12:14 26-10-2015
დინამო (თბ)-ცხინვალი 2:1 - რთული და საჭირო [VIDEO]
AutoSharing Option
არადა, დასაწყისი მართლაც "ხმაურიანი" გამოდგა: მესამე წუთი იყო, გიორგი ივანიშვილი მარჯვენა ფლანგიდან რომ შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ შორეულ კუთხეს დამიზნებული ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა. აი, საპასუხო შეტევა კი მეტოქემ შედეგიანად დაამთავრა: ლაშა პარუნაშვილმა მარცხენა ფლანგზე ოთარ კიტეიშვილი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ისეთი უზუსტესი გამჭოლი გადაცემა გაუკეთა გიორგი ქვილითაიას, რომ დინამოელთა საუკეთესო ბომბარდირს ახლო მანძილიდან ბურთის კარში გადაგზავნა არ უნდა გასჭირვებოდა.
მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა: ორიოდ წუთში ახალგაზრდა ლაშა ქოჩლაძე მშვენივრად გაერკვა სიტუაციაში და მარცხენა ფლანგიდან საპირისპირო მიმართულებით ზუსტი პასი გააკეთა, სადაც გიორგი ივანიშვილმა იყოჩაღა და რთული სიტუაციიდან, ერთი შეხებით, ბურთი ზუსტად გადაგზავნა "დინამოს" კარში.
ასეთი დაწყების მერე თამაში ოდნავ დაწყნარდა, მაგრამ მასპინძლებმა მალევე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა და ამაში ლომის წილი ალექსანდრე იაშვილს მიუძღოდა: ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებულმა ვეტერანმა "დინამოში" დაბრუნების მერე კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და 90 წუთის განმავლობაში ამტკიცებდა თავის მაღალ კლასს.
"იაშკას" კარგად აუბა მხარი ოთარ კაკაბაძემაც: მასპინძელთა მარჯვენა მცველი ხშირად ერთვებოდა შეტევებში და ეს აქტიურობა ბოლოს დაუფასდა კიდეც. თუმცა ეს მეორე ტაიმში მოხდა, მანამდე კი "დინამოს" თავისუფლად შეეძლო მატჩის ბედი შესვენებამდე გადაეწყვიტა, მაგრამ ვახტანგ ჭანტურიშვილის, გიორგი ქვილითაიასა და ოთარ კიტეიშვილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია, გიორგი თევზაძის შორეული და ძალიან ძლიერი დარტყმა კი მშვენიერ ნახტომში მოიგერია გიორგი ნადირაძემ.
სტუმართა კაპიტანი კიდევ ერთ (თანაც, როგორში) ეპიზოდში გამოირჩა: როცა მათე ცინცაძეს პენალტი აუღო! ეს პენალტი გოლით რომ დასრულებულიყო, სტუმართა მდგომარეობა სერიოზულად დამძიმდებოდა: "ბოლო იმედის" ჯარიმის გამო ფიფას არბიტრმა ლაშა სილაგავამ "ცხინვალის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ლევან კაკუბავა გააძევა...
მასპინძლების რიცხობრივი უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა: პირველი ტაიმის დამთავრებას ბევრი არც არაფერი აკლდა, როცა სრულიად უწყინარ სიტუაციაში (თანაც, მოედნის ცენტრის სიახლოვეს) გიორგი გველესიანი აშკარად ეუხეშა გიორგი ივანიშვილს და, პენალტის ეპიზოდის მსგავსად, არბიტრმა ამჯერადაც ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო და გუნდებიც მოედანზე ათ-ათნი დარჩნენ...
შესვენების მერე ჯერ "ცხინვალმა" შეუტია, თუმცა ლაშა ქოჩლაძის დარტყმის მოგერიება გიორგი ბეგაშვილს არ გასჭირვებია; სამაგიეროდ, ბევრად უფრო სახიფათო იყო მასპინძელთა შეტევები და გიორგი ნადირაძემ ჯერ გიორგი თევზაძეს არ გაატანინა, მერე კი - ოთარ კაკაბაძეს.
ამის მიუხედავად, დინამოელთა მარჯვენა მცველს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქტიურობა დაუფასდა და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ახლო კუთხეში მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა! მატჩის დამთავრებამდე დრო კიდევ ბევრი იყო, ორივე კართანაც იმდენი სახიფათო მომენტი შეიქმნა, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ასე, მაგალითად, მშვენიერი შანსი გაუშვა ხელიდან ჯაბა ჯიღაურმა, რომელსაც ჩინებულად უწევდა ასისტენტობას ალექსანდრე იაშვილი. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებიც საკმაოდ გააქტიურდნენ და ჯერ ლაშა ქოჩლაძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი თორნიკე გორგიაშვილი აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში...
"ცხინვალის" თამაში შესამჩნევად გამოაცოცხლა შეცვლაზე შესულმა აკაკი შულაიამ და ვიდრე ტრავმას მიიღებდა, ორჯერ ჩინებული გამჭოლი გადაცემა გააკეთა მეტოქის საჯარიმოში, სადაც ორივეჯერ ნიკა კაჭარავამ დაჯაბნა მეურვეები და ახლო მანძილიდან სახიფათოდაც ურტყამდა, მაგრამ სტუმართა საუკეთესო ბომბარდირს ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ "დინამომ" რთული, მაგრამ მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IX ტური
23.10. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ცხინვალი 2:1
გოლები: 1:0 გ. ქვილითაია (4. კიტეიშვილის პასით), 1:1 ივანიშვილი (6. ქოჩლაძის პასით), 2:1 კაკაბაძე (57)
გამოუყენებელი პენალტი: ცინცაძე (30. დინამო)
დინამო (4-2-3-1): ბეგაშვილი - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, გ. თევზაძე - მ. ცინცაძე (46. გურული), პარუნაშვილი - ჭანტურიშვილი, ა. იაშვილი, კიტეიშვილი (85. ს. ლობჟანიძე) - გ. ქვილითაია (66. ჯიღაური).
სათადარიგოები: ტვილდიანი, ჯანელიძე, არაბული, ჰრდლიჩკა
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ქარდავა, მახარობლიძე (67. გორგიაშვილი) - ივანიშვილი, ქოჩლაძე, ლექვთაძე (55. შულაია/85. ზ. ლობჯანიძე) - ნ. კაჭარავა.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
სათადარიგოები: ბურძენაძე, ცაცკრიალაშვილი, ბეჭვაია, მიგინეიშვილი
გაფრთხილება: კაკუბავა (23), რენე ფერეირა (43), ქარდავა (90)
გაძევება: კაკუბავა (29), გველესიანი (44)
არბიტრი: ლაშა სილაგავა.
ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 8
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
27-29 ოქტომბერი
უმაღლესი ლიგა, X ტური
31 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-საბურთალო
1 ნოემბერი, კვირა
ზუგდიდი-საპოვნელა
დილა-შუქურა
დინამო (ბთ)-სიონი
ტორპედო-გურია
ცხინვალი-სამტრედია
ჩიხურა-დინამო (თბ)
2 ნოემბერი, ორშაბათი
მერანი-ლოკომოტივი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული