[ექსკლუზივი] ლევან კობიაშვილი: უმაღლესი ლიგიდან 2 გუნდი მაინც გავარდება

AutoSharing Option
"ლელომ" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკა - მიმდინარე ამბები, ფედერაციის სუბიექტები, ლიცენზირება, რამდენგუნდიანი იქნება უმაღლესი ლიგა, გარიგებული მატჩები, უეფაში კოსოვოს მიღებით წარმოქმნილი უხერხულობები და სხვა...

...რა გეგმები ჰქონდათ ან ჰქონდათ კი საერთოდ?
- ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ბოლო სხდომაზე ოთხ სუბიექტს ფედერაციის წევრობა შეუჩერდა. რეალურად რა იყო ამის მიზეზი?
- მხოლოდ ის, რაც ითქვა და მეტი არაფერი! ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ ინვალიდ-ამპუტანტთა ლიგამ არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარა. საფეხბურთო სკოლების, პლაჟის ფეხბურთისა და ეზოს ფეხბურთის ასოციაციების შემთხვევაში კი ასე
მოხდა: ფედერაციამ თითოეულ სუბიექტს და, მათ შორის, ამ სამ წევრსაც მიმართა, წერილობით წარმოედგინათ ინფორმაცია, რას საქმიანობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ და კონკრეტულად, რას აპირებდნენ.

მათ არანაირი აქტივობა არ ჰქონიათ და არავინ იცოდა, რა გეგმები ჰქონდათ ან ჰქონდათ კი საერთოდ?

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფედერაციის წერილებზე რეაგირებაც არ მოუხდენიათ, რაც, ელემენტარულად, უპატივცემულობაა. ამიტომაც შეუჩერდათ წევრობა.

მაგრამ სუბიექტების მიღება-გარიცხვაზე 28 ივნისს დაგეგმილ ყრილობაზე ვიმსჯელებთ. ამ ოთხ სუბიექტს აქვს დრო და საშუალება საიმისოდ, რომ ყრილობამდე ვითარება გამოასწოროს და ფედერაციის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

დაველოდოთ პროცესის დასრულებას
- ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებიდან ცნობილი გახდა, რომ პირველი ლიგის კლუბებიდან ლიცენზია ერთმაც კი ვერ მიიღო. ანუ რა გამოდის - გარდამავალ ჩემპიონატში 14 გუნდი იქნება უმაღლეს ლიგაში?
- დებულებაში წერია, რომ უმაღლეს ლიგაში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ ვარდება. არ აქვს მნიშვნელობა, პირველი ლიგიდან ლიცენზიას ვინ მიიღებს და ვინ - ვერა. 2 გუნდი მაინც გავარდება. ანუ სპორტული პრინციპი და დებულება არ დაირღვევა. ეს პრინციპული საკითხია.

- პარალელურად, ისმის ხმები, რომ "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ერთი პუნქტი ვერ შეასრულა და, შესაძლოა, მისმა აპელაციამ შედეგი გამოიღოს. აღმოჩნდა, რომ გუნდს მხოლოდ ერთი გასახდელის მოწყობა სჭირდება...
- ამ საკითხზე ლიცენზირების კომიტეტში იმსჯელეს და ბუნებრივია, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი პუნქტია დარღვეული თუ ათი. აპელაციისთვის შესაბამისი ორგანო არსებობს და კლუბებმა თავიანთი უფლებები იქ უნდა დაიცვან...

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი გუნდი ითამაშებს უმაღლეს ლიგაში, ამაზე ლაპარაკი ახლა ნაადრევია, რადგან ჯერ ლიცენზირების პროცესი არ დასრულებულა. აპელაციის მიღებისა და განხილვის ვადა 31 მაისამდეა და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.

ადრე ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ...
- გარიგებული მატჩების თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში, ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შეახსენა. მეორე დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც შსს-ს წარმომადგენელიც ესწრებოდა. ფედერაციაში "სპორტული სამართლიანობის ჯგუფს" კი წესიერებით ცნობილი ჟურნალისტი ვახტანგ ბზიკაძე ჩაუდგა სათავეში, რომელიც, თავის დროზე, სწორედ ასეთ მატჩებს ებრძოდა. შემთხვევით არაფერი ხდება. დიდ გაცხრილვას უნდა ველოდოთ?
- მოდი, ასე ვთქვათ: არ მსურს, რომ საქმე ვინმეს დაჭერამდე მივიდეს. ეს, უპირველესად, ისევ ფეხბურთის ინტერესშია. მაგრამ სპორტული სამართლიანობის ჯგუფი იმიტომაც შეიქმნა, რომ პრობლემები რეალურად არსებობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმიც ამიტომ გავაფორმეთ და მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

ადრე ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, მაგრამ მემორანდუმი არ არსებობდა. არსებულ ინფორმაციებს ფედერაციაშიც ვაანალიზებთ. ამაში მემორანდუმიც გვეხმარება. პლუს, უეფა რეპორტებს გზავნის, ფედერაციის წარმომადგენლები ყველა ლიგაში ვესწრებით თამაშებს, რადგან გვსურს, საეჭვო მატჩების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი აქტიურობით ეს შესაძლებელი გახდება. ამას ემსახურება ჩემპიონატის ფორმატის შეცვლაც. როცა ყველა თამაშს მნიშვნელობა აქვს, ქულას კი - თავისი ფასი, ეს რისკებსაც ამცირებს და გარკვეული ადამიანების ზრახვებსაც ანეიტრალებს.

ფეხბურთია და ყველგან რაღაც ხდება ან ჭორები გორდება, მაგრამ ფაქტები თუ გამოვლინდება, მას აუცილებლად გავასაჯაროებთ.

კოსოვოზე კითხვები ჩვენც გაგვიჩნდა
- ცნობილია, რომ უეფას კონგრესზე ორგანიზაციაში კოსოვოს გაწევრიანებას შეეწინააღმდეგეთ. ამავე პოზიციაზე კიდევ 23 ევროპული ქვეყანაა. რა მოხდება, ერთ ჯგუფში თუ მოვხვდებით ან ევროთასებზე ქართულ გუნდს კოსოვოელებს დაუწყვილებენ? ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს?
- დიახ, კოსოვო უეფაში მიიღეს და მალე მისი გაწევრიანების საკითხს ფიფაც განიხილავს. ამასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს და მთლიანობაში ამ საკითხზე უეფას ოჯახში მზაობაც არ იყო.

ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს და იმედია, უეფა და ფიფა ამ კითხვებზე პასუხს გასცემენ. იმიტომ, რომ კოსოვოს უეფას წევრი 24 ქვეყანა არ აღიარებს და რა კითხვებიც საზოგადოებაში გაჩნდა, ამაზე პასუხი ჩვენც გვაინტერესებს.

სპონსორებთან მოლაპარაკებაზე
- სპონსორებზეც გკითხავთ. "ვითიბი ბანკთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ სიახლე თუ არის?
- მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგალითად, ჩემპიონატის სახელთან დაკავშირებით.

- ანუ ჩემპიონატს სპონსორის სახელი რომ დაერქვას?
- ყველაფერი შესაძლებელია. სპონსორებისთვის რამდენიმე ვარიანტი შევიმუშავეთ და ვფიქრობ, ამ კუთხით საინტერესო სიახლე და წინსვლა გველის.

მოყვარულთა ლიგა
- აქამდე საქართველოში სულ სამი ლიგა არსებობდა. ახლა მეოთხე, სამოყვარულო ლიგა ჩამოყალიბდა, რაც მასობრიობისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მოულოდნელი ის იყო, რომ მას ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდი აფინანსებს...
- დიახ, ასეა, რადგან ქვეყანაში ფეხბურთი მასობრიობის გარეშე ვერ განვითარდება, მოყვარულთა ჩემპიონატი კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვან ტურნირად მიაჩნია...

სხვათა შორის, ეს არის მესამე ჩემპიონატი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ დავიწყეთ. ფუტსალის ჩემპიონატი უკვე კარგა ხანია ტარდება, მაგრამ ფედერაციაში ჩვენი გუნდის მოსვლის დროს ჩემპიონატი ჩაშლილი იყო...

მეორეა ქალთა საქართველოს ჩემპიონატი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ქართული ფეხბურთის არეალი გაიზრდება და იმითიც, რომ საქართველოში ოთხი საფეხბურთო ლიგა არასოდეს ყოფილა. არადა, პირველივე ეტაპზე, თბილისში 16 სამოყვარულო გუნდი ჩამოყალიბდა, დიდი მოთხოვნაა რეგიონებშიც და ეს ძალიან მახარებს. ამიტომ მალე სამოყვარულო ფეხბურთში რეგიონებიც ჩაერთვებიან.

- როცა ტურნირი იწყებოდა, არავინ იცოდა, რომ მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული ევროპის რეგიონთა თასზე ითამაშებს...
- ვის უნდა ეთამაშა, როცა საქართველოში მსგავსი ჩემპიონატი არასოდეს ჩატარებულა?! მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ინტერესიც არ არსებობდა და იმ გამონაკლის ევროპულ ქვეყნებს შორის ვართ, რომლებიც რეგიონთა თასის მიღმა არიან დარჩენილები. ეს ძალიან ცუდია! არადა, ბევრი ადამიანია, რომელსაც დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ ამაზე ოცნებობს და ამ დონეზე მაინც შეუძლია, რომ თავისი ქვეყნის ღირსება დაიცვას და თავი გამოიჩინოს.

გარდა ამისა, არიან ახალგაზრდები, რომლებიც საფეხბურთო სკოლის შემდეგ ვერსად თამაშობენ და არის შანსი, რომ ამ ჩემპიონატში გამოსვლით სელექციონერებმა შენიშნონ და პროფესიულ გუნდებში აიყვანონ. სხვა თუ არაფერი, ეს ხალხი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარია.

მოკლედ, ეს ტურნირი ბევრი კუთხითაა საინტერესო. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია და სამოყვარულო ლიგაც დასახვეწია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ მასში მეტი ადამიანი ჩავრთოთ და საამისოდ, ფეხბურთის ფედერაცია მეტ ფინანსებს გაიღებს.

- ერთ-ერთ გუნდში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამაც ითამაშა. თქვენ არ გაქვთ თამაშის სურვილი?
- სურვილი როგორ არ მაქვს, მაგრამ ბიზნესლიგაში ვთამაშობ და ელემენტარულად, დროც არ მრჩება საამისოდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მასობრიობა ქმნის პრობლებას.. თუ ჩვენ გვინდა შედეგს მივაღწიოთ სწრაფად, საჭიროა შეძლებული გუნდების არსებობა მხოლოდ... თუ დაველოდებით ბევრ ინვესტორს, ახალი სტადიონების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ეს დროს წაიღებს, თუ გადავხედავთ ბავშვთა ფეხბურთს ვნახავთ ერთ მოედანზე 4 გუნდის ვარჯიშს ერთი და იგივე დროს.. ამ დროს წარმოუდგენელია ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის სწორად გაზრდა- ჩამოყალიბება. როდესაც საფეხბურთო სკოლას შეუძლია სიტყვაზე 100 ბავშვის შენახვა, იქ 500 არ უნდაა მიიღონ.. მასობრიობაზე აცენტი უნდა გაკეტდეს მხოლოდ მაშინ როდესაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება და ახალი სკოლები გაიხსნება. ფედერაციამ უნდა იმოქმედოს პრინციპით ,,უნიჭო'' ფეხბურთელი აფერხებს ნიჭიერის განვითარებას. სწორი სელექცია, შერჩევა და გუნდში ნიჭიერი ფეხბურთელების თAვმოყრა ადრეული ასაკიდან.
irakli
24 მაისი 2016 18:49
0
მთელ ქართულ ფეხბურთში, მათ შორის უმაღლეს ლიგაში ჩაწყობილმა თამაშებმა წალეკეს სპორტული მხარე: მიცემა პირდაპირ, ან მეშვეობით, შარშანდელი ვალი ... ბათუმი მარტვილს აბრალებს მის შარშანწინდელ გავარდნას და ახლა მის გასავარდნად არიგებს ქულებს ... წელს ერთს არ სჭირდება ქულები და აძლევს სხვას, გაისად ჩასესხების ანგარიშში ...
ტოტალიზატორი კიდევ სულ სხვა თავის ტკივილია... და ამ დროს თქმა, რომ არ უნდა ვინმეს დაჭერამდე მივიდეს საქმე, ძალიან დილეტანტურია!
+_)+_
11 მაისი 2016 09:08
0
ლიახვმა სიაბანდათ გააფორმა ხალხი არა რომ ლიცენზია ვითომ მოეგვარებინა
dato
11 მაისი 2016 07:30
0
რა უნდა ლისხვს უმაგლეში სიაბანდათ გააფორმეს ხალხი
gio
11 მაისი 2016 07:28
0
ყველაზე მთავარი ახლა ზესტაფონის საკითხია.მანდ გამოჩნდება ქართული ფეხბურთის უკეთესობისა და სიმართლისთვის იბრძოდით თუ სკამისთვის
1
10 მაისი 2016 23:55
0
ზესტაფონზე რატო არაფერს ეკითხებით?
გუგა
10 მაისი 2016 23:40
0
ლაპარაკი ლაპარაკი და ახლა ლაპარაკიც კი შეზღუდული,ანუ ზოგიერთ საკითხებზე აღარც ლაპარაკობენ.საქმეს არ აკეთებენ ,უსამართლოდ გაგდებულ ზესტაფონზე ხმას არ იღებენ...
dato
10 მაისი 2016 22:04
0
ზესტაფონზე რა ისმის
l olz
10 მაისი 2016 19:17
0
მდაა. სრული იგნორი ზესტაფონის საკითხზე. არც ჟურნალისტი კითხულობს რამეს, კობიაშვილიც არ ეხება ამ საკითხს. სამწუხაროა...
elguja
10 მაისი 2016 17:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული