მერანი-დილა 3:2 - მარტვილი "დილას" ქომაგობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ისე განვითარდა მოვლენები, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ერთბაშად 5 გუნდს აქვს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი ან პირიქით - გავარდნის საფრთხე.

"შოკური თერაპია" ჩვენს ჩემპიონატში, განსაკუთრებით კი ბოლო ტურებში, არც პანაცეაა და არც რაიმე სიახლე. ეს, ფაქტობრივად, "დაკანონებული" რეალობაა, რომელიც კარგა ხანია ტრადიციად ჩამოყალიბდა. ისიც გვესმის, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფინიშის სწორზე დუღილის ტემპერატურა მაღალია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ გა
დამწყვეტ ტურში გუნდები "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს უერთგულებენ და მხოლოდ უშეღავათო ბრძოლაში დაიბევებენ ადგილს საუკეთესოთა მარაქაში.

"მერანისა" და "დილას" მატჩს გარკვეული ინტრიგა ორივე გუნდისთვის ჰქონდა - მართალია, გორელებმა ევროპალიგის საგზური უკვე გაინაღდეს, თუმცა მათ ამოცანას მეორე ადგილზე გასვლა წარმოადგენდა. აი, მარტვილელთა მდგომარეობა კი წინა ტურში "ზუგდიდთან" მარცხმა ძალიან დაამძიმა და მათთვის კიდევ ერთი წაფორხილება თეორიული შანსის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა.

ამიტომაც იყო, რომ მასპინძლები მოედანზე ზემოტივირებულები გავიდნენ და საწყის წუთებში ორი ერთმანეთზე მწვავე მომენტი შექმნეს მეტოქის კართან. ჯერ მელიავა-ტეიდი-უგულავას კომბინაციის შემდეგ, ხუთიოდე მეტრიდან მერანელთა ნიგერიელ ლეგიონერს მართებდა გატანა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა; მოგვიანებით კი კიჭი მელიავას ზუსტი გადაცემით ჯაბა უგულავა გადიოდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა დასწრებაზე ჩინებულად ითამაშა დავით ლეგაშვილმა და ხიფათი განმუხტა.

მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც მოახერხეს: აქტიური ბენჯამინ ტეიდის მიერ წამოწყებული შეტევა შოთა ჯიქიას შესანიშნავი გადაცემითა და უგულავას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა - 1:0.

ფრთაშესხმული მერანელები აქტიურად განაგრძობდნენ იერიშებს. თუ მარტვილელთა მარცხენა მცველი გიორგი გეგია ძირითადად საკუთარი საჯარიმოს მისადგომების უსაფრთხოებით იყო დაკავებული, მარჯვენა მცველი მელიავა თითქმის ყველა იერიშის ორგანიზატორად გვევლინებოდა. სწორედ მის გამოზომილ პასს მოჰყვა სტუმართა საჯარიმოში უგულავასა და ბაგაევის ორთაბრძოლა, როცა არბიტრმა დამნაშავედ ეს უკანასკნელი მიიჩნია. 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა ვანო ხაბელაშვილმა - 2:0.

ტაიმის ბოლომდე, თუ სტუმართა შემტევ ლევან ნონიკაშვილის სახიფათო დარტყმას (მცირე მანძილით ასცდა "მერანის" კარს) არ ჩავთვლით, დასამახსოვრებელი არც არაფერი მომხდარა. აი, ზედ 45-ე წუთზე კი თემურ ღონღაძემ მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში სახიფათოდ ჩაჰკიდა, რასაც მცველის შეცდომა მოჰყვა, გამოვარდნილ ბურთზე კი ყველას ირაკლი ძარიამ დაასწრო და ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა - 2:1.

შესვენების შემდეგ მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. პირველ ეპიზოდში სტუმრებს მიეცათ რეალური შანსი - ღონღაძის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე კი გიორგი თექთურმანიძეს გატანა არ გასჭირვებია, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

იქვე, მასპინძლებმაც ვერ იხეირეს - მრავალსვლიანი კომბინაციის დაგვირგვინება მოედანზე ახალშესულ ნიკა საბანაძეს მართებდა, თუმცა მისი თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მარტვილელთათვის მძიმე გამოდგა 72-ე წუთი, როცა ღონღაძემ გამჭოლი გადაცემა გაუკეთა გოგა ფალავანდიშვილს, რომელმაც ერთი მოძრაობით რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა, მეკარესთან მარტო დარჩენილს კი გატანა არ გასჭირვებია - 2:2.

ბოლოსკენ მასპინძლებს სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა ვა-ბანკზე წასვლა. ისინი მთელი ძალებით მოწინააღმდეგის ნახევარზე გადავიდნენ, იბრძოლეს და გაუმართლათ კიდეც - არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა შოთა ჯიქიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

ამ მოგებით "მერანმა" უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა. იმისთვის, რომ მათ კონკურენტებს გაუსწრონ და მინიმუმ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვონ, აუცილებელია, სტუმრად ბათუმის "დინამო" დაამარცხონ.

პარალელურად კი, "დილას" "ზუგდიდთან" შეხვედრაში გულმხურვალედ უნდა უქომაგონ.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
14.05. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-დილა 3:2
გოლები: 1:0 უგულავა (13. შ. ჯიქიას პასით), 2:0 ხაბელაშვილი (16-პენ), 2:1 ძარია (45+2), 2:2 ფალავანდიშვილი (71. თ. ღონღაძის პასით), 3:2 შ. ჯიქია (90+4)
მერანი: მამალაძე, მელიავა, გიორგაძე, ი. ციცხვაია, გეგია, წყაროზია (25. შენგელია), ტეიდი, გოგუაძე, ხაბელაშვილი (77. კიკნაველიძე), შ. ჯიქია, უგულავა (54. საბანაძე).
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, რუხაია, ჯღამაია, ჩუბითიძე
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
დილა: ლეგაშვილი, თ. ღონღაძე, ბაგაევი, სამხარაძე, კვირკველია, ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი, თექთურმანიძე (66. მოდებაძე), ძარია (71. საბაძე), მაშუკოვი (81. გამცემლიძე), მარცვალაძე.
სათადარიგოები: მარიამიძე, ოქროპირიძე, ელიაური, ლომიძე
მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი
გაფრთხილება: შ. ჯიქია (24), თ.ღონღაძე (48), საბანაძე (67), მელიავა (70)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 17
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13.

ბოლო ტური
22 მაისი, კვირა
ტორპედო-საბურთალო
დილა-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-მერანი
სამტრედია-სიონი
დინამო (თბ)-შუქურა
კოლხეთი -გურია
ცხინვალი-ლოკომოტივი
ჩიხურა-საპოვნელა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Dila sad dainaxe dawolili jigaro, an kide dawolili ara magram bevrjer gupatiurebis mcdeloba qonda dinamos gundebis rac gamouvita penlebit, da kide , 2 jer ar daawvina dilam dinamo?
Korka
14:05 18-05-2016
0
სად არიან გორელი გულშემატკივრები, დინამოს რომ ლანძღავენ და დილას პატიოსნებაზე დებენ თავს?.. კი იყო რამდენიმე ეპიზოდი ამ ჩემპიონატში როცა მსაჯებმა დინამოს სასარგებლოდ ჩაბერეს საკამათო სიტუაციებში (თუმცა დინამო წელს მაინც ჩემპინი იყო და ნუ შემედავებით ამაზე), მარა ვინმესთან ,,დაწოლილი" დინამო გინახავთ?
FC.Din
15:56 16-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული