უმაღლესი ლიგა. XXIX ტურის წინ: დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია...

AutoSharing Option
...ჩემპიონი უკვე გამოვლინდა, პრიზიორებიც ცნობილია, რაღა დარჩა? მხოლოდ ორი ინტრიგა - რომელი გუნდი დაიკავებს მეოთხე ადგილს და რომელი გუნდები დატოვებენ უმაღლეს ლიგას...

მოდი, ჯერ მეოთხე ადგილის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ და კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ "ლელოს" მკითხველს, რომ "სამტრედიასა" და "დილას" გარდა, ევროპალიგის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოდან კიდევ ერთი გუნდი იასპარეზებს. "ჩიხურა" ან "სიონი" - აი, ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მიიღებს ევროტურნირების საგზურს, თუმცა ყველაფერს მომავალ კვირაში (18 მაისს) ჩასატარებელი თასის ფინალი გადაწყვეტს.

ანუ ისე, როგორც შარშან, თასის ფინალისტობა ევროტურნირებზე გამოსვლის გარანტია ვერც
წლეულს იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "სიონმა" თუ სეზონი V ადგილზე დაასრულა, მაშინ მხოლოდ თასის ფინალში გამარჯვება მოუტანს ევროპალიგის საგზურს, ფინალში თბილისის "დინამოს" მოგების შემთხვევაში კი წლევანდელ ევროტურნირებზე "ჩიხურას" ვიხილავთ, რომელსაც მეოთხე ადგილის დაკავების მშვენიერი შანსი აქვს.

უფრო ზუსტად, საჩხერელთა გუნდს ამ ამოცანის გადაჭრა ამ ტურშიც შეუძლია: სატურნირო თვალსაზრისით ყოვლად უმოტივაციო "შუქურასთან" გამარჯვების შემთხვევაში! თუმცა, შესაძლოა, არც დასჭირდეს ეს 3 ქულა IV ადგილის გასანაღდებლად და მერე უკვე თასის ფინალში თბილისის "დინამოს" საქომაგოდ "შესამზადებლად": ამ ტურში ბოლნისური მატჩით ხომ თასის ფინალის "რეპეტიცია" გველოდება!

"სიონი"-"დინამოს" საჩემპიონატო დაპირისპირებაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, ისე, როგორც კიდევ ერთ შემორჩენილ ინტრიგაზე, უფრო ზუსტად, უმთავრეს "საინტრიგო ზონაზე", სადაც ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 5 გუნდი იმყოფება და აქედან ორი - მომავალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს.

ჰო, ეს გადაწყვეტილი ამბავია და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2015/16 წლების საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტით ვხელმძღვანელობთ, სადაც გარკვევით წერია, რომ უმაღლეს ლიგაში XV და XVI ადგილებზე გასული გუნდები მომავალ სეზონში პირველ ლიგაში გადაინაცვლებენ.

კი ბატონო, ბოლო წლებში, რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა გვახსოვს, როცა სეზონის დასრულების შემდეგ თუ უშუალოდ სეზონის მსვლელობისას (!) ჩემპიონატის რეგლამენტი უხეშად ირღვეოდა. მართლაც ასე იყო: ხან - პოლიტიკურიო, ხან - გეოგრაფიულიო, ხან - მასობრიობაო, ხან კიდევ "სხვა" მიზეზით, "საფეხბურთო ამნისტია" ცხადდებოდა ხოლმე და ამა თუ იმ გუნდს ქვედა ლიგაში დასაქვეითებლად ვერ (ან - არ) იმეტებდნენ.

თუმცა, იმედიც გვაქვს და რატომღაც, დარწმუნებულნიც ვართ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა თავისი მოღვაწეობის პირველსავე სეზონში მკაცრად დაიცავს ჩემპიონატის რეგლამენტს...

ახლა კი დაპირებულ "ფინალის რეპეტიციაზეც", სადაც მასპინძლებს გარკვეული მოტივაცია მაინც უნდა ჰქონდეთ: არმაზ ჯელაძის გუნდმა დასკვნით ორივე შეხვედრაში უნდა გაიმარჯვოს და ამის პარალელურად, "ჩიხურამ"... ორ ქულაზე მეტი არ უნდა აიღოს!

თუ მოვლენები ასე განვითარდა, მაშინ IV ადგილზე "სიონი" გავა და თასის ფინალის შედეგის მიუხედავად, ევროპალიგის საგზურსაც მიიღებს. თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ თასის ფინალის შემდეგ კიდევ ერთი ტურია ჩასატარებელი და ბოლნისელთა კონკურენტ "ჩიხურას" ბოლო ტურში საშინაო მატჩი ელოდება "საპოვნელასთან".

მოკლედ, "სიონისა" და "დინამოს" ამ დაპირისპირებას საკმარისზე მეტი ინტრიგა უნდა ჰქონდეს და ისიც საინტერესო იქნება, ორივე გუნდის თავკაცები რა ტაქტიკურ ხრიკებს მიმართავენ - ოთხ დღეში ხომ იგივე გუნდები ამჯერად უკვე თასის ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

რახან ურთიერთდაპირისპირებები ვახსენეთ, ბარემ "დინამოს" საგრძნობ უპირატესობაზეც ვთქვათ, თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ბოლო ორ წელიწადში "სიონმა" 3 მატჩი მოუგო ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს და სამივე შემთხვევაში ბოლნისურ კლუბს ლადო ბურდული მოძღვრავდა, დღესდღეობით კლუბის დირექტორი რომ გახლავთ.

კიდევ ერთ ფაქტზე გვინდა ყურადღების გამახვილება: ბოლო ერთი თვის განმავლობაში "დინამოს" ძირითადი შემადგენლობა, თითქმის ყველა მატჩში, საგრძნობლად იცვლებოდა. ამის მიზეზი, რაღა თქმა უნდა, "სტრატეგიული გათვლებიც" იყო (არასდროს და არავისთვის არ არის ადვილი დროის მოკლე შუალედში ერთსა და იმავე მეტოქესთან თასზე თუ ჩემპიონატში დაპირისპირება) და ჩემპიონი გუნდისთვის "უჩვეულოდ" ბევრი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელიც.

"დინამო" ახლაც სერიოზული საკადრო პრობლემებით უნდა ესტუმროს ბოლნისს და გუნდის სლოვაკ დამრიგებელ იურაი იარაბეკს ამჯერადაც ექსპერიმენტების ჩატარება მოუწევს...

აქვე, ერთი განმარტებაც - როგორც წესი, ჩემპიონატის დასკვნითი ორი ტურის მატჩები ერთსა და იმავე დღესა და ერთსა და იმავე დროს უნდა გაიმართოს. თუმცა, "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" შეხვედრა ერთი დღით ადრე იქნება, რადგანაც კალენდრით გათვალისწინებული ორი მატჩის ("ლოკომოტივი"-"ტორპედო", "საბურთალო"-"დინამო", ბთ) გვერდიგვერდ სტადიონებზე ჩატარებაც, ცოტა არ იყოს, ულამაზო იქნებოდა და, ამას გარდა, სპორტის სხვა სახეობის ინტერესებიც ხომ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული - საქმე ისაა, რომ 15 მაისს რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის დიდი ფინალია, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის არენამ უნდა უმასპინძლოს და წინა დღეს რომ საფეხბურთო მატჩი გამართულიყო, იქნებ მოედნის საფარი "შელახულიყო"?..

...როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავარდნა ხუთ გუნდს ემუქრება, თუმცა, ცხრილიდანაც ჩანს, რომ "ლოკომოტივსა" და "გურიას" ბევრად უკეთესი შანსები აქვთ - დარჩენილ ორ ტურში ორი ქულა სჭირდებათ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში უმთავრესი პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებია და ბოლო ტურის კალენდართან ერთად, გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა შედეგებსაც გაეცნობით.

ჰოდა, დასკვნები თვითონ გამოიტანეთ, რომელ გუნდს რა შანსი დარჩა...

უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
13.05. თბილისი. "მიხეილ მესხი". 17:00
ლოკომოტივი-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
27: +7 =7 -13, 21-33
დისკვალიფიკაცია: დავით უბილავა ("ლოკომოტივი") - ბაქარ მირცხულავა ("ტორპედო")
პირველი წრე 0:2

14.05. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 17:00
გურია-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
22: +7 =2 -13, 36-54
დისკვალიფიკაცია: თორნიკე მოსიაშვილი ("გურია") - გიორგი ახალაძე ("სამტრედია")
პირველი წრე 1:3

14.05. ზემო ეწერი. 17:00
ზუგდიდი-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
13: +4=4 -5, 13-12
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ქობალია, ლევან წურწუმია (ორივე - "ზუგდიდი") - ომარ გოგონაია ("კოლხეთი")
პირველი წრე 0:0

14.05. ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
შუქურა-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 3:2
პირველი წრე 0:1

14.05. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 17:00
სიონი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
55: +7 =3 -45, 27-137
დისკვალიფიკაცია: გიული მანჯგალაძე, გიორგი ვასაძე (ორივე - "სიონი") - ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კაკაბაძე, ნიკოლოზ გელაშვილი (ყველა - "დინამო", თბ)
პირველი წრე 2:5

14.05. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 17:00 (უმაყურებლოდ)
საპოვნელა-ცხინვალი
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 0-3
დისკვალიფიკაცია: უშანგი ბანძელაძე, დავით ბერუაშვილი, დავით ბოლქვაძე (ყველა - "საპოვნელა")
პირველი წრე 0:3

14.05. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 17:00
მერანი-დილა
ურთიერთშეხვედრები
13: +1=2 -10, 12-29
დისკვალიფიკაცია: სერგი ორბელაძე, გიორგი ციმაკურიძე (ორივე - "მერანი")
პირველი წრე 0:2

14.05. თბილისი. "მიხეილ მესხი". 17:00
საბურთალო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
1: +0=0 -1, 1-2
დისკვალიფიკაცია: გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო")
პირველი წრე 1:2

გასავარდნი ზონა
ურთიერთშეხვედრები
ლოკომოტივი-გურია 3:0, 0:0
ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0, 1:1
ლოკომოტივი-მერანი 3;0, 1:1
ლოკომოტივი-საპოვნელა 1:2, 0:0
გურია-ზუგდიდი 2:0, 2:3
გურია-მერანი 0:2, 0:0
გურია-საპოვნელა 3:0, 2:0
ზუგდიდი-მერანი 0:0, 3:0
ზუგდიდი-საპოვნელა 2:1, 2:2
მერანი-საპოვნელა 1:2, 2:0

ბოლო ტური
22 მაისი
დინამო (თბ)-შუქურა
სამტრედია-სიონი
დილა-ზუგდიდი
ჩიხურა-საპოვნელა
ცხინვალი-ლოკომოტივი
კოლხეთი-გურია
ტორპედო-საბურთალო
დინამო (ბთ)-მერანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს მიმაჩნია, რომ თასისი ფინალი უნდა ინიშნებოდეს მხოლოდ ნეიტრალურ მოედანზე.
gizog
16:18 13-05-2016
0
წარმატებებს ვუსურვებ ქართულ გუნდებს ევრო თასებზე. დროა ჩვენი თავის ვირწმუნოთ და გავაკეთოდ ის რის პოტენციალიც გვაქვს.
gizog
16:16 13-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული