12:13 07-03-2016
ცხინვალი-დილა 0:0 - როცა კმაყოფილი სხვა არის... [VIDEO]
AutoSharing Option
სამაგიეროდ, ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩის შედეგით კმაყოფილები კონკურენტები დარჩებოდნენ და უკვე ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ მეორე-მესამე ადგილებისათვის, სულ მცირე, 7 გუნდის მონაწილეობით, სერიოზულ კონკურენციასაც უნდა ველოდოთ.
ახლა კი გუშინდელ მატჩზე, ორი განსხვავებული ტაიმი რომ ვიხილეთ: შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, შესვენების შემდეგ კი ჯერ კიდევ ჩემპიონის სტატუსის მქონე "დილა" საგრძნობლად გააქტიურდა და თბილისიდან 3 ქულის წაღებაც შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკური საყაიმო ანგარიშით დამთავრდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩის პირველ ტაიმში "ცხინვალი" სრულ უპირატესობას ფლობდა და კახა კაჭარავას გუნდს საწყის ნახევარ საათში შეეძლო შეხვედრის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა ძალას წარმოადგენდა გუნდისათვის აწ უკვე რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა.
"ცხინვალმა" ერთიმეორეზე კარგი მომენტები შექმნა მეტოქის კართან, მაგრამ ჩინებულად თამაშობდა მიხეილ მუჯრიშვილი: "დილას" მეკარემ ჯერ ლევან კაკუბავას ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი ლაშა ქოჩლაძეს აუღო ახლოდან დარტყმული ბურთი. არადა, ეს ეპიზოდი მართლაც თვალსასეირო კომბინაციას მოჰყვა: გიორგი ივანიშვილმა თავური პასით ფლანგურ გარღვევაზე ირაკლი ლექვთაძე გაიყვანა, რომლის გამჭოლ გადაცემასაც აგვირგვინებდა ლაშა ქოჩლაძე.
სხვათა შორის, ქოჩლაძეს მანამდეც შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ერთი შეხებით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. მასპინძელთა ეს ახალგაზრდა პლეიმეიკერი პირველ ტაიმში საგრძნობლად აქტიური გახლდათ, ისე, როგორც ირაკლი ლექვთაძე.
ასევე გამორჩეული ფიგურა იყო თორნიკე გორგიაშვილიც, რომელმაც ერთ ეპიზოდში ჩინებული პასით ლექვთაძე მოძებნა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მიხეილ მუჯრიშვილმა ამ ეპიზოდშიც გადაარჩინა თავისი გუნდი.
აი, მის კოლეგა გიორგი ნადირაძეს კი პირველ ტაიმში საქმე საერთოდ არ ჰქონია: ერთ ეპიზოდში გიორგი ჩელებაძემ დაარტყა საშუალო მანძილიდან არაზუსტად, მერე კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოასპარეზე დავით კვირკველიას თავური დარტყმა ასცდა მიზანს.
შესვენების შემდეგ "დილა" აშკარად სახეცვლილი გავიდა მოედანზე. აქტიურად ჩაერთო თამაშში ლევან ნონიკაშვილი. გორელთა გუნდის ახალგაზრდა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა მოგვიანებით გამოცდილი შემტევები, ირაკლი მოდებაძე და რომან ახალკაციც შემოიყვანა შეცვლაზე და ამჯერად უკვე სტუმრები გამოიყურებოდნენ უფრო დამაჯერებლად...
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით, მეორე ტაიმი პირველს ჩამოუვარდებოდა და სახიფათო მომენტებიც ბევრად ნაკლები იყო; ყველაზე რეალური შანსი კი ოთარ მარცვალაძეს ჰქონდა, როცა გიგა სამხარაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან შეუჩერებლად ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა.
ერთ ეპიზოდში კი დავით მაისაშვილმა დროულად განმუხტა სიტუაცია, თორემ ირაკლი მოდებაძე უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე რჩებოდა.
"ცხინვალის" ფეხბურთელთა უმრავლესობას მეორე ტაიმში დაღლა დაეტყო (ფინანსური პრობლემების გამო ხომ გუნდს უცხოური შეკრება არ გაუვლია), თანაც კახა კაჭარავას რომ ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, ესეც არახალია...
თუმცა, საბოლოდ სწორედ "ცხინვალს" შეეძლო ამ მატჩის მოგება: შეცვლაზე შემოსულმა გიგა ბეჭვაიამ საჯარიმოს გარედან "ცაციათი" ძლიერად "გაისროლა", მაგრამ ბურთმა მეტოქის კარის "ცხრიანს" ახლოს ჩაუქროლა.
დაბოლოს, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზეც, რომელიც გუშინდელ მატჩში ორივე გუნდის შემადგენლობაში, უდავოდ, გამორჩეული გახლდათ: "დილას" 22 წლის საყრდენ ნახევარმცველს, გუგა ფალავანდიშვილს (90 წუთის განმავლობაში უაღრესად შრომატევადი სამუშაო რომ გასწია), ფაქტობრივად, არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია და საერთოდაც, მის თამაშს დამაჯერებელიც ეთქმოდა და, რაც მთავარია, შთამბეჭდავიც! ვფიქრობთ, ამაში ბევრი დაგვეთანხმება, ვინც გუშინ "ცხინვალი"-"დილას" მატჩს დაესწრო...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
06.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
ცხინვალი-დილა 0:0
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე - გორგიაშვილი, ქარდავა - ლექვთაძე (77. ბეჭვაია), ქოჩლაძე (69. ზ. ლობჯანიძე), მახარობლიძე - გ. ივანიშვილი (85. ისიანი).
სათადარიგოები: ბურძენაძე, ბუტუევი, ნ. ნოზაძე, ჩუჩალოვი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დილა (4-1-3-2): მუჯრიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, კვირკველია, სამხარაძე - ფალავანდიშვილი - ძარია, ჩელებაძე (64. მოდებაძე), წიქარიძე (46. ნონიკაშვილი) - მარცვალაძე, მაშუკოვი (78. ახალკაცი).
სათადარიგოები: ბაგაევი, თექთურმანიძე, ლომიძე, ლეგაშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: კვირკველია (8), ფალავანდიშვილი (10), ქარდავა (41), ნონიკაშვილი (85), ცერცვაძე (87)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
XIX ტური
07.03. სამტრედია.
სამტრედია-საბურთალო
"ეროსი მანჯგალაძე". 15:00
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 2:3
პირველი წრე 2:3
XX ტური
11 მარტი, პარასკევი
ლოკომოტივი-სიონი
12 მარტი, შაბათი
დილა-ჩიხურა
ზუგდიდი-დინამო (თბ)
13 მარტი, კვირა
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-ცხინვალი
საბურთალო-გურია
საპოვნელა-შუქურა
კოლხეთი -ტორპედო.
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაინტერესებს ავტორი თუ იყო უშუალოდ თამაშზე,და თუ იყო რატომ გამორჩა პირველ ტაიმშიგორელი მაშუკოვის ორი მაგარი გარღვევა რომელიც ორივე შემთხვაში მწვავე მომენტით დასრულდა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული