რევაზ ჩელებაძე: ისტერიკა მერე ატეხონ, მანამდე კი შემეშვან!..

AutoSharing Option
ფოტოზე: რევაზ ჩელებაძე სტუმრად "კურიტიბაში"
2015 წლის თებერვალში ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე ბრაზილიას ესტუმრა და საფეხბურთო კლუბ "კურიტიბასთან" პარტნიორობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

ამ პროექტის ინიციატორი გოჩა ალადაშვილი გახლდათ. მანამდე ბრაზილიაში მომუშავე ქართველმა მწვრთნელმა მსგავსი ჩანაფიქრის განხორციელება რუსთავის "ოლიმპსა" და მინსკის "დინამოში" სცადა, ქობულეთურ კლუბამდე კი მოლაპარაკება ბათუმის "დინამოსთან" ჰქონდა...

ამჯერადაც კლუბები ერთმანეთს ალადაშვილმა დააკავშირა და ჩელებაძე "კურიტიბას" პრეზიდენტ როჟერიო ბასელარს პირადადაც შეახვედრა. ამ გარიგებით, "შუქურაში" 4 ლეგიონერი ჩამოვიდა: პაულო ვიქტორი, ლუის დორნელესი, ფელიპე ბესერა და მწვრთნელი სესარ ბუენო, რომლებიც გუნდს
წინა ჩემპიონატის მეორე წრეში დაეხმარნენ.

იყო ლაპარაკი, რომ პირველობის დასრულების შემდეგ ბრაზილიური კლუბის წარმომადგენლები ქობულეთს ეწვეოდნენ და "შუქურას" მესვეურებს თანამშრომლობის სხვა ასპექტებზეც მოელაპარაკებოდნენ. ზაფხულში ქობულეთელთა დირექტორი ამბობდა, რომ ბრაზილიელების ჩამოყვანის ამბავს არკვევდა.

მაგრამ ახალი სეზონი დაიწყო და სამხრეთამერიკული კვარტეტი საქართველოში არ გამოჩენილა.

როგორც გაირკვა, "შუქურას" ამ ფეხბურთელების მიმართ დაუგროვდა დავალიანება, რომლის გასტუმრებასაც "კურიტიბა" ითხოვს. გარდა ამისა, ბრაზილიური კლუბის დირექტორმა დახმარებისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესაც მიმართა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, "კურიტიბა" უეფაში ჩივილით იმუქრება.

რაც შეეხება დავალიანების ოდენობას, ბრაზილიელებისთვის სულ 23 ათასი დოლარია გადასახდელი. ყველაზე მეტი - 7,2 ათასი დოლარი - პაულო ვიქტორს აქვს ასაღები, ფელიპე ბესერას - 6.8 ათასი, ლუის დორნელესს - 6 ათასი, ხოლო სესარ ბუენოს - 3 ათასი.

თუმცა, ჩელებაძის თქმით, ბრაზილიელების დავალიანება ოდნავ ნაკლებია:

"მოთამაშეების ხელფასის დავალიანება 18 ათასია, ხოლო მწვრთნელის - 3 ათასი. ანუ სულ თანხა 21 ათასი დოლარია. მეორეც - ამ დავალიანებას ვაღიარებ და ეს ფეხბურთის ფედერაციის სახელზე გაგზავნილ ოფიციალურ წერილშიც დავადასტურე.

ვალის გასტუმრებას წლის ბოლომდე ვაპირებ. ამაზე "კურიტიბასაც" შევუთანხმდი და ჩვენ შორის გაუგებრობა ამოწურულია. დავალიანების გასტუმრების ბოლო ვადა 30 დეკემბრამდე მაქვს და ამ პირობას შევასრულებ.

თუ ასე არ მოხდება, ისტერიკა მერე ატეხონ, მანამდე კი შემეშვან, ამ თემაზე ლაპარაკით დავიღალე, რადგან მგონია, ეს აჟიოტაჟი შეგნებულადაა ატეხილი".

ქობულეთის "შუქურას" დირექტორს ვალების დაგროვების მიზეზებზეც ვკითხეთ:

"თუ გახსოვთ, გასული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ გუნდი მძიმე სატურნირო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სერიოზული ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო. ბრაზილიას ამიტომაც ვესტუმრე და ფეხბურთელები თავად შევარჩიე.

მაგრამ რომ ჩამოვიყვანეთ, მათთვის დამატებითი სახსრები დაგვჭირდა. თავიანთი საქმე მართლაც გააკეთეს და თამამად ვიტყვი - გუნდმა მეორე წრეში საგრძნობლად რომ მოუმატა, ბრაზილიელების დამსახურებაა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სპონსორებს და, პლუს, დამატებით საბიუჯეტო სახსრებს მოვიძიებდი.

სამწუხაროდ, არც სპონსორი გამოინახა და საბიუჯეტო თანხების დამატებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. მწვრთნელისა და სამი ლეგიონერის ვალებიც ამიტომ დაგვიგროვდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული