ვარლამ კილასონია: ჩვენც ვუყურებთ ცხრილს და ჩვენც ვფიქრობთ ამაზე

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" თურქული შეკრება მოითავა. ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და ევროსაგზურის მოპოვების მშვენიერი შანსი აქვს.

ბოლნისელთა თურქულ თავგადასავალზე "სიონის" მთავარი მწვრთნელი გვესაუბრება...

- თურქულ შეკრებაზე ჩვენი მიზანი იყო სათამაშო ნიუანსების დახვეწა, - გვითხრა ვარლამ კილასონიამ, - საერთოდ, ბოლო შეკრებაზე გუნდმა სწორედ ეს მიზანი უნდა დაისახოს. ჩვენი სურვილი იყო, რაც შეიძლება ძლიერ გუნდებთან გვეთამაშა საკონტროლო შეხვედრები და ეს მოვახერხეთ კიდეც. შეკრების ორგანიზატორებთან ჩვენ კიდევ ერთი პირობა გვქონდა - მოწინააღმდეგეებს ძირითადი შემადგენლობებით უნდა ეთამაშათ. ესეც შესრულდა. ჩვენ კი
ყველა ფეხბურთელს მივეცით თავის გამოჩენის შანსი, მათ შორის - ახალწვეულებს და იმ მოთამაშეებს, პირველ წრეში იშვიათად რომ ხვდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში.

- მოკლედ ვისაუბროთ "სიონის" მიერ ჩატარებულ საკონტროლო მატჩებზე...
- ყველა შეხვედრაში შერეული შემადგენლობა ვათამაშეთ. მხოლოდ "ოლბორგთან" მატჩში დავაყენეთ ის 11 ფეხბურთელი, რომელიც მეტწილად ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება. პირველ შეხვედრაში, ყაზახურ "ოკტეპეჟთან", გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ ბევრი მომენტი გავანიავეთ...

მერე იყო მატჩი დანიურ "ჰობროსთან". ამ შეხვედრაში ცოტა იყო ფეხბურთი და ბევრი - ძალისმიერი ბრძოლა. თან ძლიერი ქარიც ქროდა და ეს თამაშში ხელს გვიშლიდა. სწორედ ძალისმიერ ორთაბრძოლებში გვაჯობეს დანიელებმა მეორე ტაიმში...

ოდესის "ჩერნომორეცთან" მატჩში გვქონდა უამრავი მომენტი, მაგრამ ისევ იჩინა თავი რეალიზაციის პრობლემამ - შანსები ვერ გამოვიყენეთ. მერე ჩვენი მცველი შეცდა და უკრაინელებმა გაგვიტანეს...

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მატჩი დანიურ "ოლბორგთან". საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რეალურად გვინდოდა გვენახა, თუ რა დონეზე ვიყავით მომზადებულები. წავაგეთ მინიმალური ანგარიშით - 3:4. "ოლბორგი" ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია, სხვა სისწრაფეებზე თამაშობს, მაგრამ ბევრ კომპონენტში ტოლი არ დავუდეთ...

ამას მოჰყვა 0:4 მარცხი ყაზახურ "აქტობესთან". ამ მატჩში ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი დავასვენეთ. ისე, თამაში ცუდად არ დაგვიწყია, ეგ იყო, პირველი გოლი რომ გავუშვით, მერე კონცენტრაცია დავკარგეთ. ფეხბურთელი ვიყავი და თავადაც ვიცი, რომ შეკრების ბოლო თამაშს გუნდი ხშირად ბოლომდე კონცენტრირებული ვერ ხვდება. როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, ფეხბურთელები "ჩემოდნებზე სხედან".

ასე მოხდა ამჯერადაც. არადა, "აქტობესთან" ძირითადი შემადგენლობით რომ გვეთამაშა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვიგებდით. ეს ის ძველი "აქტობე" აღარ არის. რამდენადაც ვიცი, ფინანსური კრიზისის გამო გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვეს.

- რას იტყვით "სიონის" ახალწვეულებზე?
- სამწუხაროდ, ზოგიერთმა მათგანმა ტრავმა მიიღო, მაგალითად - უმცროსმა კილასონიამ. ვარჯიშზე ფეხი გადაიბრუნა აკაკი შულაიამ... ამათ გარდა, ჩვენ დავიმატეთ ირაკლი გოგინაშვილი და ლაშა გვალია. სხვათა შორის, ყველა ახალწვეული მალევე იქცა გუნდის ორგანულ ნაწილად. "სიონი" ერთი დიდი ოჯახია.

- გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელის წასვლა ხომ არ არის მოსალოდნელი?
- კი, არ არის გამორიცხული, ორ-სამ მოთამაშეს შეველიოთ. ეს გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული.

- ბათუმის "დინამომ" ექსსიონელი ფორვარდი, პორტუგალიელი ლუის ალბერტო გაუშვა. მის დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
- ჩვენ დღეს ისე არ ვართ, რომ ბევრი ფეხბურთელი დავიმატოთ. არ დავმალავ, იყო ლუის ალბერტოზე ლაპარაკიც, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ვილი ისიანი და ჯაბა უგულავა წავიდოდნენ "სიონიდან". მე ამ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შეუძლიათ, არჩევანი თავად გააკეთონ. ისიანის თაობაზე "საბურთალო" დაგველაპარაკა, უგულავას შესახებ კი - "ცხინვალი". სადღეისოდ, ორივე ფეხბურთელი ჩვენთან არის. ვნახოთ, რა იქნება ახლო მომავალში და ჩვენც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ ევროტურნირებზე გასვლა თქვენთვის იდეა-ფიქსი არ არის. ცხრილს რომ ჩახედავთ, ძნელია, ამაზე არ დაფიქრდეთ...
- გეთანხმებით. ჩვენც ვუყურებთ ცხრილს და ჩვენც ვფიქრობთ ამის თაობაზე. ისე არ დგას საკითხი, რომ თუ ევროსაგზურს ვერ მოვიპოვებთ, სამსახურიდან დაგვითხოვენ, მაგრამ ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ. ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი "გურიასა" და "კოლხეთთან". შევიტყვე, რომ "გურია" მნიშვნელოვნად გაძლიერებულა. მოკლედ, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული