საქართველოს ჩემპიონატი: დამთავრდა, მაგრამ... გრძელდება

AutoSharing Option
ესეც ასე, საქართველოს XXVII ჩემპიონატი დამთავრდა! ჰო, დამთავრდა, მაგრამ... გრძელდება: 29 მაისს ხომ პლეი ოფის მატჩია, რომელშიც ერთმანეთს "ზუგდიდი" და ხობის "კოლხეთი" შეხვდებიან.

მოგეხსენებათ, 2015/16 წლების სეზონის რეგლამენტის მიხედვით, უმაღლეს ლიგაში XVI ადგილზე გასული გუნდი ერთმატჩიან პლეი ოფში უნდა დაუპირისპირდეს პირველ ლიგაში მესამე ადგილზე გასულ გუნდს. ანუ, ერთი მხრივ, მართლაც მისასალმებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წინამორბედთა შეცდომებს აღარ იმეორებს და ჩემპიონატის რეგლამენტს მკაცრად იცავს...

თუმცა, არის მეორე მხარეც, რაც უცნაურ სიტუაციას ქმნის - პირველი ლიგის მესამეადგილოსან ხობის "კოლხეთს" უმაღლეს ლიგაში
ასპარეზობისთვის საჭირო ლიცენზია არა აქვს და პლეი ოფის მატჩი რომც მოიგოს, უმაღლეს ლიგაში მაინც ვერ აღზევდება.

წაგების შემთხვევაში კი ვერც "ზუგდიდი" შეინარჩუნებს ადგილს უმაღლეს ლიგაში და, აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, უცნაური მატჩი გველოდება. მეტოქისგან განსხვავებით, "კოლხეთისთვის" ხომ სულ ერთი უნდა იყოს, მოიგებს თუ წააგებს ამ პლეი ოფს?..

ეს კი არა, ნუ გამოვრიცხავთ კიდევ ერთ "მოსალოდნელ" უცნაურობასაც: ვთქვათ, უმოტივაციო "კოლხეთმა" შეძლო და დაამარცხა "ზუგდიდი", ამას გარდა, პირველი ლიგის ორ გამარჯვებულს (ცხინვალის "ლიახვი" და "ვიტ ჯორჯია") საბოლოო ინსტანციამაც (საფეხბურთო ტრიბუნალი) რომ უარი უთხრას უმაღლეს ლიგაში დაშვებაზე, მაშინ რა გამოდის? მომავალი (ანუ გარდამავალი) ჩემპიონატი 13-გუნდიანი უნდა იყოს?

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, 29 მაისსა და პლეი ოფის მატჩს დაველოდოთ, რის შემდეგაც უკვე მართლაც შეგვეძლება იმის თქმა, რომ XXVII ჩემპიონატი დამთავრდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული