"ლელომ" და "ლიდერბეთმა" ოქტომბრის ლაურეატები დააჯილდოვეს

AutoSharing Option
"ლიდერბეთი" და "ლელო" აგრძელებენ ტრადიციას, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის დასახელებას გულისხმობს.

ოქტომბრის თვის რჩეულები არიან ქობულეთის "შუქურას" მთავარი მწვრთნელი, 45 წლის თემურ შალამბერიძე და გორის "დილას" ფორვარდი, 31 წლის ოთარ მარცვალაძე. მათ ეს აღიარება დაიმსახურეს.

გუშინ "ბიბლუს გალერიში" ჩვეულად კარგი გარემო და საფეხბურთო სიტუაცია იყო. დაჯილდოების ცერემონიალს ტრადიციული ოსტატობით უძღვებოდა ცნობილი ტელეკომენტატორი გიგა გვენცაძე. მოგეხსენებათ, პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი გახლავთ "ლელოს" ჟურნალისტი გია ტუხაშვილი.

ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ დააჯილდოვა. მან
ერთხელაც შეაჩერა ყურადღება ამ პროექტის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ეს მწვრთნელებისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც დიდი სტიმულია.

ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ თქვა:

"როცა ფეხბურთელს ეხება საქმე, მან შეიძლება ინდივიდუალური გარჯის შედეგად მოიგოს ტიტული, მაგრამ მწვრთნელის შემთხვევაში ეს ასე ვერანაირად ვერ იქნება. მწვრთნელი ვერაფერს მიაღწევს, თუ მას გვერდით არ დაუდგა სამწვრთნელო შტაბი, თუ მას გვერდით არ დაუდგნენ ფეხბურთელები. აქედან გამომდინარე, ეს ჯილდო ეკუთვნის მთელ "შუქურას". ეს არის მთელი გუნდის დამსახურება და ცხადია, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს".

საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას ბევრი ალტერნატივა არ გვქონდა. მარცვალაძე თანდათან შედის ოპტიმალურ ფორმაში. მისი გამოცდილება კი, წლების განმავლობაში, რუსეთის უმაღლეს და პირველ ლიგებში რომ დაგროვდა, მართლაც ფასდაუდებელია საქართველოს ჩემპიონატისთვის.

ოქტომბრის თვის ლაურეატს ჯილდო ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვახტანგ ქორიძემ გადასცა. ბატონმა ვახტანგმა პროექტი თბილად მოიხსენია, თავად მარცვალაძემ კი შემდეგი თქვა:

"მოხარული ვარ ამ აღიარების გამო. მადლობას ვუხდი ამ შესანიშნავი პროექტის ორგანიზატორებს. ეს ჯილდო არ მეკუთვნის მხოლოდ მე. ეს მთელი გუნდის დამსახურებაა და ეს აღიარებაც მთელი "დილას" შრომის შედეგია".

პროექტი კი კვლავ გაგრძელდება. აგერ, ნოემბერი და აგერ, ჩვენი მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ტუხაშვილს, გვენცაძესა და ლელო-ლიდერბეთს
Georgia
11:05 28-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული