მერანი-საპოვნელა 2:0 - ნიკა საბანაძემ "მერანი" გააჭენა

AutoSharing Option
მეზობლად მყოფ აუტსაიდერთა დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. "მერანს" ჩემპიონატში ზედიზედ 5 შეხვედრა ვერ მოეგო და მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში მარტვილური გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებოდა.

თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო "საპოვნელაშიც". ბოლო დროის ოთხმატჩიანმა წაუგებელმა სერიამ თერჯოლელებს გადარჩენის მცირეოდენი შანსი შეუნარჩუნა...

ზოგადად, მატჩი საგოლე თუ სახიფათო ეპიზოდებით დახუნძლული არ ყოფილა. სამაგიეროდ, ზემოხსენებული მძიმე სატურნირო მდგომარეობა აიძულებდა გუნდებს, ყრუ დაცვაში არ ჩამჯდარიყვნენ და მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის გამალებით ებრძოლათ. ეს კი, რასაკვირველია, მატჩს დაძაბულობასთან ერთად თავისებურ ელფერსაც სძენდა. ასე რომ, გუშინდელ პაექრობას
"უინტერესოს" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

შეხვედრა "მერანმა" უფრო აქტიურად დაიწყო. მასპინძლები ბურთს გაცილებით მეტად აკონტროლებდნენ და აქა-იქ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. სტუმრები კი თამაშს კონტრშეტევებზე აგებდნენ, ცდილობდნენ, მოედნის ნახევრის გადაკვეთისთანავე მასპინძლებისთვის სივრცეები მაქსიმალურად შეეზღუდათ. თუმცა, ამ ტაქტიკამ წარმატებით მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში იმუშავა...

შედეგზე ორიენტირებულ, პრაგმატულ პირველ ტაიმში რამდენიმე რეალურ ეპიზოდს თუ გამოვყოფთ, მაგალითად - საწყის წუთებში კიჭი მელიავას წაქცევისთვის დანიშნულ ჯარიმას, რომელიც შოთა ჯიქიამ სახიფათოდ შეასრულა, დამატებაზე კი ნიკა საბანაძეს მიზანმა უმტყუნა, ხოლო მოგვიანებით - სტუმრების მომენტს, როცა მამალაძისა და ორბელაძის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად ბურთი დავით ოდიკაძეს მიუვიდა და ამ უკანასკნელმა მოულოდნელი "საჩუქარი" ქარს გაატანა.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ სტუმართა დამრიგებელ მამუკა ხუნდაძეს მოკლე დროში ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - ჯერ გულუა იქნა შესაცვლელი, ცოტა ხანში კი მისი ბედი ბერუაშვილმა გაიზიარა.

მეორე ნახევარი სანახაობრივი თვალსაზრისითაც ბევრად უკეთესი გამოდგა. "მერანი" მწვავე იერიშებით გამოირჩა, რაშიც დიდი წვლილი შეცვლაზე შესულ ვანო ხაბელაშვილს მიუძღვის. ეს ახალგაზრდა გარემარბი, ტექნიკისა და სისწრაფის წყალობით, მოწინააღმდეგეს ბევრ თავსატეხს უჩენდა.

51-ე წუთზე "მერანის" ნიგერიელმა ლეგიონერმა ბენჟამინ ტეიდმა შორიდან დასცხო. სტუმართა მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, რასაც იქვე მყოფი საბანაძის გოლი მოჰყვა - 1:0.

დაწინაურებამ მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა. ისინი უფრო ლაღად ათამაშდნენ და თერჯოლელთა მეკარესაც უფრო მეტი საქმე გაუჩინეს. მაგალითად გამოდგება თუნდაც აკაკი წყაროზიას დარტყმა, რომელიც გამოცდილმა გიორგი სომხიშვილმა რის ვაი-ვაგლახით მოიგერია.

თუმცა ათიოდე წუთში, მორიგი იერიშისას, სომხიშვილიც უძლური აღმოჩნდა: ხაბელაშვილი ცრუ მოძრაობით გასცდა მეურვეს, ჩინებული გადაცემით მოძებნა საბანაძე, რომელმაც მოჭრილი და ზუსტი დარტყმით დუბლი გაიფორმა - 2:0.

ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და გუნდებმა მომენტები "გაცვალეს": ჩიკვილაძის "სტანდარტი" მამალაძემ კუთხურზე მოიგერია, ხოლო საბანაძის დარტყმულმა მიზანს ვერ უწია. იმავე საბანაძეს ჰეთ-თრიკის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა.

"მერანის" თითქმის ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშა, თუმცა განსაკუთრებით საბანაძისა და მელიავას გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბანაძე გუნდს მხსნელად მოევლინა - ორ გოლთან ერთად, მისი თამაშის მანერაც მაყურებლებში აშკარა სიმპათიებს იწვევს.

მოკლედ, "ექვსქულიანი" გამარჯვების მიუხედავად, მარტვილელებს დამშვიდებისა და თვითკმაყოფილების ფუფუნება, წესით, არ უნდა ჰქონდეთ, მით უფრო, რომ უშუალო კონკურენტებმაც გაიმარჯვეს.

"საპოვნელა" კი ამ წაგებით ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა და უკიდურესად გაირთულა მდგომარეობა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
10.04. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-საპოვნელა 2:0
გოლები: 1:0 საბანაძე (51), 2:0 საბანაძე (61. ხაბელაშვილის პასით)
მერანი: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე, ციმაკურიძე, ტეიდი (86. კიკნაველიძე), წყაროზია, ჯიქია (80. უგულავა), გოგუაძე (46. ხაბელაშვილი), ჩიმაკაძე, საბანაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, გეგია, შენგელია, აშორტია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
საპოვნელა: სომხიშვილი, ქათამაძე, ჭელიძე (65. ბუხაიძე), გულუა (19. ბანძელაძე), ჩიკვილაძე, დვალი, ბერუაშვილი (35. მიქაბერიძე), ბოლქვაძე, ზ. ენდელაძე, ოდიკაძე, მაკარიძე.
სათადარიგოები: გიორგაძე, მაჭავარიანი, ბიბილეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
გაფრთხილება: მელიავა (45)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

XXIV ტური
11 აპრილი
ფოთი. სარაგბო სტადიონი. 16:00
კოლხეთი-ჩიხურა

თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათად). 16:00
საბურთალო-ლოკომოტივი

XXV ტური
15 აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-მერანი

16 აპრილი, შაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დინამო (თბ)

17 აპრილი, კვირა
შუქურა-დილა
სამტრედია-ცხინვალი
საბურთალო-კოლხეთი
საპოვნელა-ზუგდიდი
გურია-ტორპედო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული