დილა-დინამო (თბ) 2:0 - ჩემპიონმა ლიდერი შეცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერისა და მოქმედი ჩემპიონის გორულმა დაპირისპირებამ გულშემატკივართა და სპეციალისტთა მოლოდინი გაამართლა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა დღესდღეობით საქართველოს ორი საუკეთესო გუნდის საინტერესო პაექრობა იხილა.

დაძაბულობა, რომელიც მოედანზე ჭარბად იყო, ერთხელაც არ გადაზრდილა თუნდაც მცირე კინკლაობაში; სამაგიეროდ, სტუმართა ფანებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე ერთთავად ალიაქოთი იყო. პოლიციას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ორივე გუნდის გულშემატკივარი ხელჩართულ ჩხუბში არ ჩაბმულიყო, როგორც მატჩის მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ...

მინდორზე კი მოვლენები პირველივე წუთებიდან საინტერესოდ ვითარდებოდა. ყველაზე ჭარბი, რაც თავიდანვე ჩანდა, ორივე გუნდის ფეხბურთელთა
შემართება იყო. შეტევაზე ზრუნვას როგორც მასპინძელი, ისე სტუმარი გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, თუმცა მწვავე იერიშების მიუხედავად, საგოლე მომენტები არცერთ კართან არ შექმნილა.

ამასობაში, მატჩის საკვანძო ეპიზოდიც მოახლოვდა - "დილას" სწრაფი კონტრშეტევისას ოთარ მარცვალაძემ გამოზომილი პასი მიაწოდა ირაკლი მოდებაძეს, რომელმაც მცველებიც ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეჭრილმა მეკარესაც აუარა გვერდი. გიორგი ბეგაშვილს მოდებაძის წაქცევის, გიორგი ვადაჭკორიას კი პენალტის დანიშვნისა და მეკარისთვის წითელი ბარათის აფრიალების გარდა, აღარაფერი დარჩენოდა.

დინამოელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ გაძევებული გოლკიპერის შესაცვლელად ცენტრალური თავდამსხმელი (გიორგი ქვილითაია) "მოხსნა" თამაშიდან. მოდებაძემ პენალტი შეცვლაზე შესულ ლიბორ ჰრდლიჩკას ზუსტად დაურტყა - 1:0.

აი, აქ მოისაკლისა პირველად თბილისელი ფანების ტრიბუნამ რამდენიმე ინდივიდუალური სავარძელი, რომელთაგან ერთი მოედანზეც აღმოჩნდა...

ანგარიშში ჩამორჩენას "დინამო" ფსიქოლოგიურად არ გაუტეხავს. სტუმრებს გიორგი ჭანტურიშვილი გაჰყავდათ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ კარიდან წინ გამოსულმა ოლექსეი შევჩენკომ ბურთი აიღო და სიტუაცია განმუხტა.

თბილისელებს რამდენჯერმე "სტანდარტულის" შესრულების უფლებაც მიეცათ. ყველა შემთხვევაში, ბურთი საჯარიმოში მოხვდა, მაგრამ გორელებმა მასპინძელ მცველებს ვერ აჯობეს.

საერთოდ, ამ დღეს "დილას" დაცვის ცენტრში მეტად საიმედოდ ირჯებოდა კვახაძე-ქარქუზაშვილის დუეტი, ხოლო გორელები კომბინაციების დამაგვირგვინებელ ფაზაში მოდებაძე-მარცვალაძის იმედად იყვნენ (მარცვალაძეს 33-ე წუთზე მართებდა გატანა), მარჯვენა ფლანგიდან ჩინებულად ამწვავებდა თამაშს მათე კვირკვია.

ვიდრე ეს უკანასკნელი ტრავმის გამო (37-ე წუთი) შესაცვლელი გახდებოდა, ვფიქრობთ, მოედანზე ყველასგან გამორჩეული იყო. კვირკვიას გასვლის მერე კი გიორგი ერისთავი გადავიდა მარჯვნივ, ხოლო მარცხენა ფრთიდან გოგიტა გოგუამ დაიწყო მოწინააღმდეგის შეწუხება. მიუხედავად მონდომებისა, ლაშა პარუნაშვილის ოდნავ უზუსტო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, "დინამომ" პირველ ტაიმში საგოლე საფრთხე ვერ შექმნა.

მეორე ტაიმი "დილამ" უფრო თავდაჯერებით დაიწყო. 49-ე წუთზე მოდებაძის პასით მარცვალაძემ ზუსტად 11-მეტრიანის ნიშნულიდან ძლიერად დაარტყა და სტუმრები ხარიხამ იხსნა.

გორელები მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლსაც ახერხებდნენ. 61-ე წუთზე მასპინძელთა მრავალფაზიანი კომბინაცია მეორე გოლით დასრულდა - მარცვალაძემ მეკარის საჯარიმოში მოდებაძეს ჩაუწოდა, "დილას" ფორვარდმა "მეორე სართულზე" მცველებს დაასწრო და ბურთი ბადეში გადაგზავნა - 2:0.

წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონშიც იბრძვის ამ წოდების შესანარჩუნებლად...

ორი ბურთით დაწინაურებული მასპინძლები დამშვიდდნენ, სტუმრებს კი, მართალია, დრო ჰქონდათ თამაშის გადასარჩენად, მაგრამ იმედის ნაპერწკალი სულ უფრო უქრებოდათ. უბერებელი ალექსანდრე იაშვილი, რომელიც დაუღალავად მოქმედებდა და თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, საბა ლობჟანიძემ შეცვალა.

სასიამოვნო იყო, რომ ორი გუნდის გულშემატკივრებს შორის დისტანციაზე გამართული ლანძღვა-გინება "იაშკას" შეცვლისას შეწყდა და ის მთელმა სტადიონმა ტაშით გააცილა.

უჩა სოსიაშვილმა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნებიდან ხელმძღვანელობდა თავის ფეხბურთელებს, შეგირდებს მშვიდი თამაშისკენ მოუწოდა. დარჩენილ დროში, პოზიციური ბრძოლისა და უხიფათო იერიშების მთელი წყების გარდა, აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა.

"დილამ" მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი (დილა): "ბოლო წლებში ჩვენს გუნდებს შორის პაექრობა ყოველთვის პრინციპული და საინტერესო იყო. ასე იყო ამჯერადაც.

ეპიზოდმა, როცა მოდებაძის წაქცევას პენალტის დანიშვნა, მეტოქის მეკარის გაძევება და შემდეგ რეალიზებული 11-მეტრიანი მოჰყვა, ჩვენთვის ყოველმხრივ კარგად ჩაიარა. ამიტომ უფლება არ გვქონდა, თამაში დაგვეთმო ან "მეორე ნომრად" გვეთამაშა.

საგოლე მომენტები, რომლებიც შემდეგ შეიქმნა, რომ გამოგვეყენებინა, ანგარიში უფრო სოლიდურიც იქნებოდა, თუმცა, ცხადია, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან გავიმარჯვეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან".

გია გეგუჩაძე (დინამო): "მეკარის გაძევებისა და 11-მეტრიანის დანიშვნისას ძალიან რთული ამოცანის წინაშე დავდექით. ეს იყო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი. მართალია, შემდეგ ვცადეთ ვითარების შეცვლა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა და დავმარცხდით.

თუმცა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი მატჩები ჯერ კიდევ წინაა და ჩვენ ვიბრძოლებთ დასახული მიზნის მისაღწევად".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
26.09. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 3 500 მაყურებელი
დილა-დინამო (თბ) 2:0
გოლები: 1:0 მოდებაძე (20-პენ), 2:0 მოდებაძე (61. მარცვალაძის პასით)
დილა (4-4-2): შევჩენკო - ღონღაძე, ქარქუზაშვილი, კვახაძე, ნავალოვსკი - კვირკვია (39. გოგუა), გვალია, ფალავანდიშვილი, ერისთავი (67. ხურცილავა) - მოდებაძე, მარცვალაძე (72. ილურიძე).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, მუჯრიშვილი, პაპავა, მაშუკოვი, ახალკაცი.
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
დინამო (4-4-2): ბეგაშვილი - კაკაბაძე (65. ჭელიძე), გველესიანი, ფერეირა, თევზაძე - ჯიღაური, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი - იაშვილი (73. ლობჟანიძე), ქვილითაია (20. ჰრდლიჩკა).
სათადარიგოები: გურული, ჯანელიძე, კიტეიშვილი, არაბული
გაფრთხილება: თევზაძე (28), კვირკვია (37), ჭანტურიშვილი (90)
გაძევება: ბეგაშვილი (17)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 4

მომდევნო, VII ტური
3 ოქტომბერი, შაბათი
ცხინვალი-კოლხეთი
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საპოვნელა-ლოკომოტივი
სამტრედია-დილა

4 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
შუქურა-საბურთალო
გურია-ზუგდიდი
სიონი-მერანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯიგარი ხარ ვახო 100 პროცენტიანი ხარ,
grisha
21:20 29-09-2015
0
ჩემპიონი არა ჩურჩხელა, ერთი თამაში მოუგეს დინამოს და მადრიდის რეალი გონიათ დილა. დილა კი არა მალე მოვა თქვენი საღამო სხვა გუნდებთან რომ დაკარგავთ ქულებს და სტანოკზე რომ მოხვალთ დინამო არენაზე
vaxo
17:40 29-09-2015
0

სიახლეები პოპულარული