თბილისის "დინამოს" დირექტორი მიხეილ ხუციშვილი "ლელოს" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. "დინამო" სულ მალე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს. გარდა ამისა, საინტერესოა, რა ცვლილებები მოხდება გუნდში...
- როდის დაიწყებს "დინამო" მზადებას ახალი სეზონისათვის?
- 9 იანვარს შევიკრიბებით და ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. 30 იანვარს კი თურქულ შეკრებაზე წავალთ. მეტოქეთა ვინაობა ჯერაც დგინდება და არ მინდა, ვიჩქარო. მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს. ერთ
- როდის გაცხადდება "დინამოს" ახალწვეულთა ვინაობა?
- მას შემდეგ, რაც გაიცხრილება უამრავი კანდიდატურა და არჩევანს გააკეთებს მთავარი მწვრთნელი. ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს, ყველა კანდიდატურას განხილვა სჭირდება. როგორც გითხარით, საბოლოო ვერდიქტს მთავარი მწვრთნელი გამოიტანს.
- "დინამო", ალბათ, მოახერხებს ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას...
- რა თქმა უნდა! შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი. 9 იანვარს რომ შევიკრიბებით, უფრო მეტი გვეცოდინება წამსვლელ-დამრჩენებზე.
- ლეგიონერები რჩებიან "დინამოში"?
- კი, ლიბორ ჰრდლიჩკა და რენე ფერეირა თბილისის "დინამოში" რჩებიან. შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია.
- საინტერესოა, "დინამოს" პოტენციურ ახალწვეულთა შორის გამოცდილი, მაღალ დონეზე ნათამაშები ფეხბურთელები თუ იქნებიან?
- აქცენტს სწორედ გამოცდილ, ბევრის მნახველ კადრებზე გავაკეთებთ. ვერ ვიტყვი, რომ პირველი ხარისხის ვარსკვლავები იქნებიან, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელებს ვგულისხმობ - ისეთებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატსა და ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობაში დაეხმარებიან გუნდს. გამოცდილება გუნდს ძალიან სჭირდება. თუნდაც ალექსანდრე იაშვილის მაგალითი ცხადყოფს ამას.
- აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთდება თუ უცხოელებზე?
- როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფეხბურთელებზე.
- ამბობენ, "დინამოს" მოჰამედ ბანგურას კანდიდატურა შესთავაზესო. მას ადრე "სელტიკში" უთამაშია...
- უკვე გითხარით, რომ ძალიან ბევრი კანდიდატურა შემოგვთავაზეს. არჩევანს გააკეთებს მწვრთნელი, იმ პოზიციების მიხედვით, რომელთა გაძლიერებაც აუცილებელია.
რაც შეეხება კონკრეტულად ბანგურას, პირადად მე არაფერი ვიცი ამ კანდიდატურის თაობაზე...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რაც შეეხება ფიფიას, მეც მაქვს მასთან გარკვეული შენიშვნები საკადრო პოლიტიკასთან და ტრანსფერებთან დაკავშირებით. მაგრამ ფიფიამ უაღრესად დიდი საქმე გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის, თუნდაც ინფრასტრუქტურული კუთხით დინამოში გაკეთებული საქმე(აკადემია).
ჩვენ, გულშემატკივრები ვდგავართ ფიფიას გვერდზე და არავის მივცემთ უფლებას უკანონოდ ჩაერიოს დინამოს საქმიანობაში.