11:30 04-04-2016
ტორპედო-ჩიხურა 0:2 - დაბრუნება მარცხით [VIDEO]
AutoSharing Option
ნამატჩევს, გულშემატკივრების ნაწილმა გულისწყრომა ღიად გამოხატა და ტრიბუნებთან მისულ ფეხბურთელებს ქოქოლა დააყარა. "ტორპედო" თავიდანვე "დაღლილი გუნდის" შთაბეჭდილებას ტოვებდა, არადა, სანაკრებო თამაშების გამო ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება იყო და გუნდებს ამით კარგად უნდა ესარგებლათ...
საწყის წუთებში სტუმრებიც ფრთხილობდნენ, თუმცა შემდეგ მოედნის ცენტრში უპირატესობა მოიპოვეს და ტორპედოელებს საკუთარი თამაში მოახვიეს თავს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, იმერული დერბი "ჩიხურასთვის" გაცილებით მნიშვნელოვანი იყო - სოსო ფრუიძეს საპრიზო სამეული და ევროთასები ამოუჭრია გულში, ამისთვის კი, პირველ რიგში, ქუთაისში მოგება იყო აუცილებელი...
პირველ ტაიმში საჩხერელები უფრო მონდომებით თამაშობდნენ და მეტოქეზე მეტ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ. მათ ჯერ შორეული დარტყმებით სცადეს ქუთაისელთა დამწუხრება, მაგრამ ლაშა კუჭუხიძისა და კახაბერ კაკაშვილის მცდელობები უშედეგო გამოდგა. შემდეგ საჩხერელთა კუთხურს გიორგი განუგრავას სახიფათო დარტყმა მოჰყვა, თუმცა ბურთი სამიზნეს ისევ ასცდა.
ცოტა ხანში სტუმრებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ - თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველებისგან უყურადღებოდ მიტოვებული კუჭუხიძე შვიდიოდე მეტრიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ქუთაისელთა ბედად, ბურთი ხარიხას გადააცილა.
ფრუიძის შეგირდებს აქტიურობა 38-ე წუთზე დაუფასდათ - გიორგი კორიფაძემ საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის ნახევარზე გრძელი გადაცემა გააკეთა, აქ კი ერთ-ერთი ქუთაისელი მცველი, რომელიც მეკარესთვის თავით ბურთის დაგდებას ცდილობდა, შეცდა და დავით ვოლკოვი და კარიდან გამოსული როინ კვასხვაძე უშანსოდ დატოვა.
მეორე ტაიმში ვოლკოვმა დუბლი გაიფორმა, როცა მეგრელიშვილისა და კუჭუხიძის აქტიურობის შემდეგ სტუმართა შეტევა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.
იქამდე, ალექსანდრ შტელინმა ცვლილებებითა და გადაადგილებებით სცადა ქუთაისელთა თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა - ქუთაისელთა სათამაშო რგოლები ერთმანეთისგან მოწყვეტილი იყო.
მასპინძლებმა მხოლოდ მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან შეძლეს ვითარების გამწვავება. ქუთაისელთა რიგებში ნათელი წერტილი იყო თორნიკე კაპანაძე, რომელიც ერთ გოლს მაინც იმსახურებდა, მაგრამ საჩხერელთა ბოსნიელმა მეკარე დინო ჰამზიჩმა დიდებულად ითამაშა და კაპანაძის ორი ეფექტური დარტყმა მოიგერია, ერთ ეპიზოდში კი "ელვამ" მიზანი ვერ გაისწორა.
რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ მეორე გოლის შემდეგ დიდად არ გამოუდვიათ თავი, ბურთს ძირითადად მოედნის ცენტრში "ატრიალებდნენ" და ტემპის დაგდებას ცდილობდნენ.
ფრუიძის მიერ არჩეულმა პრაგმატულმა ტაქტიკამ გაამართლა და "ჩიხურამ" შინისკენ მეტად საჭირო 3 ქულით გასწია...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
02.04. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 ვოლკოვი (37), 0:2 ვოლკოვი (55. კუჭუხიძის პასით)
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნერგაძე (65. კვარაცხელია), მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი, კლიმიაშვილი (46. შინდაგორიძე), საღლიშვილი, კუხიანიძე, ტუღუში (46. ბაბუნაშვილი), კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ნიკონოვი, ბრეგვაძე, ფანცხავა
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, შ. კაშია, განუგრავა, მეგრელიშვილი, დობროვოლსკი (90. რეხვიაშვილი), თ. კირკიტაძე, კაკაშვილი, ჩიკვაიძე, ვოლკოვი (75. მუმლაძე), კუჭუხიძე.
სათადარიგოები: კუპატაძე, ჭანკოტაძე, ენუქიძე, დ. კირკიტაძე, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ბაბუნაშვილი (71), შინდაგორიძე (81)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 12
მომდევნო, XXIII ტური
6 აპრილი, ოთხშაბათი
სიონი-ზუგდიდი
ჩიხურა-ცხინვალი
შუქურა-მერანი
სამტრედია-დინამო (ბთ)
ლოკომოტივი-კოლხეთი
საპოვნელა-საბურთალო
გურია-დილა
დინამო (თბ)-ტორპედო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
04 აპრილი 2016 13:20
დინამოსტან არ ცავაგებტ.----------მაგ არაა პასუხი!!!
პასუხია - მ ო ვ ი გ ე ბ თ, და უნდა მოიგოთ, რადგან დინამოს მერე დინამოზე უარესი გელოდებათ სახლში - სამტრედია.
შტელინი შეეწირება ქართველი ფეხბურთელების უხიაგ და უპასუხისმგებლო საქციელებს.
ამათმა თუ ასე ითამაშეს თბილისში და სამტრედიასთან, მაშინ კიდევ 2 მარცხი გარანტირებული აქვთ
:D