საბურთალო-საპოვნელა 2:1 - ბოლო წამზე...

AutoSharing Option
"საბურთალომ" თერჯოლის "საპოვნელას" საკუთარი "ბენდელას" ნაცვლად, "მიხეილ მესხზე" უმასპინძლა. თანაც, 19 საათზე და არა - ოქტომბერში მატჩებისთვის დათქმულ 15 საათზე. ეს იმიტომ, რომ გია ჭიაბრიშვილის გუნდი 21 ოქტომბერს, უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში დანიურ "მიდტიულანდს" სწორედ ამ სტადიონზე და ამავე დროს შეხვდება. ასევე, სკანდინავიელებთან მატჩისთვის მზადების პროგრამითაა გათვალისწინებული ისიც, რომ "საბურთალო" თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობს, სადაც ბუნებრივი საფარია...

მიუხედავად იმისა, რომ პირვველი ტაიმი დუნედ და დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, სახიფათო მომენტები მაინც იქმნებოდა.

პირველივე წუთზე თერჯოლელებს ანგარიშის გახსნა
შეეძლოთ: მათ რიგებში ყველაზე აქტიური (სხვათა შორის, ძალიან საინტერესო თავდამსხმელი) გიორგი ბუხაიძე შეტევით გართულ მცველებს დაუსხლტა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ... არაზუსტად დაარტყა.

მე-14 წუთზე სახიფათოდ უკვე გიგა ამბროლაძემ შეუტია და "საბურთალოს" კართან შექმნილი არეულობით სარგებლობა სცადა, მაგრამ კარის წინ ლაშა თოთაძე გადაეღობა და ვითარება განმუხტა.

მასპინძლებმა პირველი სახიფათო მომენტი 34-ე წუთზე შექმნეს: მარჯვენა მცველმა ნოდარ იაშვილმა (რომელიც კარგ სეზონს ატარებს) ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, გურამ გოშთელიანმა კი მცველს დაასწრო და კარში დაარტყა - მის თავურზე მეკარე ალექსანდრე გიორგაძემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის ბოლოს ისევ თერჯოლელებმა შეუტიეს, გიორგი ტყეშელაშვილის გადაცემის შემდეგ ბუხაიძეს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ამჯერადაც ვერაფერს გახდა, ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარი აბსოლუტურად განსხვავებულად, მაღალ ტემპში, დაძაბულად და რაც მთავარია, საინტერესო სცენარით წარიმართა. იმერლებმა ისევ აქტიურად დაიწყეს: თბილისელთა კარის აღებას ჯერ ბუხაიძე შეეცადა - პირველ შემთხვევაში, მან სუსტად დაარტყა, მეორედ კი კარის აღებას დასწრებაზე ცდილობდა მეკარის საჯარიმოში, მაგრამ თოთაძემ "საბურთალო" ამჯერადაც გადაარჩინა.

მასპინძლები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ და ის ფეხბურთი აჩვენეს, რის გამოც გულშემატკივარს უყვარს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ თამაშს მეტისმეტად ცოტა მაყურებელი ჰყავდა.

56-ე წუთიდან "საბურთალომ" მეტოქეს ორწუთიანი შტურმი მოუწყო: იაშვილი არ ჩერდებოდა და მოხდენილი გარღვევების შემდეგ თანაგუნდელებს ძალიან კარგი ფლანგური ჩაწოდებებით ამარაგებდა. 56-ე წუთზე მან პენალტის ნიშნულთან ბექა გვარაძე მოძებნა, რომელმაც მომენტი ზუსტად იმავე პოზიციიდან გააფუჭა, საიდანაც თორნიკე ოქრიაშვილმა - გერმანიასთან მატჩის მეორე ტაიმში...

ზუსტად ერთ წუთში ირაკლი ბიძინაშვილის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მაგრამ "საბურთალომ" შეტევა გააგრძელა, იაშვილმა საჯარიმოსთან ბურთი მარცხენა ფეხზე გადაიტანა, კარში მოჭრილად დაარტყა და შორეულ კუთხეში ჩაახვია - გოლი, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა, მეტად ეფექტური გამოდგა - 1:0.

დამარცხების საფრთხემ "საპოვნელა" გაააქტიურა და სტუმრებმა მწვავედაც შეუტიეს. ისინი ბურთს არ აწვალებდნენ და კართან მიახლოებას სწრაფად ახერხებდნენ. შედეგად, თერჯოლელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და თბილისელთა კართან რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელეს.

72-ე წუთზე უშანგი ბანძელაძის გადაცემის შემდეგ, ბუხაიძემ ბადე კი შეარხია, თუმცა, ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, რამაც სტუმარი გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. არადა, ჩანდა, რომ ბუხაიძე მართლაც მცველზე წინ იმყოფებოდა...

თერჯოლელები არ ჩერდებოდნენ, მაგრამ მეკარე ქურდაძე მშვენივრად თამაშობდა, თუმცა 85-ე წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა - ბუხაიძემ მეკარისგან უკუგდებულ ბურთს დაამატა - 1:1.

გამარჯვების გოლი კი გურამ გოშთელიანმა გაიტანა, რაც გოგა ჩაბრაძის დამსახურებაც იყო - 2:1.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
16.10. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-საპოვნელა 2:1
გოლები: 1:0 ნ. იაშვილი (57), 1:1 ბუხაიძე (82), 2:1 გოშთელიანი (90+2)
საბურთალო: ქურდაძე - ნ. იაშვილი (79. ვაჭარაძე), მამუჩაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე - ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი - ხორხელი, გვარაძე (75. რუხაძე), სოფრომაძე (77. ფანცულაია) - გოშთელიანი.
სათადარიგოები: სანიკიძე, ნიკოლაშვილი, კოხრეიძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
საპოვნელა: გიორგაძე - ბანძელაძე, ნ. შალამბერიძე, ზ. ენდელაძე, რობაქიძე - ჯიმშელეიშვილი (65. აბესაძე), ამბროლაძე, შუღლაძე (52. მურადაშვილი), გ. მაკარიძე (63. ზეინკლიშვილი) - გ. ტყეშელაშვილი, ბუხაიძე.
სათადარიგოები: კახეთელიძე, ბუცხრიკიძე, გ. ალავიძე
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
გაფრთხილება: ბანძელაძე (27), ბიძინაშვილი (31), შალამბერიძე (43), თოთაძე (68)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 7

მომდევნო, IX ტური
23 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-ცხინვალი
გურია-დინამო (ბთ)
სიონი-დილა
სამტრედია-ტორპედო
შუქურა-ზუგდიდი

24 ოქტომბერი, შაბათი
საპოვნელა-მერანი

25 ოქტომბერი, კვირა
ლოკომოტივი-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული