13:24 23-11-2015
საბურთალო-ზუგდიდი 1:0 - ბოლო წუთზე [VIDEO]
AutoSharing Option
მალე მასპინძლებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს. ნიკა საბანაძემ გაიბრწყინა და ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ დატოვა გურამ გოშთელიანი, რომელმაც ვახტანგ ჯომიდავას ვერ აჯობა და კარის აღების რეალური შანსი დაკარგა.
მეორე ტაიმში თბილისელებმა ტემპს უმატეს და საგოლე მომენტებს უკვე ხშირად ქმნიდნენ. "საბურთალომ" მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა, ზუგდიდელები კი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და კონტრშეტევებს იშვიათად ახორციელებდნენ.
საბურთალოელთა ლამის ყველა ჯარიმა თუ კუთხური სახიფათო იყო. ეს გუნდის კაპიტან გიორგი ხარაიშვილის დამსახურებაა, რომელიც "სტანდარტებს" ძალიან კარგად ასრულებდა. მაგალითად, 49-ე წუთზე მისი ჯარიმის შემდეგ ბურთი ადრესატამდე არ მივიდა და პირდაპირ კარში წავიდა, მაგრამ ჯომიდავამ ხიფათი განმუხტა.
მალე საბურთალოს" კაპიტანმა ჯარიმა ისევ მარცხენა ფლანგიდან შეასრულა, თავით კარში ბურთი ბექა გვარაძემ გააგზავნა და მიზანს ააცილა.
გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და საბანაძემ (რომელიც აშკარად ფორმაში შევიდა) ხარაიშვილს კარის წინ უპასა - ვარდნაში მის ეფექტურ დარტყმაზე მეკარემ ისევ საიმედოდ ითამაშა.
61-ე წუთზე საბანაძემ მცირეოდენი მაყურებლის ოვაცია ისევ დაიმსახურა, როცა ჩინებული გამჭოლი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა გოშთელიანი, რომელმაც მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ შანსით ვერც ამჯერად ისარგებლა. ამ ნიჭიერ თავდამსხმელს აშკარად დაეტყო მორალური და ფიზიკური გადაღლა. არცაა გასაკვირი - წლეულს ერთდროულად სამ სხვადასხვა ნაკრებში ითამაშა, პლუს - კლუბი და მიზეზი გასაგები გახდება...
უიღბლოდ მარტო გოშთელიანი არ თამაშობდა. ხარაიშვილი ჯარიმებს დაუზარებლად აწვდიდა, მომენტებიც ხშირად იქმნებოდა, მაგრამ გოლი არა და არ გადიოდა. აქედან რომ არაფერი გამოვიდა, ირაკლი ბიძინაშვილმა შორიდან სცადა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება და ამჯერად, სტუმრები ძელმა იხსნა.
ამასობაში "ზუგდიდმა" მწვავე კონტრშეტევა განახორციელა და "საბურთალო" კინაღამ დაისაჯა: საჯარიმოში მცველთან ორთაბრძოლისას ცოტნე სამუშია წაიქცა. სტუმრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ გიორგი დოგრაშვილის სასტვენი დუმდა, რამაც სტუმართა პროტესტი გამოიწვია.
საფინალო სასტვენის მოახლოებასთან ერთად, სტუმრებს დაღლაც დაეტყოთ და მთელი გუნდი საკუთარ კარს მიეჯაჭვა. "საბურთალო" კი მეტოქის კარის "დაბომბვას" აგრძელებდა. ისევ "სტანდარტი", ისევ ხარაიშვილი, რის შემდეგაც კარის წინ მარტო დარჩა ლაშა თოთაძე, რომელმაც, რაც ძალა ჰქონდა, დაარტყა - ბურთი კარიდან ჯერ მცველმა გამოიტანა, დამატებაზე კი ბადეს გარედან მოარტყა.
75-ე წუთზე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა საყრდენი ნახევარმცველის, სანდრო ალთუნაშვილის ნაცვლად მოედანზე ფორვარდი გიორგი კოხრეიძე შეუშვა და სწორედ ეს შეცვლა გამოდგა გადამწყვეტი. 17 წლის ფეხბურთელმა, ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ, ბურთი კარში გადაგზავნა და სტუმრები ისევ ძელმა იხსნა.
...მსაჯის მიერ დამატებული მე-3 წუთი მიმდინარეობდა (მოულოდნელად, არბიტრმა 6 წუთი დაამატა), როცა საბურთალოელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ხარაიშვილის მორიგი "სტანდარტულისას" ყველას არც ისე ტანმაღალმა კოხრეიძემ დაასწრო და თავური დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია - 1:0.
ამ გამარჯვებით "საბურთალომ" 19 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილიდან მეშვიდეზე აინაცვლა, "ზუგდიდმა" კი, რომელსაც ახალი მწვრთნელი ლევან მიქაძე მოძღვრავდა, სატურნირო მდგომარეობა ვერა და ვერ გაიუმჯობესა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
22.11. თბილისი. "ბენდელა"
საბურთალო-ზუგდიდი 1:0
გოლი: 1:0 კოხრეიძე (90. ხარაიშვილის პასით)
საბურთალო: სანიკიძე - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, თოთაძე, ნადარაია (49. ბიძინაშვილი) - ალთუნაშვილი (75. კოხრეიძე), ხარაიშვილი - ფანცულაია (46. გვარაძე), გოშთელიანი, სოფრომაძე - საბანაძე.
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, შიხაშვილი, ბაკურაძე, რუხაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ზუგდიდი: ჯომიდავა - ჯავაშვილი, ს. ფიფია, ნარმანია, ელიავა - ტყემალაძე, თიბილაშვილი (70. კაკაჩია) - თუთბერიძე, ნ. ქირია (88. ჟვანია), ჩანადირი - ბულია (60. ც. სამუშია).
სათადარიგოები: მამალაძე, მალანია, მიქაძე, ი. ჟვანია
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
გაფრთხილება: ბულია (28), თიბილაშვილი (36)
არბიტრი: გიორგი დოგრაშვილი
ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
XIII ტური
27 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
28 ნოემბერი, შაბათი
სამტრედია-კოლხეთი
გურია-დინამო (თბ)
სიონი-ჩიხურა
შუქურა-ცხინვალი
საპოვნელა-ტორპედო
მერანი-ზუგდიდი
29 ნოემბერი, კვირა
საბურთალო-დილა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული