მაგრამ ამის მიუხედავად, 90-იანი წლების დასაწყისში, როცა უკრაინელებმა ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარება დაიწყეს, მაღალი დონითა და გულშემატკივართა ინტერესით თავს სულაც ვერ იწონებდნენ.
მერე საქმეში სახელმწიფო ჩაერია, ქაღალდზე დაწერილი პროგრამა საქმედ აქცია და უკრაინულმა ფეხბურთმა მიაღწია იმას, რომ ახლა
ცხადია, უკრაინისა და საქართველოს მასშტაბი და შესაძლებლობები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ გამოცდილების გაცნობას წინ რა უდგას?
ალექსანდრ შტელინი უკრაინელია და კარგად იცნობს იმ პროცესებს, რამაც მის ქვეყანაში ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას ხელი შეუწყო. ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს სწორედ უკრაინულ მოდელზე ველაპარაკეთ...
- უკრაინამ ბევრად გაგვასწრო, რადგან სახელმწიფო პროგრამა ჯერ კიდევ 1995 წელს გქონდათ და მას შემდეგ ქვეყანაში ფეხბურთის ბუმია. საქართველოს თქვენგან გამოცდილების გაზიარება არ აწყენდა. საინტერესოა, რას ემყარება უკრაინული მოდელი?
- ფეხბურთის განვითარების პროგრამის დეტალებზე ლაპარაკით თავს არ მოგაწყენთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მის დამუშავებაზე ძალიან დიდი შრომა გასწიეს. პროგრამის საკვანძო მომენტი იყო უდიდესი ინვესტიციები, რომელმაც კლუბებს საშუალება მისცა, ლეგიონერები მიეწვიათ - არგენტინელები, ბრაზილიელები, აფრიკელები, პოსტსაბჭოეთის გამორჩეული ფეხბურთელები... მაგალითად, კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე და ასე შემდეგ.
მათ ხომ იმ დროს ევროპის ცნობილი კლუბებიც იწვევდნენ, მაგრამ კიევის "დინამოში" წავიდნენ, რადგან უკეთესი პირობები შესთავაზეს. მეტიც, 2014 წლამდე გუნდები ისე მოძლიერდნენ, რომ ფეხბურთელები ევროპაში წასვლაზე უარს ამბობდნენ. მაგალითად, საშა შევჩუკი ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ჩემი გაზრდილია, მოვამზადე და ფეხზე დავაყენე. ახლა ის უკრაინის ნაკრებისა და "შახტარის" მცველია. როდესაც ბელგიაში მეგობრებმა მასთან დაკავშირება მთხოვეს, შევეხმიანე. ვუთხარი, რომ ბელგიური კლუბი იწვევდა და იცით, რა მითხრა? ბელგიაში ხელფასი, მაქსიმუმ, 8-10 ათასი ევრო მექნება და არ მაწყობსო.
- როგორც ვიცი, უკრაინულ გრანდებში ხელფასები 50 და 100 ათას ევროსაც კი აღწევს...
- წამყვან ფეხბურთელებს ზოგან მეტსაც უხდიან. ყოველ შემთხვევაში, მე ასე გამიგია, რომ, მაგალითად, "შახტარის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი წელიწადში მილიონ დოლარზე ნაკლებს არ იღებს.
- დიდი ინვესტიციის გარდა, პროგრესს კიდევ რამ შეუწყო ხელი?
- ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გაუმჯობესებული და განახლებული ინფრასტრუქტურა, სტადიონები და მოედნებია. "შახტარს", კიევის "დინამოს", "დნიპროს", "მეტალისტსა" და ლუგანსკის "ზორიას" ძალიან მაგარი ბაზები და სტადიონები აქვთ. სამწუხაროდ, დონეცკსა და ლუგანსკში ომმა ბევრი რამ გაანადგურა... მაგრამ ამას ზოგადი სურათი არ შეუცვლია. ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო და, ცხადია, ინფრასტრუქტურის მაღალ დონეზე განვითარებას ამანაც შეუწყო ხელი.
- მწვრთნელთა განათლებას რა ადგილი ეთმობოდა?
- ძალიან დიდი! პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უცხოელი სპეციალისტების მოწვევა იყო. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ფეხბურთელები ჩამოდიან და მიდიან. მწვრთნელები კი მუშაობენ, თაობებს ზრდიან და მათ გვერდით სხვა სპეციალისტებიც ბევრ რამეს სწავლობენ. დღემდე ასე მუშაობენ "შახტარის", კიევის "დინამოს", "დნიპროს" საფეხბურთო აკადემიები. უკრაინული ფეხბურთის წინსვლაზე უდიდესი გავლენა ამანაც მოახდინა.
არადა, მანამდე რა ხდებოდა? მწვრთნელები დამოუკიდებლად ცდილობდნენ ევროპაში წასვლას, იქაური სამწვრთნელო სამზარეულოს სიახლეები რომ შეეტყოთ და პროცესებს არ ჩამორჩენოდნენ. ახლა ბევრი ცნობილი ევროპელი სპეციალისტი უკრაინაში მუშაობს.
ახლახან უკრაინაში პროფ-ლიცენზიის სემინარებს ვესწრებოდი და ვამჩნევდი, ახალგაზრდა სპეციალისტები, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელები, ანატოლი ტიმოშჩუკი, მილან ობრადოვიჩი და სხვები, როგორი მონდომებით სწავლობდნენ. მიხაროდა, სიახლეებისა და ახალი მეთოდიკის მისაღებად რაოდენ გახსნილები იყვნენ და რა მოკრძალებულად უსმენდნენ ლექციებს. არანაირი ქედმაღლობა არ ეტყობოდათ იმის გამო, რომ დიდი ფეხბურთი უთამაშიათ!.. მანამდეც ბევრი სპეციალისტი გაიზარდა.
ამ და პროგრამის სხვა პუნქტებმა, რომლებზეც აქ აღარ დავკონკრეტდები, ერთად მოიყარა თავი და შედეგმაც არ დაახანა. ჩვენი კლუბები სისტემატურად ხვდებიან ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე, "შახტარის" 19-წლამდელებმა იუნიორთა ლიგის ფინალამდე გააღწიეს, წარმატებებს მიაღწიეს ასაკობრივმა ნაკრებებმაც, ეროვნული ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა... ერთი სიტყვით, წინსვლა აშკარაა.
- ქართველ მწვრთნელებს სწავლის სურვილი ეტყობათ?
- მე მათ ისე კარგად არ ვიცნობ, რომ ზუსტად გითხრათ. ჩემს კოლეგებთან სერიოზულ მეთოდოლოგიურ და საფეხბურთო ფილოსოფიის თემებზე ნაკლებად მილაპარაკია. მიმდინარე პროცესებით ყველა ისე ვართ გართულები, ამის დრო ნაკლებად გვრჩება. საერთოდ, ვამჩნევ, რომ საქართველოში ბევრი მწვრთნელი გახსნილია. მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მასობრივად, 2-3 კაცით არაფერი გამოვა.
- თქვენი აზრით, ჩვენი ფეხბურთის განვითარებას რა უშლის ხელს?
- ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ქართველები ნიჭიერები ხართ. ამიტომაა, რომ მთელ მსოფლიოში უფრო მეტი ლეგიონერი გყავთ, ვიდრე უკრაინელებსა და რუსებს. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ აქ ფული არ არის და გარბიან. მაგრამ ეს გაქცეულებიც ნიჭის ხარჯზე თამაშობდნენ და არა - კარგი მომზადების. ამ ნიჭიერების განვითარებისთვის კი ბევრი არაფერი კეთდებოდა.
სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კარგი მოსამზადებელი პირობები, ხარისხიანი მოედნები და სტადიონები, კვება, საფეხბურთო გარემო, მწირია სამწვრთნელო მეთოდები... თუ სახელმწიფო პროგრამა ამ ვითარებას შეცვლის, ჩათვალეთ, რომ თქვენი ფეხბურთი განვითარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვთანხმები! მთელი მსოფლიო გადასულია თანამედროვე სამწვრთნელო მეთოდების შემუშავებაზე და შემდგომ მათ დანერგვაზე.
თუ შედეგი გვინდა ჩვენც ამ გზით უნდა ვიაროთ!