უმაღლესი ლიგა. XIX ტურის წინ: ყურადღება ზესტაფონისკენ!

AutoSharing Option
თებერვალში ჩატარებული სამივე ტურისგან განსხვავებით, ამჯერად ორდღიანი ბატალიები გველოდება: მიმდინარე სეზონის ორი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ("სამტრედია" და "საბურთალო") XIX ტურს ორშაბათს, 7 მარტს დაასრულებს.

ისე, ურიგო ტური არ უნდა იყოს: ერთი-ორი გამორჩეული დაპირისპირებაა, რამდენიმე მატჩიც ისეთია, ფავორიტის სტატუსს რომ ვერავის მიანიჭებს კაცი, ერთი-ორი შეხვედრა კი, წესითა და რიგით, ლოგიკური შედეგით უნდა დამთავრდეს.

თუმცა, სჯობს დაველოდოთ მოახლოებულ ტურს და ვიდრე თითოეულ წყვილზე ვისაუბრებდეთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ მარტში მატჩები 15 საათზე დაიწყება. გამონაკლისი - თბილისური გუნდების, "დინამოსა" და "ლოკომოტივის" საშინაო მატჩები იქნება.

მოკლედ, ვნახოთ, როგორი გამოდგება უმაღლესი ლიგის გუნდებისთვის ამ სეზონის ბოლო, საგაზაფხულო ეტაპი...

06.03. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
შუქურა-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
5: +1 =2 -2, 10-8
პირველი წრე 0:1

ორივე გუნდი ამ ბოლო დროს წარუმატებლად ასპარეზობს: მეორე წრის სტარტზე "შუქურამ" ზედიზედ სამი ფრე ითამაშა, "კოლხეთმა" კი - სამივე შეხვედრა წააგო; თუმცა, ეს კიდევ არაფერი: თეიმურაზ შალამბერიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "შუქურას" ჩემპიონატში 1 ნოემბრის მერე არ გაუმარჯვია და უკვე 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

"კოლხეთსაც" კრიზისული პერიოდი უდგას: 6-მატჩიანი მოუგებელი სერიის გამოძახილიც უნდა იყოს ის, რომ ფოთელები 7 ქულითღა უსწრებენ საპლეიოფე, XIII ადგილზე მყოფ "მერანს".

ამ მატჩისადმი ინტერესს ის ფაქტიც იწვევს, რომ "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ ეს სეზონი ”შუქურას" თავკაცის რანგში დაიწყო...

06.03. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 15:00
ცხინვალი-დილა
ურთიერთშეხვედრები
11: +4 =3 -4, 13-14
პირველი წრე 0:3

ვერც ამ გუნდებზე ვიტყვით, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ წარმატებულ თამაშს აგრძელებენ: არასტაბილურად მოასპარეზე "დილა" უკვე 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ თბილისის "დინამოს" (არადა, პირველი წრის შემდეგ სხვაობა 5 ქულა იყო), "ცხინვალმა" კი მეორე წრის სტარტზე სამივე მატჩი ფრედ ითამაშა, რის გამოც კახა კაჭარავას გუნდი მესამედან მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ამ გუნდებს კიდევ ერთი საერთო ნიშანიც აქვთ: უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილაშიც" და "ცხინვალშიც" არცთუ სასურველი ფინანსური მდგომარეობაა და წინა სეზონის ამ ორი წარმატებული გუნდის დღევანდელი არადამაჯერებელი თამაშიც ამ ფაქტორს უნდა მივაწეროთ.

06.03. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 15:00
სიონი-საპოვნელა
ურთიერთშეხვედრები
1: +0=1 -0, 0-0
პირველი წრე 0:0

ამ წყვილში ფავორიტად "სიონი" უნდა მივიჩნიოთ: ბოლნისელთა გუნდი, საერთოდაც, პირველ სამეულში მოხვედრის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება და იმის გათვალისწინებით, რომ თასის ნახევარფინალშიც არის გასული, უნდა ვივარაუდოთ, რომ წლევანდელი ევროტურნირები ამ ქვემოქართლური გუნდის გარეშე არ ჩაივლის.

თანაც, 6 მარტს მასპინძელთა ფეხბურთელები ყველა ღონეს იხმარენ, გუნდის მთავარ მწვრთნელს ვარლამ კილასონიას მოგებით რომ მიულოცონ დაბადების დღე!..

...უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებული "საპოვნელა" ამ ტურს მართლაც კატასტროფული შედეგით ხვდება: თერჯოლელთა გუნდმა 24 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, ზედიზედ 9 მატჩი წააგო.

ვნახოთ, როგორ აისახება "საპოვნელას" თამაშზე სულ ახლახან მომხდარი საკადრო ცვლილება: თერჯოლელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად კვლავაც მირიან გეწაძე იმუშავებს, რომელიც პირველი წრის ბოლომდე იყო ამ პოსტზე.

06.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 15:00
ტორპედო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
48: +26 =9 -13, 80:54
პირველი წრე 1:1

ტურის, უდავოდ, ცენტრალური მატჩი დიდ ინტერესს იწვევს, მით უფრო, რომ ძველმა მეტოქეებმა მეორე წრე წარმატებულად დაიწყეს.

საინტერესო უნდა გამოდგეს მწვრთნელთაგან დაპირისპირებაც: ალექსანდრ შტელინი ("ტორპედო") და შოთა ჭეიშვილი (ბათუმის "დინამო") უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელთაგან ყველაზე გამოცდილნიც არიან და მათი კომპეტენციაც გამორჩეულად უნდა მივიჩნიოთ.

ქუთათურთა გუნდმა ზედიზედ 2 მოგებით სერიოზული განაცხადი გააკეთა ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად, ბათუმის "დინამოს" კი ჩემპიონატში უკვე ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ძალიან ძნელია, ამ წყვილში რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ, მით უფრო, რომ ტურის ცენტრალური მატჩი ნეიტრალურ მოედანზე ტარდება.

06.03. ივანწმინდა. 15:00
ჩიხურა-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
9: +1 =1 -7, 18-8
პირველი წრე 4:1

"ჩიხურა" რომ ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებდა, ეს ფაქტი ნამდვილად არ გაგვკვირვებია, სამაგიეროდ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნებოდა საჩხერელთა გუნდის ბოლოდროინდელი შედეგიანი ასპარეზობა მეორე წრის სტარტზე: გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის შეგირდებმა ამ სამ მატჩში მეტოქის კარში 9 გოლი გაიტანეს.

აი, "ზუგდიდს" კი არც საკადრო ცვლილებებმა უშველა: ზამთრის პაუზის შემდეგ გუნდში მწვრთნელიც ახალი მივიდა და ახალწვეული ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ამ სასტარტო სამ შეხვედრაში მოპოვებული ერთადერთი ქულა ნამდვილად უარყოფით შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

06.03. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 15:00
გურია-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები:
7: +0 =0 -7, 2-15
პირველი წრე: 0:3

...თუ რომელიმე გუნდზე შეიძლება იმის თქმა, რომ შემადგენლობის რადიკალური გადახალისება ეფექტიანი გამოდგა, სწორედ "გურიაა": ახალი მთავარი მწვრთნელის, რუსი სპეციალისტის, ვიქტორ დემიდოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ლანჩხუთელთა ახალწვეულები მეორე წრეში ჯერჯერობით წაუგებლად ასპარეზობენ.

ისიც აღსანიშნავია, რომ "გურიას" მრავალრიცხოვან ახალწვეულთაგან ზოგიერთი ნამდვილად ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მასპინძლებს დამატებითი მოტივაციაც ექნებათ: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "გურიას" ხომ ერთი ქულაც არ აუღია "ლოკომოტივთან" დაპირისპირებებში...

06.03. თბილისი. დინამო არენა. 18:00
დინამო (თბ)-მერანი
ურთიერთშეხვედრები
11: +7=3 -1, 26-11
პირველი წრე 4:1

სეზონის უპირველესი ფავორიტი კვლავაც აგრძელებს თავის შთამბეჭდავ სერიას: შარშან, 17 ოქტომბერს სტუმრად "ტორპედოსთან" ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ, თბილისის "დინამომ" დღემდე ჩატარებული ყველა ოფიციალური მატჩი მოიგო!

ასევე წარმატებული გამოდგა ახალი მწვრთნელის, სლოვაკი სპეციალისტის, იურაი იარაბეკის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში: "დინამო" ხომ ერთადერთი გუნდია უმაღლეს ლიგაში, სამივე მატჩი რომ მოიგო მეორე წრის სტარტზე.

ასევე გამორჩეულად უნდა შეფასდეს "მერანის" ასპარეზობა ზამთრის პაუზის შემდეგ: მარტვილელთა გუნდმა ბოლო სამ მატჩში 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ფსკერსაც თავი დააღწია,

არადა, პირველი წრის შემდეგ "მერანი" უიმედო აუტსაიდერად მიიჩნეოდა: 15 შეხვედრაში გუნდს ხომ მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა...

07.03. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
1: +0=0 -1, 2-3
პირველი წრე 2:3

ეს ტური ახალგაზრდული გუნდების დაპირისპირებით დამთავრდება: განსხვავებულ "ხასიათზე" მყოფი მეტოქეები ამ მატჩს ასევე განსხვავებული სატურნირო მოტივაციით შეხვდებიან.

მასპინძლები კვლავაც აგრძელებენ წარმატებულ სერიას და გია ცეცაძის შემტევი გუნდი ასევე კვლავაც რჩება მედლების მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატად.

რაც შეეხება უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდულ გუნდს "საბურთალოს", გია ჭიაბრიშვილის შეგირდებს უკვე 6 მატჩია, არ მოუგიათ და კიდევ კარგი, რომ პირველ წრეში ქულათა მეტ-ნაკლებად სოლიდური მარაგი ჰქონდათ, თორემ ამჟამად, შესაძლოა, ძალიან გართულებულ სატურნირო მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ.

"საბურთალო" ამ მატჩს ისედაც არასასურველ სიტუაციაში ხვდება: 2-3 ფეხბურთელის გარდა, გუნდის ყველა დანარჩენი მოთამაშე შუა კვირაში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში იყო გამოძახებული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული