11:37 19-10-2015
ტორპედო-დინამო (თბ) 1:1 - ცეცხლოვანი კლასიკო [VIDEO]
AutoSharing Option
შტელინის ჩამოსვლამდე კი ქუთათურებს "დინამოსთან" პრინციპული თამაშისთვის მიხეილ აშვეთია ამზადებდა...
მატჩის მნიშვნელობაზე ბევრს არ ვისაუბრებთ. რაოდენ განსხვავებული მიზნებიც არ უნდა ჰქონდეთ "ტორპედოსა" და "დინამოს" ჩემპიონატში, "კლასიკო" მაინც კლასიკოდ რჩება და გულშემატკივრები ამ პაექრობისადმი ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენენ.
ამჯერადაც ასე იყო, სტადიონზე საკმაოდ ბევრი ქომაგი მივიდა და ძალოვნებიც მობილიზებულნი იყვნენ, მაგრამ ორივე გუნდის გულშემატკივართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მომხდარი მცირეოდენი შეხლა-შემოხლის მიუხედავად, ტრიბუნებზე რაიმე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია - "ტორპედოსა" და "დინამოს" ფანები ერთმანეთს სიმღერებითა და შეძახილებით ეჯიბრებოდნენ, რაც მინდორზე მყოფთაც დადებით მუხტს სძენდა.
აქ შეიძლება ისიც გავიხსენოთ, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, ქუთაისელმა "ულტრასებმა" პეტარდებით ლამის ცეცხლი რომ დაანთეს სტადიონზე და თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა, თუმცა ამ ეპიზოდმაც უმტკივნეულოდ ჩაიარა.
შეხვედრა კი, ცოტა არ იყოს, "მძიმე", თუმცა ძალზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. დათა სიჭინავამ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა. ბურთი კედელში მყოფ მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, იქიდან კი ირაკლი კლიმიაშვილმა პირდაპირ კარისკენ დაატრიალა ბურთი. გიორგი ბეგაშვილი გამოსვლაზე არადამაჯერებლად გაისარჯა, თუმცა გამოვარდნილ ბურთს მასპინძლებმაც ვერ მიუსწრეს.
დინამოელებმა მალევე სახიფათო შეტევით უპასუხეს - გიორგი ქვილითაიამ მეურვე ჩამოიცილა და მარჯვენა მახვილი კუთხიდან გამჭოლი გადაცემის გაკეთება დააპირა, თუმცა ბურთი ტაბატაძეს მოხვდა და კარისკენ უცნაური ტრაექტორიით წავიდა - რევაზ თევდორაძემ ბურთი გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე.
სტუმართაგან ქუთაისელებს ყველაზე მეტ პრობლემას ქვილითაია-იაშვილის ტანდემი უქმნიდა. მორიგი სახიფათო მომენტიც სწორედ მათ აქტიურობას მოჰყვა, როცა იაშვილის გადაცემის შემდეგ ქვილითაიამ ცაციათი "გაისროლა", თუმცა სამიზნეს მცირედით ააცილა.
სადებიუტო აქტიურობის შემდეგ გუნდები ცოტათი დაწყნარდნენ. მართალია, ტემპი არ დაცემულა, მაგრამ პირველი ტაიმი ისე მიილია, რეალური საგოლე მომენტები აღარ შექმნილა. მხოლოდ ორი ეპიზოდის გახსენება შეიძლება, როცა კლიმიაშვილის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი დინამოელთა მეკარემ მოიგერია, ხოლო შემდეგ იაშვილი-ქვილითაიას აქტიურობა ამ უკანასკნელის არაზუსტი თავური დარტყმით დასრულდა...
მეორე ტაიმის საწყისი წუთებიც მოსაწყენი გამოდგა. გუნდებს შეტევაში სიმწვავე და ფანტაზია აკლდათ და მცველებს პრობლემები არ ექმნებოდათ. თითქოს ფეხბურთელების გამოფხიზლება უნდოდათო, "ტორპედოს" ულტრასებმა პეტარდები დაანთეს და მოედანი მწვანე კვამლში გაახვიეს, რის გამოც თამაში ცოტა ხნით შეწყდა.
სხვათა შორის, მატჩის შემდეგ ალექსანდრ შტელინმა აღნიშნა - რომ არა ეს მონაკვეთი, მატჩის არბიტრს შეხვედრისთვის ოთხი წუთის დამატების საფუძველი არ ექნებოდა და იქნებ "დინამოს" ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ დარჩენოდაო...
გია გეგუჩაძემ სიტუაციის შესაცვლელად ცვლილებებს მიმართა - ჯამბურ ჯიღაურისა და იაშვილის ნაცვლად, მოედანზე ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე შეიყვანა, მოგვიანებით კი მათ ბაჩანა არაბულიც დაამატა. "დინამო" უპირატესობის დაუფლებას შეეცადა, მაგრამ სტუმრებს ქუთაისელთა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ და ეფექტური გოლიც მიიღეს - იერიში კუხიანიძემ წამოიწყო, რომელმაც მარცხენა ფლანგზე გიორგი ქიმაძე მოძებნა, "ტორპედოს" ნახევარმცველმა კი დინამოელთა საჯარიმოში შეჭრილ სიჭინავას დიდებული გადაცემა გაუკეთა და ამანაც ცაციათი ძლიერად დაარტყა - ბურთი ბეგაშვილის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში გაეხვია.
გოლის შემდეგ "ტორპედო" კიდევ უფრო გააქტიურდა და თამაშიც გაიხსნა. შესანიშნავად ირჯებოდა ქიმაძე, რომლის ფლანგური გადაცემის შემდეგ ტაბატაძეს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ბურთი ფეხზე აეჭრა და დარტყმაც არაზუსტი გამოვიდა.
ამის შემდეგ კაპანაძე გველესიანს გასცდა და ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ "ელვა" დინამოელთა მცველმა წააქცია. არბიტრმა გველესიანი აშკარად დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა.
მატჩის ბოლოსკენ ორივე გუნდს დაღლა დაეტყო, თუმცა "დინამომ" თამაშის გადასარჩენად ძალები მოიკრიბა და "ტორპედოს" კართან შტურმის მოწყობა სცადა. მათე ცინცაძის სახიფათო საჯარიმო დარტყმა თევდორაძემ მუშტებით მოიგერია. დამატებაზე ყველას ლობჟანიძემ დაასწრო, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
მსაჯის მიერ დამატებული მე-4 წუთი მიმდინარეობდა, როცა ქვილითაიამ და არაბულმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, რაც ამ უკანასკნელმა დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით დაასრულა. მატჩიც იქვე მორჩა.
გაშვებული გოლის შემდეგ არბიტრზე ისედაც განაწყენებული გულშემატკივრები კიდევ უფრო გახელდნენ და თემიდის წარმომადგენლებს ბრალს სდებდნენ - დინამოელთა გოლი გადაცილებულ დროში გავიდაო...
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე (დინამო): "ქართული "კლასიკო" ყოველთვის დიდი დაძაბულობით გამოირჩევა და ეს შეხვედრაც არ ყოფილა გამონაკლისი. ორივე გუნდის ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულნი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, საერთო ჯამში, მაინც კარგი ბრძოლა ვიხილეთ.
თამაშის ხარისხზე კი, ალბათ, მინდვრის ცუდმა საფარმაც იქონია გავლენა. მართლაც გაოცებული ვარ, ისეთ გუნდს, როგორიც "ტორპედოა", ასეთი უხარისხო მოედანი არ ეკადრება...
ვცდილობდით, თამაში გვეკონტროლებინა, მაგრამ მეტოქის კონტრშეტევა გამოგვეპარა და მდევრის როლში აღმოვჩნდით, თუმცა საბოლოოდ გათანაბრება მაინც მოვახერხეთ. ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია".
ალექსანდრ შტელინი (ტორპედო): "მატჩის ბოლო წამამდე 1:0-ს ვიგებდით და შეიძლება ვთქვათ, რომ 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ 1 ქულა მოვიპოვეთ, რადგან დღეს ძალიან ძლიერ მეტოქეს ვხვდებოდით.
მადლობას ვუხდი თითოეულ ფეხბურთელს თავდადებული თამაშისთვის. დღეს მათ მოედანზე ყველაფერი დადეს. საქმისადმი ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, მომავალში კიდევ უფრო განვვითარდეთ და უკეთესი გუნდი ჩამოვაყალიბოთ".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
17.10. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 7 000 მაყურებელი
ტორპედო-დინამო (თბ) 1:1
გოლები: 1:0 სიჭინავა (67), 1:1 არაბული (90+4)
ტორპედო (4-2-3-1): თევდორაძე - ტაბატაძე, ადამაძე, ჭიჭინაძე (66. ნერგაძე), კახელიშვილი - კლიმიაშვილი, მამასახლისი - სიჭინავა (71. ბაბუნაშვილი), კუხიანიძე, ქიმაძე - კაპანაძე (90. ფურცხვანიძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ბურჯანაძე, გოგუაძე, ჟღენტი
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
დინამო (4-4-2): ბეგაშვილი - ტვილდიანი, გველესიანი, რენე ფერეირა, თევზაძე - პარუნაშვილი, ჯიღაური (58. კიტეიშვილი), ცინცაძე, ჭანტურიშვილი (71. არაბული) - იაშვილი (66. ლობჟანიძე), ქვილითაია.
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ზ. ჭელიძე, გურული, ჯანელიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ბაბუნაშვილი (75), რენე ფერეირა (75), გველესიანი (80)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია.
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 7
მომდევნო, IX ტური
23 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-ცხინვალი
გურია-დინამო (ბთ)
სიონი-დილა
სამტრედია-ტორპედო
შუქურა-ზუგდიდი
24 ოქტომბერი, შაბათი
საპოვნელა-მერანი
25 ოქტომბერი, კვირა
ლოკომოტივი-საბურთალო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არავინ იფიქროს გეგუჩაძეს შეურაცხოფას ვაყენებდე მაგრამ მან დინამო ნამდვილად ვერ განაწყო მოსაგებად. შენი შეცდომა მინდორს არ უნდა დააბრალო. დინამოს ეს თამაში 100% უნდა მოეგო იმის გამო რაც ხდებოდა ბოლო 1 თვის განმავლობაში ტორპედოში. დინამოს დახვდა უვარჯიშებელი ყოველმხრივ მოუმზადელი ტორპედო. ერთადერთი რაც მოტივაციას უმაღლებდა ფეხბურთელებს ეს ახალი მწვრთნელის ფაქტორი იყო.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული