "სამტრედიასთან" მქონდეს...

...ვფიქრობ, "საბურთალოს" დიდი პოტენციალი აქვს. მართალია, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გამოუცდელობაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ამასაც ეშველება", - უთხრა საბანაძემ "საბურთალოს" ოფიციალურ ვებგვერდს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული