12:21 14-03-2016
ზუგდიდი-დინამო (თბ) 2:3 - რთული მოგება და ნაბიჯი ჩემპიონობისკენ [VIDEO]
AutoSharing Option
გულშემატკივრებს შორის მცირე ინციდენტი თამაშის დროსაც მოხდა და მატჩის დასრულების შემდეგაც, თუმცა პოლიცია და სპეცრაზმი თავიდანვე მობილიზებული იყო და სამართალდამცველებმა ორჯერვე დროულად განმუხტეს ვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ "ზუგდიდი" და "დინამო" მიმდინარე ჩემპიონატში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან, შეხვედრა ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. ზუგდიდელები ლიდერს ტოლს-სწორად ეთამაშნენ და ქულასაც იმსახურებდნენ, მაგრამ "დინამომ" გამოცდილების ხარჯზე შეძლო მეტოქის დამარცხება.
შეხვედრა საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, ფეხბურთელები ბევრს მოძრაობდნენ, ორივე გუნდი აქტიურად იყენებდა ფლანგებს და ბურთი მოედნის ცენტრში, ფაქტობრივად, არ ჩერდებოდა.
პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს - გიორგი თევზაძის ჩაწოდების შემდეგ კარში ბაჩანა არაბული ურტყამდა, მაგრამ სამიზნეს მცირედით ააცილა. საპასუხო შეტევაში გურამ სამუშია დაემუქრა თბილისელთა კარს, მაგრამ მისი დარტყმულიც არაზუსტი აღმოჩნდა.
ამას მოჰყვა სამუშია-ქობალიას კომბინაცია, რომელსაც ეს უკანასკნელი ხელსაყრელი პოზიციიდან აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ამჯერადაც ასცდა სტუმართა კარს. თანაბარ თამაშში ანგარიში დინამოელებმა გახსნეს - ალექსანდრე იაშვილმა კუთხური ოთარ კიტეიშვილთან გაითამაშა. ამ უკანასკნელმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, არაბულმა კი დასწრებაზე ითამაშა და სტუმრები მოხდენილი თავურით დააწინაურა.
ამის შემდეგ ზუგდიდელები შეტევაზე გადავიდნენ და შეხვედრა უფრო აქტიურად გაგრძელდა. სოსო მალანიას "სტანდარტულის" შემდეგ ევგენი კოვალენკო ურტყამდა ახლო მანძილიდან, თუმცა ბურთი "დინამოს" კარის ხარიხას გადასცდა. ზუგდიდელებს გარჯა მალე დაუფასდათ, მათ მარჯვენა ფრთაზე საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. მალანიამ "სტანდარტულიდან" მოჭრილი დარტყმით პირდაპირ კარში გაუშვა ბურთი და ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.
მორიგ ეპიზოდში სიხარულიამ დინამოელთა გადაცემა ჩაჭრა და კარისკენაც კარგად დაიძრა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა. ბუნებრივია, გულხელდაკრეფილი არც სტუმრები ყოფილან. განსაკუთრებით, ალექსანდრე იაშვილის აქტიურობაა აღსანიშნავი...
ორივე გუნდი მონდომებით თამაშობდა, მაგრამ პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმი ზუგდიდელთა აქტიურობით დაიწყო. მასპინძლებმა სახიფათო "სტანდარტული" შეასრულეს - ქობალიამ სამიზნეს მცირედით ააცილა. დინამოელთა პასუხიც არანაკლებ სახიფათო იყო - გიორგი ქვილითაიას ძლიერი დარტყმა კარს მცირედით ასცდა.
მალე თბილისელები ისევ დაწინაურდნენ - იაშვილმა შეტევის მარცხენა ფრთაზე იაქტიურა და ბურთი მეკარის საჯარიმოსთან ახლოს ჩააწოდა, შეტევაში ჩართულმა ზაზა ჭელიძემ კი ნახტომში, ეფექტური თავური დარტყმით ვახტანგ ჯომიდავას შანსი არ დაუტოვა.
მასპინძლები წაგებასთან შეგუებას არ აპირებდნენ. ზუგდიდელთა უკრაინელმა დამრიგებელმა იური ბაკალოვმა თავდასხმის გასაძლიერებლად მოედანზე თანამემამულე იური შეველს უხმო, რომელმაც მწვრთნელის ნდობა მალევე გაამართლა - გიორგი ჩანადირის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ უკრაინელმა ზუსტი თავურით მეორედ აღადგინა წონასწორობა - 2:2.
ზუგდიდელებმა საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხეს - იაშვილის კუთხურის შემდეგ მცველებმა ბურთი ჯაბა ჯიღაურის მისამართით მოიგერიეს. დინამოელმა "საჩუქრით" კარგად ისარგებლა - ბურთი გაისწორა და ძლიერი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა ანგარიშის შეცვლას, მაგრამ საბოლოოდ "დინამომ" 3:2 იმარჯვა, გორის "დილას" მორიგი წაფორხილებითაც ისარგებლა და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
12.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
ზუგდიდი-დინამო (თბ) 2:3
გოლები: 0:1 არაბული (18. კიტეიშვილის პასით), 1:1 მალანია (31), 1:2 ჭელიძე (52. იაშვილის პასით), 2:2 შეველი (66. ჩანადირის პასით), 2:3 ჯიღაური (70)
ზუგდიდი: ჯომიდავა, მაჩაიძე, ჩუკურა, გაგოშიძე, ჩანადირი, ტყემალაძე, მალანია (58. ქირია), სიხარულია (69. ლაშხია), გ. სამუშია, კოვალენკო, ქობალია (60. შეველი).
სათადარიგოები: ზარქუა, თიბილაშვილი, ჩებოტაროვი, თუთბერიძე
მწვრთნელი: იური ბაკალოვი
დინამო: ბეგაშვილი, თევზაძე (57. გურული), ამისულაშვილი, გველესიანი, უ. ლობჟანიძე, ჭელიძე, ჯიღაური, კიტეიშვილი, არაბული (71. ჯანელიძე), იაშვილი (85. რენე ფერეირა), ქვილითაია.
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ბანძელაძე, ს. ლობჟანიძე, მიქელთაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: უ. ლობჟანიძე (26), თევზაძე (30), მაჩაიძე (51), ამისულაშვილი (55), შეველი (67), ქირია (90), კიტეიშვილი (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
XXI ტური
17 მარტი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-დილა
18 მარტი, პარასკევი
სამტრედია-ზუგდიდი
სიონი-საბურთალო
ცხინვალი-ტორპედო
ჩიხურა-დინამო (ბთ)
შუქურა-ლოკომოტივი
19 მარტი, შაბათი
საპოვნელა-კოლხეთი
გურია-მერანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სანამ რამეს დაწერ,....ჯერ დაააზუსტე რა იყო და როგრო იყო... ...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული