14:19 14-09-2015
ლოკომოტივი-გურია 3:0 - გოლი-შედევრი და პირველი გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
არადა აქამდე უქულო "ლოკომოტივმა" ისე ითამაშა, მინიმუმ ათჯერ მეტ (მატჩს დაახლოებით 300 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს) აუდიტორიას იმსახურებდა. ვასილ მაისურაძემ მაგრად მომართა გუნდი და ახალგაზრდა მასპინძლებს წამითაც არ გაუშვიათ ხელიდან თამაშის სადავეები.
"ლოკომოტივი" უკვე მე-3 წუთზე დაწინაურდა. გავრისკავ და დავწერ, რომ მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასეთი სილამაზის გოლი აღარ გავა. დემურ ჩიხლაძემ თბილისელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი და საჯარიმოსთან მოშორებით მდგომმა "პარაშუტით" გაგზავნა ნიკა დაუშვილის კარის მიმართულებით. არ ვიცით, ჩიხლაძემ ჩაწოდება ჩაიფიქრა თავიდან, თუ დარტყმა, მაგრამ გოლი კი სანაქებო გამოვიდა. იმ ეპიზოდში დაუშვილი აშკარად შეცდა, თუმცა ამან ეპიზოდის ბრწყინვალებას ვერაფერი დააკლო.
მე-10 წუთზე "გურიამ" სახიფათო მომენტი შექმნა - ვანო წილოსანს, ვისაც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში დასამახსოვრებელი მატჩები ჩაუტარებია იმავე მაისურაძის ხელმძღვანელობით, დარტყმული ოდნავ აუცდა.
ორ წუთში "ლოკომოტივის" უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა - მამია გავაშელიშვილმა აუღელვებლად აიღო დაუშვილის კარი. საგოლე კომბინაციაში აქტიურად მონაწილეობდა პირველი გოლის ავტორი ჩიხლაძე.
მართალია, დემურმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის 23-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა, მაგრამ მან დროის ამ მცირე მონაკვეთში იმდენი მოასწრო, თამამად შეგვიძლია ვაღიაროთ მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად...
მე-20 წუთზე "გურიამ" კვლავ გაიბრძოლა. სტუმართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული - ნიკოლოზ მაისურაძე ძლიერად უტყამდა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით. ამ შემთხვევაში "ლოკოს" კარს საფრთხე ბაჩო მიქავამ აარიდა.
"ლოკომოტივს" კარგად ეჭირა ბურთი და თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობდა. მაისურაძის გუნდი, აქამდე ქულათა გრაფაში "ნული" რომ ეწერა, აქცენტს ბურთის ფლობასა და სანახაობაზე აკეთებს, მოკლე პასებს ეძალება, რაც მისასალმებელია.
"გურია" კი... ისე, მართლაც საკვირველი იყო კახა გოგიჩაიშვილის გუნდის ასეთი უსახური თამაში. ფაქტია, ლანჩხუთელებს გაძლიერება სჭირდებათ. სტუმრებმა ითამაშეს უმოტივაციოდ და იმ ნაპერწკლის გარეშე, რომელიც ნებისმიერ გუნდს სჭირდება დადებითი შედეგის მისაღწევად.
თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. თან მაისურაძემ ცვლილებაც "გაარტყა" - ზვიად ქანთარია წამების შესული იყო მინდორზე, როცა მესამედ შეარხია ლანჩხუთელთა კარის ბადე. უნდა ითქვას, რომ ეს გოლიც "ლოკომოტივის" მიერ გათამაშებულ გააზრებულ კომბინაციას მოჰყვა.
თამაშის ბოლომდე მასპინძელს კიდევ ჰქონდა მომენტები. თუნდაც იმავე ქანთარიას, ვინც გიორგი თექთურმანიძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ რაღაც სასწაულით ააცილა კარს.
მატჩის შემდეგ
კახა გოგიჩაიშვილი ("გურიას" მწვრთნელი): "ძალიან ცუდად ვითამაშეთ. თავიდანვე გავუშვით გოლი და მერე ვეღარ გამოვასწორეთ თამაში. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენ გვინდა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, თუმცა შეიძლება, მეტზეც ვიფიქროთ. გუნდს ნამდვილად სჭირდება გაძლიერება. ამ თამაშის მერე რამდენიმე ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს".
ვასილ მაისურაძე ("ლოკომოტივის" მწვრთნელი): "ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაში იყო ცუდი სტარტის ფონზე. ეს მატჩი რომ არ მოგვეგო, ვერც კი წარმომედგინა გუნდის მომავალი. გვქონდა უპირატესობა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გაძლიერება ყველა გუნდს უნდა. ზამთარში გადაწყდება, დავიმატებთ თუ არა ახალ მოთამაშეებს. სამურკასოვს ტრავმა აქვს, გიორგი ხიდეშელი კი არ არის ოპტიმალურ ფორმაში და ვერ ხვდება შემადგენლობაში".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური
11.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 300 მაყურებელი
ლოკომოტივი-გურია 3:0
გოლები: 1:0 ჩიხლაძე (3), 2:0 გავაშელიშვილი (12), 3:0 ქანთარია (65)
ლოკომოტივი (4-4-1-1): მიქავა - გაბაძე, ღაღანიძე, გეთიაშვილი, უბილავა - ბენაშვილი, დიასამიძე (83. ღვინაშვილი), ჩიხლაძე (22. თექთურმანიძე), კიკნაძე (64. ქანთარია) - ქიქავა - გავაშელიშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, დუმბაძე, არველაძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გურია (4-5-1): დაუშვილი - ლ. მჭედლიშვილი (65. ბახია), ნოზაძე, ჩადუნელი, ხიზანეიშვილი - ზაქრაძე (58. ბოტი გოა), კილაძე, მოსიაშვილი, მაისურაძე, წილოსანი (73. რეხვიაშვილი) - ჯიქია.
სათადარიგოები: გოგუაძე, გელაშვილი, ქურდაძე, კობერიძე
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: დიასამიძე (8), ხიზანეიშვილი (45), გაბაძე (50), მაისურაძე (90)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
15-16 სექტემბერი
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
V ტური
20 სექტემბერი, კვირა
სიონი-ლოკომოტივი
შუქურა-საპოვნელა
ტორპედო-კოლხეთი
ცხინვალი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დილა
დინამო (თბ)-ზუგდიდი
სამტრედია-მერანი
გურია-საბურთალო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული