დილა-სამტრედია 1:2 - დაუკმაყოფილებელი პრესტიჟი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სატურნირო ცხრილის მეზობლებს შორის პრინციპულ დაპირისპირებას ინტრიგას ისიც მატებდა, რომ პირველ წრეში იმერლებმა შინ 5:0 იმარჯვეს და გორელებს სრულფასოვანი თუ არა, უბრალო რევანში მაინც სწყუროდათ, მაგრამ... "დილა" ამჯერადაც დამარცხდა. ოღონდ, ვფიქრობთ, სამტრედიელებმა გორულ მატჩში უკეთ ითამაშეს, ვიდრე დიდი ანგარიშით მოგებულ საშინაო შეხვედრაში.

ურიგოდ არც გორელები გარჯილან და საერთოდაც, ამ პაექრობით მაყურებელი უკმაყოფილო ვერ დარჩებოდა. ყველაზე ნაკლებად, ორივე გუნდის ფეხბურთელებს შემართება დაეწუნებოდათ, რაც მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ფიცხელ ბრძოლას განაპირობებდა.

თამაში დასაწყისიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო. მასპინძლები სწრაფ იერიშებზე აკეთებდნენ აქცენტს, ცდილობდნენ მოედნის
ცენტრის ასევე სწრაფად გადაკვეთას და პასის გაკეთებას ერთადერთი გამოკვეთილი თავდამსხმელის, ოთარ მარცვალაძის მისამართით.

ჭარბი ყურადღება ეთმობოდა უკანა ხაზს. ამასთან ერთად, ნახევარდაცვის ფლანგებზეც დაცვითი სტილის ფეხბურთელები (ღონღაძე, სამხარაძე) ირჯებოდნენ. "სამტრედია" მრავალფაზიან იერიშებს ანიჭებდა უპირატესობას, სტუმრები კი ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან ათამაშებდნენ და საშუალო დისტანციიდან დარტყმებითაც ამოწმებდნენ მეტოქე გუნდის გოლკიპერის მზადყოფნას.

"დილას" ჯერ კიდევ მე-14 წუთზე შეექმნა პრობლემა, როცა ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი ლექსო კვახაძე იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. დაცვის ცენტრში მისი პოზიცია და კაპიტნის სამკლავური შეცვლაზე შესულმა გიორგი ქარქუზაშვილმა ჩაიბარა.

მიუხედავად მაღალი ტემპისა, მწვავე მომენტები კარგახანს არცერთ კართან არ შექმნილა. პირველი რეალური ხიფათი 26-ე წუთზე ვნახეთ, როცა მარცვალაძემ ჩინებული სოლო-რეიდით სამი მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა და ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხას მცირედით გადასცდა.

სტუმრებმა კი ანგარიში ისეთ სიტუაციაში გახსნეს, როცა მიხეილ მუჯრიშვილის კარს, წესით, არაფერი უნდა დამუქრებოდა, მაგრამ ფლანგიდან მჭედლიშვილის მიერ კარის გასწვრივ გაკეთებულ დაბალ ჩაწოდებას მასპინძელი მცველების შეუთანხმებელი მოქმედება მოჰყვა და დავით ჯიქიას საშუალება მიეცა, ბურთი ბადეში შეეგორებინა - 0:1.

ამ გოლმა "დილა", თითქოს, დააბნია, "სამტრედიას" კი შესვენებამდე კიდევ ორჯერ შეეძლო ეხეირა, თუმცა ერთ ეპიზოდში თეიმურაზ მარკოზაშვილს მეკარემ ფეხით აუღო, ხოლო შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ და ჯიქიამ ერთმანეთს შეუშალეს ხელი და საგოლე მომენტი გოლად ვერ აქციეს.

შესვენების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა მეორე თავდამსხმელი დაამატა (ირაკლი მოდებაძე), გია ცეცაძემ კი პირიქით - დაცვა გააძლიერა (ნიკა სანდოხაძე). მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რასაც სტუმართა მხრიდან სივრცეების დათმობა მოჰყვა.

"სამტრედია" მთლიანად ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაერთო. თამაშის სადავეები გორელთა ხელში აღმოჩნდა და ომარ მიგინეიშვილის კართან მწვავე მომენტები გახშირდა. ერთ ეპიზოდში სტუმართა მეკარემ ღონღაძის მიერ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმული ეფექტური ნახტომით მოიგერია.

დასამახსოვრებელი იყო მარცვალაძის რამდენიმე კარგი გარღვევაც, მაგრამ ამ დროს მიგინეიშვილი საქმეში არ ჩართულა - დარტყმები უზუსტო გამოდგა. "დილას" ფორვარდმა ამ შეხვედრაში კვლავ დაამტკიცა, რომ ერთზე მეტი მეურვისთვის გვერდის ავლა კარგად გამოსდის.

მართალია, სტუმართა კონტრიერიშები ბოლოსკენ იშვიათობად იქცა, მაგრამ "ჩხვლეტებს" მაინც ახერხებდნენ. მაგალითად, 75-ე წუთზე მასპინძელი მცველების მორიგ შეუთანხმებლობას კინაღამ მეორე გოლი მოჰყვა - მოწინააღმდეგის "საჩუქრით" ვერ ისარგებლა ზივზივაძემ.

მატჩის მიწურულს "დილა" ვა-ბანკზე გადავიდა. 85-ე წუთზე, საჯარიმოში ღონღაძის წაქცევისთვის, გორელები მსაჯისგან პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ. არბიტრისგან კომპენსირებულ დროში კი "დილა" მთლიანად მეტოქის ნახევარზე გადავიდა და მოხდა ის, რასაც ასეთ დროს ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს გუნდი - მეურვეთაგან უყურადღებოდ დარჩა დავით რაჟამაშვილი და "სამტრედიაში" მოასპარეზე გორელმა ნახევარმცველმა მასპინძლების კარი მეორედ აიღო - 0:2.

მაგრამ ეს არ ყოფილა ამ მატჩის ბოლო გოლი - უკანასკნელ წუთზე მარცვალაძემ საშუალო დისტანციიდან პრესტიჟის გოლი გაიტანა, მაგრამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის პრესტიჟი ამ გოლით ვერ დაკმაყოფილდებოდა - 1:2.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
02.04. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-სამტრედია 1:2
გოლები: 0:1 ჯიქია (34), 0:2 რაჟამაშვილი (90+3), 1:2 მარცვალაძე (90+4)
დილა: მუჯრიშვილი, ხურცილავა, კვახაძე (14. ქარქუზაშვილი), ბაგაევი, კვირკველია, ღონღაძე, ძარია, წიქარიძე, სამხარაძე (75. საბაძე), ჩელებაძე (46. მოდებაძე), მარცვალაძე.
სათადარიგოები: ლეგაშვილი, ელიაური, ნონიკაშვილი, მაშუკოვი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, ცნობილაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი (64. სანდოხაძე), ენდელაძე, მარკოზაშვილი (81. სიხარულიძე), რაჟამაშვილი, ზივზივაძე, ჯიქია (70. იოსელიანი).
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, ცინცაძე, კერძევაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ღონღაძე (22), ჩელებაძე (38), მჭედლიშვილი (80), რაჟამაშვილი (86)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 12

მომდევნო, XXIII ტური
6 აპრილი, ოთხშაბათი
სიონი-ზუგდიდი
ჩიხურა-ცხინვალი
შუქურა-მერანი
სამტრედია-დინამო (ბთ)
ლოკომოტივი-კოლხეთი
საპოვნელა-საბურთალო
გურია-დილა
დინამო (თბ)-ტორპედო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სავარაუდოდ, დინამო მაგ დროისთვის უკვე ჩემპიონი იქნება, ამიტომ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ითამაშებენ და ალბათ მოიგებენ; თუ არა და სამტრედიაც არაა ნაკლები გუნდი, მართლაც კარგ ფეხბურთს თამაშობს. ასე, რომ გული არ დამწყდება არც ერთ შემთხვევაში.

levani kaxeti
00:40 05-04-2016
0
დარწმუნებული ვარ სამტრედა მოუგებს 30 აპრილს თბილისის დინამოს. ვეთანხმები დათოს უკვე მერამდენე შემთხვევაა მსაჯები დინამოს სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ ეს უკვე მეტისმეტია ის რომ დინამო ამხელა უპირატესობით იგებს ჩემპიონატს მსაჯების ,,დამახურებაა" არამგონია იგივე გაბედონ სამტრედიაში და თუ გაბედავენ პასუხსაც ადექვატურს მიიღებენ. ხო მანამდე ბათუმის დინამოს ჯერია.
f.c. samtredia
23:51 04-04-2016
0

სიახლეები პოპულარული